სილვია პლათი – სარკე და სხვა ლექსები

1369266189128.cached

ბაყაყების შემოდგომა

ზაფხული უკვე ბერდება, დედა,
მწერიც გახდა და დაყარა ხორცი,
ამ ჭანჭყს და ჭაობს მარტოდენ ჩვენი
შერჩა ყიყინი და ცივი ლორწო.

შემოეპარათ დღეებს ძილქუში,
გათავდა მუმლის შრიალა თქორი,
მზე გამხმარ ლერწმებს ვეღარ ახურებს
და დასნეულდა პატარა ტბორი.

დაღოღავს ყინვის ობობა ხავსზე,
სიუხვისა და ბარაქის სული
სხვაგან დასახლდა და სანთელივით
ჩამოდნა ჩვენი საწყალი ხალხი.

 

სარკე

პირდაპირი ვარ, თავს არ ვიწუხებ ვარაუდებით,
რასაც თვალს მოვკრავ, იმწამსვე ვშთანთქავ _
სიძულვილი თუ სიყვარული ხელს ვერ შემიშლის,
ავი კი არა, გულმართალი ვარ _
პატარა ღმერთის თვალი გახლავარ.
თითქმის მთელი დღე მოპირდაპირე კედელზე ვფიქრობ,
იმდენ ხანს მიცქერია მისი დაწინწკლული ვარდისფერი პირისახისთვის,
უკვე ნაწილად მიმაჩნია ჩემი გულისა.
და გული მიმდის, როცა ბინდა და სახეები გვაცალკევებენ.

მე ახლა ტბა ვარ. ქალის სახე ჩამშტერებია,
სიმართლეს ეძებს ჩემს მზერაში.
მიუბრუნდება მერე შუქს და თავს მოიტუებს.
ზუსტად ვირეკლავ მის მსუქან ზურგსაც.
ხშირად ცრემლებით მაჯილდოვებს, როგორ ვჭირდები!!
ყოველ ორ წუთში უნდა დამხედოს,
ღამის ბინდს მისი თვალთა სხივი ჩამომწმენდს დილით.
როგორ დაახრჩო ჩემს ტალღებში პატარა გოგო
და დღემდე მხოლოდ გაუმაძღარ ზვიგენებს უხმობს!..

 

სიკვდილი და კომპანია

ორნი არიან,
ნამდვილად ორნი.
უკვე ამაში ოდნავ ეჭვიც არ მეპარება _
მათგან ერთ-ერთი არასოდეს არ შემოგხედავს,
ხუფებით მალავს ბლეიკის თვალებს.
სახეზე ხალი
ფირმის დამღაა _
მდუღარით არის ამოფუფქული.
კრემს იცხებს სვავის სლიკინა კისერზე.
მე მის წინაშე მხოლოდ ხორცი ვარ,
რამდენჯერ ამცდა მისი ნისკარტი _
ფოტოგენური არ ხართო, მეუბნება _
აბა, შეხედეთ რა ლამაზია
საყინულეში ჩვილი ბავშვები…
ყოველდღე იცვლის გოფრეს საყელოს
და იონიურ
დაკვართულ კაბას,
ორი პატარა ფეხი მოუჩანს,
არ იღიმება,
ერთხელაც კი არ გააბოლებს.
მეორე _ პირიქით,
გრძელი და ხშირი თმები აყრია,
ზარზეიმი და პომპეზი მოსწონს.
მაგრამ ამასთან
მკვეხარა გახლავთ და ონანისტი,
სულ იმას ცდილობს, როგორმე თავი შემაყვაროს.
მე აღარ ვიძვრი.
ყვავილებს ხატავს მწვავე სუსხი,
ცვარი ვარსკვლავად იბადება,
რეკენ ზარები.
გარდაიცვალა კიდევ ვიღაც.

 

ლექსები თარგმნა გიორგი ნიშნიანიძემ

ბესიკ ხარანაული – სიყვარული და სხვა ლექსები

44dgm.jpg

***
შემოდგომაა, ბებოჩემო,
ვრცელ ნახნავებში
მარტოკა დადის პატარა ბიჭი…

ირგვლივ ყვავები ფრენენ ზარმაცად,
ფრენენ გულგრილად…
თითქოს არასდროს ერთი ბახალაც
არ გადმოეგდოს ქარებს ბუდიდან.

***
მეჩვენება, თითქოს ხრიოკ ზეგანზე,
შეფენილიყვნენ ბლომად ქვისმთლელნი
და ჩემს დარდს
დინჯად აქუცმაცებდნენ.

***
ჭრელი ხბო, როგორც პატარა ნიში –
მახსოვრობაში თუ დაღლილ ტვინში,
განათდება და ისევ გაქრება.

***
ერთი კახპა და ერთიც პოეტი,
ორივენი კი ერთ სოფლიდან წამოსულები,
ვსხედვართ მეტროში,
თითქოს ერთმანეთს ვერკი ვამჩნევდეთ.

***
როცა მარტო ხარ, სულ მარტო ხარ,
მაგიდასთან ზიხარ შენთვის და ლუკმას ღეჭავ,
რატომ გგონია, რომ ვიღაცა გავიდა შენგან,
რომ ოდესღაც ორნი იყავით…

***
დედა ყველას გვაკლია, დედა!
ეს კი არა, ნაოჭასხმული,
ის – დიდი დედა,
ქუთუთოებქვეშ შემნახავი ჩვენი სირცხვილის.

 

სიყვარული

ამ ღამით მე შენთან ვიყავი,
მაგრამ შენ არ დამიხვდი სახლში…
და არც შენი სახლი იყო სადმე ქალაქში…
და ის ქალაქიც
არსად იყო დედამიწაზე.

 

პოეტი

არც ერთი ყლუპით,
არც ერთი გროშით,
არც ერთი ღერით,
არც ღონითა,
და არც ჭკუით –
– ერთი ცრემლით მეტი ვარ თქვენზე!

 

ქენჯნა

ის როგორღაა,
როცა შენს თავსაც ემალები,
ვარსკვლავებსაც –
და იატაკი მაინც ჭრიალებს.

 

დედა

ჩვენ გამოვემგზავრეთ.
მაგრამ რაღაც დაგვავიწყდა და გზიდან მივბრუნდით.
და როცა ჭიშკარი შევაღეთ და სახლში შევედით,
ვნახეთ, რომ ის მარტო იჯდა მაგიდასთან
და ვაშლსა ფცქვნიდა.

 

სიმართლე

შენი სუნთქვა შერჩა ჩემს ხელისგულს,
როდესაც პირს გიმუწავდი გამწარებული,
რადგანაც შენ იძახოდი საშინელ სიტყვებს,
სიტყვებს,
რომლებიც მაშინებდნენ მთელი სიცოცხლე.
და მე დამფრთხალი
და მიწასთან გასწორებული,
ყურებს კი არ ვიგმანავდი იმ სიტყვებისთვის,
შენს პირს ვასრესდი.
და აი, რა მოვიმოქმედე!
შენი სუნთქვა შერჩა ჩემს ხელისგულს…

 

ლაშა გახარია – ღამის დღიური და სხვა ლექსები

5129b68dfded

ავტოპორტრეტი

შეუცნობელი პოეტი დადის,
გამომცემლობებს არ უმტვრევს კარებს;
მშიერ ლეკვივით დაჰყვება დარდი
და ჯიბის ლექსებს ბუზს არ აკარებს.

თან თავნია და თან _ ნასესხები,
აბდის და უბდის კალმით მლამბავი
და დადის ასე, შავი ლექსებით,
თავადაც ღვთისგან დაუსტამბავი.

აღარ იზიდავს ზღვა და იზიდა,
ბინას არ ეძებს მთაწმინდის ახლოს
და, როცა წავა ცოდვილ მიწიდან,
არც ცად მოელის დიდ სამოსახლოს.

 

მეუღლეს

შემინდე, რომ ვერ გიძღვენ ამ შობას
შეპირებული მორცხვი კრებული;
გარეთ ხომ მაინც ლაღობს ბავშვობა –
ნათხოვარ ციგით გახარებული!..

ნუ იტყვი: რომ ვერ მიტან ჭიქიანს,
რომ დენდ პოეტებს ფულს ვესესხები.
მოდი და, ჰკითხე, შუკო ჯიქიას:
თუ ჭიქა არყად ღირან ლექსები.

ვიცი, რომ ოჯახს დიდი კუჭი აქვს:
ვერ დაანაყრებს მუზის ჯეჯილი…
და ეს ლექსიც ხომ: სტამბის ჭუჭყია –
გულიდან ლუკმად ამოგლეჯილი!

მაგრამ… ხსნილ სულში სულ სხვა ლექსია –
ყრმა მოცარტივით ჰანგთა მთოვარი,
ამაღლებული თვითეკლესია
და წამებული, ვით მაცხოვარი.

ჰოდა, ნუ მყვედრი, რაკი ამ შობას
ვერ მოგახარე მეკვლე-კრებული –
უბელო, როგორც კვიცი ბავშვობა,
და უკვე… ჩემებრ გაფითრებული.

ღამის დღიური

კალა: ბოკალი – ბარის რეკლამა
და ბალერინა ბოლო სიგარის;
ჯიბეში შვილზე უმცროსი მამა –
ლექსებიანად ნატაიგარი.

ხსოვნის ჩარჩოში: თოთო მათუთა
და “ცარიცინის ცარიცა” – ცვილის,
კონკიასავით კანკალებს თუთა, –
თითებში უთრთის თოვლი ცარცივით.

ხელს შიშნეულად აფარებ ფინჯანს…
არ მიმხელ, რასაც გიმხელს ფინჯანი
და ნიშა შუნის თვალებით მსინჯავს
ცოლი – ქლაქელ ნაძველბიჭარის.

თუმნად ვუკვეთავ ძველ “სეკვოიას”,
მაგრამ გიტარა ვერ ნოტავს მოტივს,
ხელისგულებით გითბობ კონიაკს
და ზღვის ალბომზე ტორტმანებს – პორტი.

ტიკტიკებს სამის ათი თუ მეტი,
შეკვეთილია “ლუქსი” ორისთვის…
არ მემეტები – ქალი პოეტი –
ამ თოვლჩაჩაჩულ მეტაფორისთვის.

არც “პოეტესად” არ მემეტები:
ეს სიტყვა ისე მეჩოთირება…
აუეტრატდათ პერგამენტები
პალმებს და ითმენს თავს მოთმინება.

უბრად გავდივართ კაფე-ბარიდან,
ასე იწყება ღამის დღიური…
და არწევს ცაში სემირამიდას
სერენადები – ელეგიური.

აწ 

მეზობლის გოგომ შეიგვიანა:
ვეღარ იპოვა
ამწყდარი ღილი…

გაზაფხულია…
წუხელ ნიავმაც
ჩვილ ალუჩაზე მოიჭრა კბილი.

აწ ორთავენი ერთად ივლიან,
სიყვარულია ისეთი ტკბილი:

კვლავ გაიტყუებს ალუჩა ნიავს,
კვლავ ააწყდება გოგონას ღილი.

ამო იარა

სტუდენტმა გოგომ,
იის კონებით,
ვარაზისხევი ამოიარა;
შემომღიმილა
თავმოწონებით,
ამ ნასესხებზე
მამსხმოიარა!..

გახსოვს? –
მაშნაც აქ ვითონებდი,
მაგრამ…
სიბერის გამო კი არა.

მერე კი…

კვლავ განვმარტოვდი
და სიმარტოვეს
მაინც არ ეთქმის
განდეგილობა.

კვლავ ამარტივებს
მარტის ფანტომებს
ყოჩივარდების
ეს თავყრილობა.

ვარდფურცლობამდე
დაგელოდები,
მერე კი… ალბათ,
შენც იმარტვილებ.

ახლა უფრორე
მიტომ ვლინდები,
რომ გავართულე
ეს სიმარტოვე.

ასე გასრულდა
ესე ამბავი…
თუმცა,
ჯერ კიდევ
პროლოგი ეთქმის.

ისეტორტმანებს
იასამანი,
ისე უღელავს
ბაღს გადაფეთქილს…

უკვე ნიავმაც
უნდა ინებოს
ფეხისწვერებზე დგომა,
ასე, რომ…

თქვენც შიეკავეთ
სული, წვიმებო
და ეს საღამო
არ დაასველოთ.

აგვისტოს შვიდი

სველი ფოთლები.
აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა.
ძველი ნაღველი…
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.

ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.

საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?!
გადაუღებლივ წვიმდა მტელი დღე
და წვიმა თავის თავს ასველებდა.

სველი ფოთლები.
აგვისტოს შვიდი.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი…
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ბაგეზე შემრჩა შენი სახელი.

ოცდამესამედან

მუზამ ბოლომდე დამაღალატა:
ლექსები ვერც აქ მოვისახადე…
ოცდამესამეს ვიცვამ – პალატას,
ოცდამეორე სხვაგან გამხადეს.

გაბორჯღილი ვარ ჯვარზე იმ ბორჯით…
ვერ გარდმომხსნიან თვით სატანებიც.
არა უშავს რა: თუკი კიბო მჭირს…
ლუდსაც ხომ უნდა – მისატანები.

უკვე ბედთანაც აღარ ვნიძლაობ,
სიკვდილს სიფათში ვენაფაზები
და ყელში ლექსად ამომდის ძმაო,
ამ წუთისოფლის მეტასტაზები.

მკითხველისადმი

რაც გამოვტოვე… ნუ წაიკითხავ,
არც სარჩევს შერჩა ჩემი ტკივილი,
წერტილიც: პწკარს რომ უმძიმებდა დიდხანს,
დაკარგულია – მთვრალის ღილივით.

თავისუფალი მსურდა საყელო,
როგორც მდინარეს – ჩახსნილი ხიდი.
იქნება, ასე ამოვახველო,
ამ ჭლექიანი საწუტროს ბინდი.

მანამ კი: ნუღარ დაეშურები
თვალებს – უცრემლოს და უკაეშნოს:
ნურც სველ ლექსებზე დამემდურები:
სულ წვიმდა… სული სადღა გამეშრო!..

ქალაქური “ჰორორი”

tumblr_o1eb8j02KD1v0fhggo1_1280

ნინჩო

გამოეღვიძა, საბანი გადაიძრო, წამოდგა და ფანჯრები გამოაღო, ოთახში დახუთული ჰაერი , ახალგარეცხილი ზეწრის სუნმა ჩაანაცვლა. ჯერ ადრეა , დილის რვა საათია , სიგარეტს მოუკიდა,  ნაფასი დაარტყა და ტახტში ჩაჯდა, ამ ღამით ნორმალურად არც ეძინა, ეს გაღვიძება კი უბრალო ჩვევაა , ყოველ დღე რვაზე იღვიძებს. ახლა კი როგორც კი ჩაჯდა იმ წამსვე ჩასთვლიმა. კარზე კაკუნმა გამოაღვიძა , ხელში სიგარეტის ჩამწვარი „ბიჩოკი“ ეჭირა, ვინ უნდა ყოფილიყო ამ დილით ახალგაზრდა გოგონასთან? არც არავის ელოდა. არა , არა ხელოვნურად გამძაფრება არ გამომდის , კარზე ნინჩო იყო მისი დაქალი,კარი გამოაღო , ახალ მოსულმა ჯერ გაოცებულის სახით შემოხედა და მერე ჩქარი ნაბიჯით ოთახში შეიჭრა.

-გოგო, შენ ვაბშე ცოცხალი ხარ?

-რატო რა მოხდა  ?

-რა რა მოხდა ? ტელევიზორს არ უყურებ ან გარეთ მაინც არ გაგიხედავს? – არ ცხრებოდა ნინჩო.

-იტყვი რა ხდება?

-რა და შენი მეზობელი რომაა ლამარა .

-რომელი ლამარა?

– აი ის სულ თავის აივანზე რომ ზის, აი ერთხელ გუკას და გიგჩოს ბურთი რო გაუხია. გაგახსენდა?

-ჰო, ვიცი მერე.

-ჰოდა ამ დილით უპოვიათ მკვდარი თავის ბინაში.

-რაა?

-ჰოო, კისერი ქონდა გამოჭრილი, და პრში რაღაც კანფეტები ეყარა.

-კანფეტები ?

– ჰოო. ფუუ გული ამერევა ახლა მაგას რომ ვიხსენებ.

-შენ სად ნახე ?

-ტელევიზორში აჩვენებდნენ და მეც გამოვიქეცი შენთან როგორ არისთქო.

-და რა უნდოდათ იმ ბებერთან არ თქვეს?

– გოგო, მანიაკიაა ვიღაც, აბა სამოცდაათი წლის ქალთან ვის რა უნდაა?

– კარგი რა მანიაკი.

-აუ გეუბნები რაა, მარტო ეგ კი არაა , წინა კვირას ორჯერ მომხდარა ეგეთი საბურთალოზე.  აი გიჟიაა რა ვიღაც .-გოგოები ოთახში შევიდნენ, ნინჩო ტახტზე ჩამოჯდა.

-ყავა გინდა ?

-კი გამიკეთე – თქვა და ერთ წერტილს დააშტერდა. კაი ხანი ესე იყო გაუნძრევლად და იმ წერტილისთვის თვალი არ მოუცილებია სანამ ნინამ არ დაარღვია სიჩუმე.

-აჰა შენი ყავა- ნელა გაუწოდა.

– ახლა იცი რა გამახსენდა? – თქვა ნინჩომ და ფინჯანი გამოართვა.

-რა?

-რა და, აი პატარა რო ვიყავი ერთი ძიძა მყავდა რა,პრიოსტა ისეთი სტრანნი ქალი იყო,  ღამით რჩებოდა ხოლმე როცა დედა და მამა არ მოდიოდნენ და ზღაპრებს მიყვებოდა. ჰოდა რაღაც ამბავი მომიყვა , ვიღაც ქალზე, ზღაპარი არ არისო ეგ ოღონდ. თურმე დადიოდა ეს ქალი ყოველ ღამით , კარებთან მივიდოდა და როცა იკითხავდენენ ვინ არისო ეტყოდა მე ვარ ტკბილეული მოვიტანე თქვენთვისო. ჰოდა კარს რო გააღებდნენ შევარდებოდა და ყველას ხოცავდა ვინც დახვდებოდა. ვერავინ ვერ გადაურჩა თურმე მაგ ქალს.

– ასეთებს რა პონტში გიყვებოდა, ვერ იყო ?

-ჰო ეგეთების გამოო გააგდეს ზუსტად სახლიდან ჩემებმა.

-და თუ ვერავინ ვერ გადაურჩა იმ ქალს, ამან საიდან იცოდა ეს ამბავი, შენ როგორ მოგიყვა ? – ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა.

-დაააადაააამ- დაიყვირა ნინამ.

ნინჩო შეშინებული კივილით წამოხტა.

-რა იყო ამ ამბავმა შეგაშინა გოგო? – სიცილი აუტყდა ნინას.

-აუ , რა დეგენერატი ხარ რა.

-კაი აწი დაიკიდე ახლა შენც ვიღაც ქალის მონაჩმახი.

ყავა მოსვეს, ქალაქმა გამოიღვიძა, მეზობელ კორპუსში ისევ ჩოჩქოლი იყო.

 

 

ნიკოლა,ძე ერევნის

იმ დღეს წვიმდა, ძმაკაცის სახლიდან სულ გალუმპული დავბრუნდი.საღამო იყო ესე ათი საათი.  სახლში პირველი ვინც შემხვდა ჩემი კატა იყო , სულ ესეა ხოლმე, მოვა დამსუნავს, მერე ერთ ფეხს აწევს და მომაფსამს. ვეტ ექიმს ვკითხე და ამით სიყვარულს გამოხატავსო მითხრა, ასე თუ სიყვარულს გამოხატავს, წარმომიდგენია იმას რას უზამს ვინც სძულს.მაგრამ მაინც მევასება, ლამაზია, თან შავია და არ ვაგდებ სახლიდან.

-ჰაა გაგადეს მაინც არაა? რაა, თქვენ მოიგებდით გეგონათ არჩევნებს, თქვე პროჭებო? – ყვირილით შემეგება ტელევიზორის წინ მჯდარი ბაბუაჩემი სულთანი.

სულთანს დიდი ხანია გაფრენილი აქვს, ეს ფრაზა აქვს დაჭერილი და სულ ამას იმეორებს ხოლმე. მისალმებისას, დამშვიდობებისას, გაბრაზებისას, სიხარულისას, გაზის ინკასატორის მოსვლისას და საერთოდ ყოველთვის. ზის სახლში და მე ვუვლი, რა ვქნა ერევანამ მე დამიტოვა, მითხრა მიხედე მამაჩემს, ბოლო ბოლო ბაბუაშენიაო, და თავის მეორე ცოლთან ერთად აითესა დონეცკში, იმ ყლეს თვითონ რომ მოევლო ეგ არა, მაგის მერე არც გამოჩენილა, ფულს კი მიგზავნის ხოლმე, მარა როცა გავახსენდები მაშინ. ჰო სულ დამავიწყდა რას ვამბობდი. ბინაში როგორც კი მივედი რაღაც საჭმლები გამოვქექე, მე და სულთანმა ვივახშმეთ და მე ჩემს ლოგინზე წამოვგორდი, ისეთი პატარა ბინაა შეგიძლია ტუალეტში მოჯმისას მეორე ოთახში ტანსაცმელი დააუთოვო. ორი საქმე ერთად გამოგდის რა.  გეტოა რაა. ცოტა ხანში ბაბუაჩემიც შემოვიდა და დაწვა. ჩვენი გვერდით წყვილი ცხოვრობდა, ახალ დაქორწინებულები იყვნენ, ხმაურიანები არ იყვნენ, მარტო ღამით დაიწყებდნენ ხოლმე სიყვარულობას, მარტო ოთხშაბათს და პარასკევს იყვნენ ჩუმად, რატო არ ვიცი. ჰოდა იმ დღეს ხუთშაბათი იყო და აბა როგორ გამაზავდნენ, და არც გამაზეს. ისეთი არც არაფერი მარტო იმ გოგოს კვენსა ისმოდა ხოლმე.

-ჰა, ჰა, გაუდეს, გაუდეს – წამოიყვირა სულთანმა- ჰა აბა ეგონათ მოიგებდენე არჩევნებს ეს პროჭები? გაუდეს , გაუდეს.- წამოიყვირებდა როგორც კი ქალის ხმა მოესმებოდა. მერე გაჩუმდნენ და ჩვენც ჩაგვეძინა, ქალის კივილმა გამომაღვიძა. ბოლო ხმაზე ჩხაოდა,ჩემი მეზობელი ლუარა იყო. სადარბაზოში ტრუსიკის ამარა გამოვვარდი და ვნახე ახალგაზრდა ცოლ-ქმარი როგორ ეყარა იატაკზე გასისხლიანებული. ირგვლივ რაღაც ტკბილეულობა ეყარა.

კაცი რომელმაც ჩაიარა და ძაან ეჩქარებოდა

დოლიძეზე მივდიოდი , იქ ერთი ნაცნობი მყავს , სანტექნიკიაა, ნუ ახლა არ მუშაობსს მარა , ოქროს ხელები აქ, ყველაფერი გამოსდის. ჰოდა მე კიდევ სახლში ონკანი მქონდა გაფუჭებული, სლაბიაა  ყველაფერი დღეს, ერთი კვირის წინ დამიყენა ვიღაც სიაფანტმა, მითხრა ევროპულებია ყველას ეს უყენია ახლაო , მარა რად გინდა , გაფუჭდა ჩამრთველი და მოდიოდა და მოდიოდა წყალი თქრიალით, იქეთ მეზობელი გინებით ამომივარდა წყალი ჩამომდისო , მოკლედ მაგარ ტრაკში ვიყავი , ჰოდა ვიფიქრე ბარემ აქეთ ვარ და გავუვლი , ვეტყვი და ხვალისთვის დავიბარებთქო,ტელეფონი გათიშული ქონდა ამ ჩემისას, თან ღამე იყო უკვე , მეჩქარებოდა იქნებ ბოლო ავტობუსისტვის მაინც მიმესწრო აქეთობისას. ჰოდა იქით რო მივდიოდი , კიდე ერთი პრობლემა კი გამიჩნდა, აი გვერდით ისინი მომიჯდნენ, აი ეგენი, პიდარასტები, ქცევებზე დავწვი , არა მე კი არ მოვზდევ და კი არ ვდევნი ამათ მარა, იყვნენ რა თავისთვის , ოთახში აკეთონ რაც უნდათ, ოღონდ აქ ნუ დაიწყებენ ხალხის წინ, ხო გესმით არა? ავტობუსი გაჩერდა და ჩავედი და ეგენიც არ გამომყვნენ ტო?! ოჰ მაგათი.ესენი პირველზე ცხოვრობდნენ თურმე, მე ზემოთ ავედი ჯემალასთან, აი ის კაცი სანტექნიკოსიაოო რო გითხარით. სახლში დამხვდა, აბა სად იქნებოდა მეტი , საქმე მაგას არ აქ და. ჰოდა ვუთხარი ესე და ესეთქო, ამან ბაზარი არაა მოვალო, სანამ წახვალ ცოტა გადავკრათო, მევუთხარი , არა ჯემალ ტოო, მეჩქარება ავტობუსს უნდა მივასწრო , ცოლ-შვილი მელოდება. ერთი მაინც დავლიეთ და მერე გამომიშვა. ჰოდა ჩამოვდიოდიი და პირველ სართულზე რაღაც საშინელება დამხვდა. ეს ისინი , ეს პიდარასტები მკვდრები  არ ეყარნენ ტო? გუბე იდგა სისხლის. გული შემიწუხდა რა მაინც, ეგენიც ხო ადამიანები არიან არა? მერე მეზობლებიც გამოცვივდნენ და პოლიციაში დარეკეს. მე წამოვედი აქეთ, ისე კი გამიკვირდა, ჯემალთან გასკდეს ათი წუთი ვიყავი, და ასე მალე როგორ მოასწრეს, არა რა წამში ხდება ყველაფერი. ხარ და უცებ ბახ და აღარ ხარ .

გაიოზი

გუშინ რაღაც სასწაუალად გადავრჩი. ახლა თავი მისკდება. გუშინ მტკვარი დავლიე, ოღონდ მთლიანად არა. სადღაც რესტორანში ვიყავი ძმაკაცებთან ერთად,ვენაცვალე მაგათ.  გურამია ერთი კაი კაცი, ჩვენთან ერთად იყო. ჩავურტყით საკაიფოდ, კაი სუფრაც იყოო , არაფერი აკლდა, აი რა გინდა , სულო და გულო, ღვინოც კაი იყო.  კაი ნასვამები რო ვიყავით ქუჩაში გამოვედით, ესენი მანქანით დააწვნენ  მე და გურამი დავაწექით ფეხით, ახლოს ვცხოვრობთ  და თან ფეხით გავისეირნებთ , ჰაერს ჩავყლაპავთმეთქი . მაგრა გვეფსმეოდა და მტკვრის ნაპირზე რო ვფსამდით ისე, ამან აიჩემა, ჩემი საყვარელი თბილისი , ჩემი საყვარელი მტკვარიო, და უნდა დავლიო ისე მიყვარსოო, პეშვით ამოიღო და სვა და სვა, მერე მეც დამალევინა, ახლა კიდე ტუალეტში დავწრიალებ, აბაროტი აქვს ასეთი მტკვარს. არა ქვეყანა კი ყვარებია  , ოქროა გურამა.

გამოვედით ტროტუარზე, ძლივს დავბობღავდით და მევთქვი ტაქსი ან რამე გავაჩეროთ. პირველივემ აგვიყვანა, ვიღაც გოგო ეჯდა წინ, სახეს ვერ ვხედავდი.  მივდივართ ისე,გურამას გული აერიაა , და გავაჩერებინე კაი ხანი კი ამოქონდა აქეთ და ამ ტქსისტმა ახვარმა ვერ დაგელოდებითო მეო და არ წავიდაა? ნომერი დავიმახსოვრე.  ახლა ვწევარ ლოგინში, ტელევიზორია ჩართული და აცხადებენ, ვიღაცას ტაქსისტი მოუკლავს, დავაკვირდიი და ის ტიპიი არაა? თან რაღაც კანფეტები ჩაუტენია პირში, მთლა გაგიჟდნენ ამათი დედა მოვტყან.

კაიი გადავრჩით რა, კიდევ კაი ჩამოვედით თორე, ჩვენც არ მიგვაკლავდნენ იქაა? უჰ ეს თავიც სკდება ბლიად.

 

სიძე

ჩემი სიმამრი ნამდვილი ნაბიჭვარია.

სამი წელია რაც ოჯახი შევქმენით მე და ნუნუკამ, შვილი არ გვყავს ჯერ, მაგრამ მაინც მშვენივრად ვცხოვრობთ, ანუ ეს პრობლემა ძალიან გვაწუხებს მაგრამ , რა ვქნათ. ეს ყველაზე მეტად ვისაც აცოფებს, ეს ის ბებერი მძღნერია, ყოველ კვირას რომ მოდის ჩვენს სახლში და ჩემს ცოლთან რაღაც ნამიოკებს მიგდებს და თან ვითომ მეღადავება. ერთ დღეს ვიღაც ოჯახზე ჩამოგვივარდა საუბარი, ნუნუკამ თქვა ოთხი შვილი ყავთო, ამან უთხრა, ეგრეა ეგრე აბა ყველას ნამდვილი მამაკაცი კი არ ყავს გვერდშიო, თან შემომხედა და ნაბოზვრულად ჩაიღიმა. ეგ კაპიტალისტი სირი. რაღაც კომპანიაა აქვს და საკაიფო ფულს ხვეტავს, ერთხელ  ცოლის სანათესაო იყო შეკრებილი მეც იქ ვიყავი და სახალხოდ შემომთავაზა, იმ გამომცემლობებში დაძვრები კი არა, ჩემთან დაგაწყებინებ ადამიანურ, კაცურ სამუშაოსო, არადა ხო ვიცი არა? ეს ყველაფერი ჩემს დასამცირებლად თქვა. თავიდან არაფერი არ მითქვამს, მერე კი მოკრძალებული უარით გავისტუმრე, ამან კიდევ, რა იყო შე კაცო, ესე რო დაფიქრდი დირექტორობას კი არ გთავაზობდიო. ნათესავებს კიდევ გაეცინათ, ერთ რამეს იტყვის და ესენიც ეჯიბრებიან ერთმანეთს ვინ უფრო მეტს გაუცინებს, ვაზელინის სუნად ყარან.ტრაკები ეგენი. არადა არც ცინიზმი გამოსდიოდა, არც სარკაზმი, არც იუმორი ქონდა. მე ვიცნობდი მის ნაირ ბიძებს, დიდი მანქანებით, ტანზე მომდგარი დიდი ღიპებით, უტაქტო საუბრით , გაუნათლებოლობით, ვიცნობდი და ყველა მძულდა, არ ვიცი რატომ პატარაობიდან ვერ ვიტანდი მდიდრებს და მდიდარი მამიკოს შვილებს, მათთან ურთიერთობისას ყოველთვის დისტანციას ვიცავდი. თავიდან ის ჩემი ბოსი იყო, მასთან ვმუშაობდი, მერე მე შემცირებებში მოვყევი, თვითონ დარჩა, მერე გაანება თავი და ბიზნესი დაიწყო თავისი. მახსოვს ერთხელ კაბინეტში დამიბარა, როგორც კი მის წინ დავჯექი, მაგიდაზე სურათს შევავლე თვალი, ნუნუკას ფოტო იყო, მან ჩემი მზერა შეამჩნია და ისე შემომხედა, თითქოს იღრინებოდა. მაგის მერე თვალში არ მოვსდიოდი, მერე სამსახურიდანაც გამომაბუნძულა.

დღეს ოთახში რომ ვიჯექი, ნუნუკა შემოვიდა ატირებული, მამა თავის ოთახში იპოვეს , კისერ გამოჭრილიო. მე ვცადე დამემშვიდებინა, გულში ჩავიხუტე. ყალბი დამმშვიდებელი გამოვდექი, საერთოდაც არ მწყენია, უბრალოდ გამიკვირდა, სულ მეგონა რომ ეგეთი ნაბიჭვრები ესე ადვილად არ იბრიდებოდნენ.

ნინჩო

ნინა იმ დღეს ნანკასთან იყო, იჯდნენ და ჭორაობდნენ. საჭორაოც ბევრი იყო. ქლაქში სიტუაცია დაიძაბა , ყველა ლაპარაკობდა ღამღამობით მოულოდნელ მკვლელობებზე. ახალ ამბებში სულ ახალ ახალ მსხვერპლების გვამებს აჩვენებდნენ, სიტუაცია ყველგან მსგავსი იყო. სიკვდილი ყველასთვის „ტკბილი“ გამოდგა,. გემო კარგია, გემოთი ბევრი რამ გამახსოვრდება. მაგრამ სიკვდილის დროს გრძნობენ არომატს? მგონი კი.

ამასობაში ნანკამ კონიაკი გამოიტანა, ბევრი არც დაულევიათ, ცოტ-ცოტას წრუპავდნენ და ლაპარაკობდნენ. მერე ნინჩოც მოვიდა.

-ცოტა ხნით შემოვიარე, მალე უნდა გავიდე- თქვა და ნინას ჭიქიდან კონიაკი მოსვა

-რატომ? ამ ღამით ვისთან მიდიხარ? – იკითხა ნანკამ და ეშმაკურად გაუღიმა-რამე ისეთია ჩვენ რომ არ ვიცით?

-ოო, ეგ საიდუმლოა ჯერ.

-კაი რა , ჩვენ გვიმალავ?

-გაიგებთ აუცილებლად.

-და როდის გვეღირსება ეგ ბედნიერება?

ნინჩო ჯერ ჩაფიქრდა , მერე გოგოებს შემოხედა.

-თუ ყველაფერი კარგად წავიდა, ხვალვე.

-კარგი მაშინ დავიცდით.-თქვა ნინამ.

-ჰო, დაიცდით დაიცდით. ახლა უნდა გავიქცე, უნდა მოვემზადო.

-მიდი, მიდი არ დაგაგვიანდეს.

ნინჩო წავიდა, ორნი დარჩნენ. ცოტათი ნასვამები იყვნენ. ერთი საათი გავიდა ალბათ მის წასვლის შემდეგ.

-გვიანია უკვე და წავალ მეც- ადგა ნინა და თავისი ჩანთა აიღო. ნანკამ გამოაცილა კარამდე მერე დაემშვიდობა და კარი მოიხურა. სახლამდე ტაქსით მივიდა, დაღლილი პირდაპირ ლოგინზე წამოწვა, ღამის ორი საათი იყო, მეზობლებს ალბათ უკვე ეძინათ.

კარზე კაკუნი გაისმა, დაღლილი ძლივს წამოდგა. კარის საჭვრიტინებელიდან გაიხედა გარეთ არავინ მოჩანდა, უცებ ვიღაცამ კარის მეორე მხრიდან თვალი თვალში გაუსწორა, სახე არ მოჩანდა, მხოლოდ თვალი.

-მე ვარ- დაიძახა ხმამ გარედან. ნინჩოს ხმას გავდა, ოღონდ შეცვლოდა.

-ვინ შენ? ნინჩო შენ ხარ?

-მე ვარ , საყვარელო, შენთვის ტკბილეული მოვიტანე.-  ვუთხარი მე და კარი შევამტვრიე.ნინჩოს ელოდა და კართან ის ,რომ არ აღმოჩნდა შეეშინდა. პირდაპირ ვეცი, დაკივლებაც ვერ მოახერხა, თავიდან ეგონა რომ რაღაც გაუგებრობა იყო, მაგრამ როცა ჩემი დანა ამოვიღე და პირი მოვუკუმე , მაშინ შეწინააღმდეგება დააპირა, მეც არ ვაცადე და პირდაპირ კისერში ჩავარტყი, სისხლმაა გაასხა, კედელზე აბსტრაქცია გამოისახა, პირი მისი საყვარელი კანფეტებით გამოვუტენე ,ალბათ არასდროს არ ეგონა თუ სიკვდილს „მიატნი“ გემო ექნებოდა. არომატი აშკარად იგრძნო, სახეზე შევატყვე მგონი ესიამოვნა კიდეც. ესაა და ეს, ყველაფერი ასე მშვენივრად დამთავრდა.

იაკი კაბე – ტანკები

download-1

***
სიოს საძებრად გარეთ გასულს,
ზაფხულის ღამეს,
ვარსკვლავებით მოჭედილმა ცამ,
პატარა ბიჭი გამახსენა, იაკი კაბე,
მომვლელი ციცინათელების სასაფლაოსი…
***
ერთხელ სკოლაში,
ჩვენმა მოხუცმა არითმეტიკის მასწავლებელმა
აღტაცებით წამოიძახა:
– „გალობს პოეტი“.
შაშვი იჯდა ფანჯრის რაფაზე…

***

მთის სიჩუმეში,როცა ირგვლივ ჩქამიც არ ისმის,
ცას შემოდგომის,
ცარიელს და დუმილში ჩაფლულს,
ყვავი ყრანტალით გადაიფრენს და გადასერავს…

ჩემი ბავშვობა გამახსენდა,
სოფლის სახლი,
გლეხის ოთახი,
როცა ჩემ თვალწინ
დედის ბუდიდან გადმოვარდა უმწეო ბარტყი…

***

ნისლი ჩამოწვა,
არაფერი აღარ ჩანს გზაზე,
შორიდან მესმის,
როგორ კივის ქალაქიდან ჩვენი სოფლისკენ
წამოსული მატარებელი…
***
ბაღის ბოლოში,
სადაც წინათ ვემალებოდი
ხმაურსა და ადამიანებს,
მწიფდა ლიმონი,
დედაჩემის დედის დარგული…
***
სამი წელია,
რაც მეზობელმა ღობის იქით
მოჭრა ლეღვის ხე.
სამი წელია ღობის აქეთ არ ყვავილობს
ჩემი ატამი…

***

როგორ ურცხვად გატყუებდი,
ყოველ ღამე,
ძვირფასო დედა –
ვითომ მეძინა,
რომ მიკოცნიდი შუბლსა და ხელებს…
***
ცის დასალიერს
ვარდისფერი სინაზე დაჰკრავს.
ტაძრის კიბეზე
მიმოფანტულა დასეტყვილი
ყვავილი ატმის…
***
წყალში თავსა ვყოფ,
წამიერად ვიკავებ სუნთქვას,
მსურს მძაფრად ვიგრძნო
თვითმკვლელობისას
რას გრძნობდა იგი…
***
ჩემი შვილების ალიაქოთში
და სიცელქეში,
პოეტის სახლში,
კალმის გარდა,
ყველაფერია…

***

ერთი კვირაა,
თითქოს
სამყარო დაცარიელდა,

გაჩერებასთან აღარ მხვდება
უცნობი დილით……

***

ჩემს სამშობლოში,
სადაც ამდენი
ღვთისმსახური და პოეტია,
ჩალად არა ღირს
სიცოცხლე კაცის…
***
ამ ქვეყანაზე,
ამ უდიდეს მწუხარებაში,
ო, ალუბლის ხევ,
ხარ ერთადერთი
შვება სულისა…
***
სუსტი,
მაგრამ ყველაფრის გამგე,
სახელმწიფო ბიუროკრატი,
სიგარით ხელში –
პოეტს ფულზე ელაპარაკა…
***
ნაადრევად
და ფოთოლცვენით წასულმა,
ჩემმა ოცდამეშვიდე ზაფხულმა,
არც ერთ ჩემს კითხვას
არ უპასუხა…

***

ო,როგორ მინდა,ისე, როგორც ჩემს ბავშვობაში,
სკოლიდან ტყეში გაპარულს
და სირბილით დაღლილს,
დედამ ისევ მისაყვედუროს…
***
ჩვენი სოფლის მტვრიან ქუჩებში,
მარტოდმარტო,
შეშლილივით დახეტიალობს
მეწისქვილის ბებერი ძაღლი –
ზამთარი მოდის…
**
მესამე დღეა
სევდიანი ვბრუნდები სახლში
ტაკაოს ტყიდან.
მესამე დღეა
ერთი ჩიტიც არ გალობს ტყეში…
*
სად არის
ჩემი სამშობლო –
ლტოლვილი ბავშვის ცრემლში,
თუ სახელმწიფო დროშის
მოფრიალე ღიმილში?..
*
ყველგან თეთრია,
თოვლი ფარავს ირგვლივ ყველაფერს,
მხოლოდ წითლად,
მეზობლის ბაღში,
ანათებენ დათოვლილი ბროწეულები…

*

შუაღამეა,
მხოლოდ საათის ისმის წიკწიკი,
დროგამოშვებით
სიო არხევს
ხავერდის ფარდას…
*
მაისი იყო, რაც უყვარდა
ჩემს შეყვარებულს,
ახლა კი მისი გადაშლილი
ნორჩი მკერდიდან,
ატამი ყვავის ნაგასაკის სასაფლაოზე…
*
ყველა ჯებირი გადმოლახა
პატარა ღელემ,
გლეხებს მთლიანად მოსავალი გაგვინადგურა.
რთული დრო დადგა –
ხასიათი იცვალა ყველამ…
*
როცა სასმელ წყალს ვეზიდებით
მძიმე კასრებით,
თქვენს ნუგეშსა ვგრძნობ,
სოფლის გრძელ გზაზე ჩამწკრივებულო,
ხეებო ფიჭვის…
*
როცა პოეტი
სალოცავად გამოდის ბაღში,
თქვენ საით მიხვალთ
ბნელ ღამეში, დამწუხრებულნი,
თეთრო ღრუბლებო?..
*
ვხედავ წეროებს,
გადასერეს უღრუბლო ზეცა.
ასე მიფრინავენ ჩემი ფიქრებიც
ჩემს სატრფოსთან
ჰიროშიმაში…
*
ღრმა ბავშვობიდან
მახსენდება ორი ხატება –
შეშლილი ბებიაჩემის თვალები
და ტაცუტას მთები
შემოდგომისას…
*
გარეთ წვიმაა,
ამეტყველდა სიმწვანე ტყეთა.
ცეცხლზე ამზადებს
ჩემი ცოლი
ბამბუკის წვნიანს…
*
მესამე დღეა
ჩვენს სოფელს
არ ტოვებს ნისლი.
საუკეთესო დრო დაუდგათ
შეყვარებულებს…

*

მთელი კვირაა
ქმრებს ეძებენ
სოფლის ქალები.
მეთევზეები დაბრუნებას
არ აპირებენ…
*
ვდგავარ
ტირიფთა შორის.
მე ვდუმვარ,
ნაკადული
ხმაურობს…
*
დილით ავდექი ძალიან ადრე,
გამოვაღე ყველა ფანჯარა,
მზეს შევეგებე და
მხოლოდ ერთი ლოცვა ვთქვი გულში –
ჩემი სამშობლო, ჩემი სამშობლო, სამშობლო ჩემი…
*
გამომელია გუშინ
ბრინჯის ბოლო მარცვალი,
დღეს კი – მელანი.
გავცქერი ბაღს და
საშინელი მჭამენ ფიქრები…
*
სასაფლაოსთან,
სოფლის ბოლოში,
ლანდივით მოჩანს ჩამოშლილი სკოლის შენობა,
ჭადრებისა და ნეკერჩხლების ხეთა ჩეროში
მოხუცებულნი იგონებენ ქალაქელ შვილებს…

***

ერთი სიზმარი
არ მასვენებს, ამეკვიატა –
შემოსილი თეთრ კიმონოთი,
პოეტი ვდგავარ
სახელმწიფო

ჯერომ სელინჯერი – “ფრენი”

 

rv-ab313a_salin_g_20110121003629მზიანი დილის მიუხედავად, შაბათს სულაც არ თბილოდა, პირიქით, ჰაერში სუსხი ტრიალებდა. ხალხი ქურქებში და თბილ პალტოებში გამოწყობილიყო, არადა, მთელი კვირა, თხელი ქურთუკითაც იოლად გახვიდოდი, მაშინ ჯერ კიდევ იყო იმედი, რომ იელთან თამაშამდე არ აცივდებოდა.

ახალგაზრდა ჭაბუკები, თერთმეტის ორმოცდათორმეტ წუთიან მატარებელზე, მეგობარ გოგონებს ელოდნენ, ოცდა რამდენიღაცადან მხოლოდ რამდენიმე იდგა გარეთ, ცივ ბაქანზე, დაახლოებით ექვსი თუ შვიდი, დანარჩენები ორ, სამ, ოთხკაციან ჯგუფებად დაყოფილიყვნენ თბილ მოსაცდელში, უმეტესობა უქუდოდ იყო, ოთახი კვამლის ბურუსში გაეხვიათ, ყველა ჯგუფიდან საუბარი ისმოდა, უაპელაციოდ დოგმატური, დამაჯერებელი, მკვეთრი. ვიღაცა რაღაცას ხსნიდა, მეორე ეკამათებოდა, მოკლედ, კოლეჯის სტუდენტებისთვის დამახასიათებელი არეულობა იდგა, და განა სულ ასე არ გრძელდება საუკუნეების მანძილზე?
ლეინ კაუტელი, ,,ბარბერის” შალის სარჩულიან, ჩაღილულ საწვიმარში გამოწყობილი, ერთ-ერთი იყო ბაქანზე მდგომი ექვსი-შვიდი ბიჭიდან, უფრო სწორად, ან იყო და ან არა… ცოტა ხნის წინ, ათიოდე წუთი, იქნებ ცოტა მეტიც, ის გაუბედავად ედგა გვერდით ბიჭებს, ზურგით ,,ქრისტიანული სამეცნიერო ლიტერატურის” კიოსკს მიყრდნობილი, უხელთათმანო ხელები ჯიბეებში ეწყო, ყელზე წაბლისფერი ქაშმირის კაშნე ეკეთა, მაგრამ სიცივისგან კარგად ვერ იცავდა, ამიტომ ყოყმანით სწვდა, უფრო მჭიდროდ რომ შემოეხვია კისერზე, თუმცა გადაიფიქრა, სამაგიეროდ ჯიბიდან უჩუმრად წერილი ამოაცოცა და მოწყურებული შეუდგა კითხვას. ბარათი მანქანზე იყო დაბეჭდილი, გაცრეცილი ცისფერი ქაღალდი ახალს არ ჰგავდა, ადვილად მიხვდებოდი,რომ კონვერტიდან არაერთხელ ამოუღიათ და წაუკითხავთ. . .
,, დღეს მგონი ხუთშაბათია, უძვირფასესო ლეინ,
გარეთ ხმაურია, მე კი ლამის ვთვლემ და ვეღარ ვადევნებ თვალყურს ჩემს აზრებს, ასე რომ, თუკი შეცდომებს ნახავ, არ შეიმჩნიო, კარგი? მოხდა ისე, რომ შენი რჩევა გავითვალისწინე და ლექსიკონს ჩავუღრმავდი, ამით კი ჩემს სტილს ვუღალატე, მაგრამ რა ვქნა, შენი ბრალია. მშვენიერი წერილი მომწერე და უზომოდ მიყვარხარ, სიგიჟემდე … ერთი სული მაქვს, უქმეები როდის დადგება. ვწუხვარ, კროფტ ჰაუსში რომ ვერ მომაწყვე, მაგრამ მნიშვნელობა არ აქვს ჩემთვის სად ვიქნები, მთავარია, სიცივემ და მწერებმა არ შემაწუხონ, უფრო მეტად ის მიხარია შენი ნახვის მეტი საშუალება რომ მექნება… მგონი ნელ-ნელა… ვგიჟდები. ვაღმერთებ შენს წერილს, განსაკუთრებით იმ ნაწილს, სადაც ელიოტზე წერ, მე კი, მგონი ყველა პოეტს გადავხედე და არც ერთი არ მოვიდა ჩემს გულამდე ისე ახლოს, როგორც საფო. მის ლექსებს ახლაც ვკითხულობ, მგონი შევიშალე, და თუ შეიძლება, ვულგარული შენიშვნების გარეშე… იქნებ საკურსო თემაც მასზე მოვამზადო, ჩემი ჭკუასუსტი ხელმძღვანელი თუ დავითანხმე. ,, ფაქიზი ადონისი კვდება, კითერია, გულში მჟიღი ვიცეთ, ტუნიკები შემოვიხიოთ. . .” და თავადაც შემოიძარცვა საკუთარი ტუნიკა. . . განა შეუდარებელი არაა?.. გიყვარვარ? ერთხელაც არ გითქვამს წერილში, მეზიზღები, როცა ასე უმოწყალოდ ზე-მამაკაცური და თავშეკავებული ხარ. . .(მგონი არასწორად დავწერე, არა?) არა, განა მართლა ვერ გიტან, უბრალოდ,ორგანულად ვერ ვიტან ძლიერ და ჩუმ მამაკაცებს. . .შენ კი ასეთი სინამდვილეში სულაც არა ხარ, ხომ ხვდები, რასაც ვგულისხმობ?.. ისევ ისეთი ხმაურია გარეთ, საკუთარი ფიქრიც არ მესმის. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მიყვარხარ და მინდა, ამ წერილმა მალე მოაღწიოს შენამდე, იქნებ ამ საგიჟეთში მარკა მაინც ვიპოვო სადმე, მიყვარხარ, მიყვარხარ, მიყვარხარ! . . იცი? იქნებ არც შეგიმჩნევია, თერთმეტი თვის მანძილზე, მხოლოდ ორჯერ ვიცეკვეთ ერთად, ის არ ჩავთვალე, ,,ვანგარდში’’ უგონოდ გალეშილს, გულში რომ გყავდი ჩაკრული, სირცხვილისგან ვიწვი იმ დღის გახსენებისას, არავის მოუყვე, თორემ მოგკლავ!. . . შაბათამდე, ჩემო ყვავილო…
სიყვარულით,
ფრენი.
პ.ს. მამას რენტგენი მოუტანეს საავადმყოფოდან და გულზე მოგვეშვა. სიმსივნე მომატებულია, მაგრამ ავთვისებიანი არ აღმოჩნდა. დედას ველაპარაკე ტელეფონით წუხელ. მოკითხვა დამაბარა შენთან, ასე, რომ, პარასკევ საღამოზე აღარ ინერვიულო, მგონი არც გაუგიათ შენი მოსვლა მაშინ.
პ.ს.ს. ძალიან სულელური და უინტერესო წერილი გამომივიდა. რატომ? შეგიძლია იფიქრო ამაზე, გააანალიზო, მე კი აღარ ჩავუღრმავდები. მოდი, რა, საუცხოო დრო გავატაროთ ამ შაბათ-კვირას, თუ შევძლებთ, მე ვეცდები, ყოველ შემთხვევაში და შენც, ამ ერთხელ მაინც ნუ გამატარებ კრიტიკის ქარ-ცეცხლში… მიყვარხარ…
ფრენსისი (ხელმოწერა)”

ლეინი წერილის შუამდე იყო მისული, როცა კითხვა შეაწყვეტინეს, გვერდით ახოვანმა რეი სორენსონმა ჩაუარა და გამოელაპარაკა, აინტერესებდა, გაუგო თუ არა რამე წყეულ რილკეს. ლეინი და რეი ორივე თანამედროვე ევროპული ლიტერატურის 251-ე ჯგუფში იყვნენ (ეს ჯგუფი, მხოლოდ უფროსკლასელებისთვის და გამოსაშვები კურსი სტუდენტთათვის იყო გახსნილი), ჯგუფს ორშაბათისთვის დავალებად ,,დუინური ელეგიების” მეოთხე ლექსი ჰქონდა გასარჩევად. ბიჭები ერთმანეთთან მაინცდამაინც ახლოს არ იყვნენ, მაგრამ კაუტელს სორენსონის ფიზიონომია ყოველთვის აღიზიანებდა, მიუხედავად ამისა, პასუხზე თავის არიდება არ გამოუვიდოდა, წერილი სათუთად გაკეცა, ჯიბეში ჩაიდო და უპასუხა, როგორ არა, მთლიანობაში თითქმის ყველაფერი გავიგეო. “იღბლიანი კაცი ხარ, ლეინ, გიმართლებს,” – მოწყენილი, უსიცოცხლო ხმით მიუგო რეიმ, ხალისდაკარგული საუბრობდა, თითქოს ვინმემ აიძულაო. “ღმერთო, როგორ ცივა,” – დაამატა ცოტა ხნის შემდეგ და ჯობიდან სიგარეტი ამოიღო. ლეინმა უეცრად მისი აქლემის ბეწვით გაწყობილი პალტოს სახელოს გადანაკეცზე, გადახუნებული, მაგრამ მაინც საკმაოდ გამოკვეთილი პომადის ანაბეჭდი შენიშნა. გეგონებოდა, ერთი და ორი დღე კი არა, ეს ლაქა კვირების, თვეების მანძილზე იყო აღბეჭდილი ქსოვილზე, დაფიქრდა, აღარ იცოდა, ეთქვა თუ არა რეისთვის, ერთმანეთთან არ იყვნენ ასე ახლოს და შეიძლება არასასურველი რეაქცია ჰქონოდა, თანაც მატარებელიც მოახლოვდა, ამიტომ გადაიფიქრა. ორთქლმავლის ძრავის ხმაზე ორივე სანახევროდ შებრუნდა მატარებლისკენ, იმავე წამში ხმაურით გაიღო მოსაცდელის კარი, ბიჭები ბაქანს მიაწყდნენ და ოთახიდან სითბო გამოიყოლეს, ისე ჩანდა, გეგონებოდა, თითოეულს, სულ ცოტა, სამი ანთებული სიგარეტი მაინც ეკავა ხელში. ლეინმაც მოუკიდა სიგარეტს, როგორც კი მატარებლის კარი გაიღო, შემდეგ სხვებივით დადგა ბაქნის პირას მატარებლის დასახვედრად და სცადა სახიდან მოეშორებინა გამცემი, გულღია, სითბოთი და სიყვარულით აღსავსე გამომეტყველება.
ფრენი პირველი ჩამოვიდა მატარებლიდან, წყნარად გამოიარა ბაქნის შორეული, ჩრდილო მხარე. ლეინმა იმ წუთშივე შენიშნა და თუ სახეს რაღაც მაინც მოუხერხა, ახლა ხელებმა გასცა, რადგან უნებურად, ძალიან გულთბილად დაუქნია გოგონას. ფრენიმაც შენიშნა და იმავეთი უპასუხა, ტანს ენოტის დაბალბეწვიანი ქურქი ემოსა, ბიჭი სწრაფად გაემართა გოგონასკენ, ერთადერთი იყო, ვის თვალსაც ეს ქურქი არასოდეს გამოეპარებოდა. გაახსენდა, ერთხელ ნათხოვარ მანქანაში რომ ჩაისვა ფრენი, ნახევარი საათი მაინც კოცნიდნენ ერთმანეთს და ტუჩებს ბევრჯერ მოედო სამოსის ნაკეცი, მაგრამ იოტისოდენადაც არ გაუღიზიანებია ამას, თითქოს ქურქი ორგანულად შერწყმოდა სასურველ არსებას.
,,ლეინ!” ფრენი სიამოვნებით მიესალმა ბიჭს, ცოტა არ იყოს, ისიც ცდილობდა, გამომეტყველებით არ გაეყიდა თავი. მოეხვია და აკოცა, ეს მშრალი, მატარებლის ბაქნის კოცნა იყო, სპონტანური, უეცარი, ნაჩვევი… -წერილი მიიღე?-იკითხა და ერთი ამოსუნთქვითვე დაამატა, -საბრალო, გაყინულხარ, მოსაცდელში რატომ არ დამელოდე? წერილი მიიღე?
-რომელი წერილი? – იკითხა ლეინიმ და საზღვაო ფლოტის, ლურჯი ტყავის ჩემოდანი ჩამოართვა, ისეთი, როგორიც მატარებლიდან ჩამოსული მგზავრების უმეტესობას ეკავა.

-არ მიგიღია? ოთხშაბათს გამოგიგზავნე. ო, ღმერთო, მე ხომ თავად ჩავაგდე ის საფოსტო ყუთში
-ა, ის წერილი? როგორ არა, მივიღე. სულ ესაა შენი ბარგი? ეს რა წიგნია?”
ფრენის მარცხენა ხელში პატარა, ბარდისმარცვლისფერ ყდიანი წიგნი ეკავა. ბიჭს კითხვაზე არ უპასუხა, ხელჩანთა გახსნა, მასში ჩაჩურთა და ლეინს გაჰყვა ტაქსის გაჩერებისკენ, ხელკავგამოდებული მიჰყვებოდა და მთელი გზა, გაუთავებლად ქაქანებდა, ჯერ ის მოყვა, როგორ ედო გასაუთოვებელი კაბა ჩემოდანში, ციცქნა უთო კი, რომელიც თოჯინისას უფრო ჰგავდა, სახლში დარჩა. მერე გაახსენდა, რომ მატარებელში მხოლოდ სამი ნაცნობი გოგონა ნახა, მართა ფერარი, ტიპი ტიბეტი და ვინმე ელინორი, რომელიც ოდესღაც პანსიონში თუ ეგზეტერში შეხვედროდა. მატარებლის დანარჩენი მგზავრები, როგორც ჩანდა, სმიტიდან იყვენენ, გარდა ორისა, ერთი ვაზარელიუნდა ყოფილიყო, მეორე კი ბენინგტონელ, თუ სარა ლოურენსელ ტიპს ჰგავდა… ბენ-ნინგტონ-სარა-ლოურენსელი უცნაური ვინმე ჩანდა, გეგონებოდა, მთელი გზა ტუალეტში გაატარა სკულპტურით თუ ფერწერით გატაცებულმაო.
ლეინი საკმაოდ სწრაფად მიაბიჯებდა და თან გოგონას ებოდიშებოდა, კროფტ ჰაუსში რომ ვერ მოაწყო, სამაგიეროდ ამშვიდებდა, ლამაზი ბინა გიშოვეო, პატარა, მაგრამ სუფთა და მყუდრო. ბიჭი თითქმის დარწმუნებული იყო, ფრენის მოეწონებოდა და გოგონამ უცებ წარმოიდგინა ახალი ,,აპარტამენტი” სამი უცნობი მეზობლით. ბინაში პირველი ვინც შევიდოდა, ის დაისაკუთრებდა ხაოიან, რბილ, ერთადგილიან დივანს, დანარჩენებს კი ორსართულიანი, რბილმატრასიანი საწოლი ხვდებოდათ წილად. ,
-საყვარელი ოთახი იქნება, ენთუზიაზმით წარმოთქვა კმაყოფილმა… მერე დაფიქრდა და უეცრად ჩაჩუმდა, მამაკაცისთვის ზოგჯერ ჯოჯოხეთია, ქალის უმიზნო ლაყბობის მოსმენა, ლეინისთვის, მით უმეტეს, ძნელი მოსასმენი იყო და ფრენის გაახსენდა ნიუ-იორკის ერთი წვიმიანი ღამე, სპექტაკლის შემდეგ, როცა ვიღაც საშინელ მამაკაცს ნაძალადევი თავაზიანობით დაუთმო ტაქსი ლეინმა, ადვილი არ იყო, წვიმაში სხვა ტაქსის დაჭერა, გოგონას ისიც ახსოვდა, რა გაღიზიანებული სახით შეხედა მაშინ ბიჭმა… თავი დამნაშავედ იგრძნო უცებ, ხელი მოჰკიდა და ნაზად, სიყვარულით მოუჭირა… ორიოდ წუთში ტაქსიში ისხდნენ, უკანა სავარძელზე, საზღვაო ფლოტის ლურჯი, თეთრთასმებიანი ჩემოდანი კი თავაზიანად დაებრძანებინათ წინ, მძღოლის გვერდით.
-წავიღოთ შენი ჩანთები, ბარგი შინ შევყაროთ და წავიხემსოთ სადმე, მგელივით მშია,-წარმოთქვა ლეინიმ და მძღოლს მისამართი უთხრა.
-რა კარგია, რომ გნახე! – აღმოხდა ფრენის, როგორც კი ტაქსი დაიძრა, – მომენატრე. სიტყვები თთქოს თავისით გამოფრინდნენ პირიდან, იმაზე ადრე, ვიდრე გააცნობიერებდა, რის თქმას აპირებდა… დამნაშავისავით შეხედა ლეინს და ნაზად მოუჭირა ხელზე თბილი თითები.
ერთ საათში ორივენი განცალკევებით მდგომ პატარა მაგიდასთან ისხდნენ ,,სიკლერში”, კოლეჯის სტუდენტური ელიტის საყვარელ რესტორანში, იმ სტუდენტების, რომლებიც იელის და ჰარვარდის უნივერსიტეტელების მსგავსად, აქ ნიშნავდნენ პაემნებს, მორისგან და კრონინისგან ცოტა რომ დაესვენათ. ისედაც, ,,სიკლერი” ამ ქალაქში ერთადერთი რესტორანი იყო, სადაც ,,თითის სისქე” სტეიკს არავინ უკვეთავდა, ზოგი წყვილი სალათს სჯერდებოდა, ზოგიერთები კი ამაზეც უარს ამბობდნენ და ზედმეტად ნივრიანი სალათებიაო, იმიზეზებდნენ. ფრენიმ და ლეინმა მარტინი შეუკვეთეს, ოფიციანტმა 10-15 წუთის შემდეგ მოუტანა სასმელი. ლეინმა მოსვა, მოხერხებულად მოკალათდა და კმაყოფილმა მიმოიხედა, ის მშობლიურ გარემოში იყო, ნაცნობ ხალხში, ნაცნობ რესტორანში, სასურველ არსებასთან ერთად, -გოგონა მშვენივრად გამოიყურებოდა, სხვებივით ტანთ ქაშმირის ზედატანი და ფლანელის ქვედაბოლო არ ემოსა, ძალიან, ძალიან ლამაზი და სანდომიანი იყო. ფრენიმ უმალვე შენიშვნა ბიჭის კმაყოფილი მზერა და სწორად გაიგო, მაგრამ დანაშაულის შეგრძნება არ გაუქრა, ამიტომ დადუმდა და გულისყურით დაუგდო ყური ლეინის სიტყვებს. ის ფლობერის შემოქმედებას განიხილავდა, დაახლოებით 15 წუთი, შეუჩერებლად საუბრობდა, ამბობდა, რომ რაღაც აკლდა მის ნაწერებს, თითქოს ვერ ახერხებდა, ზუსტად გადმოეცა სათქმელი, “ მე გულისხმობ, რომ რაღაც არ იგრძნობა მუხტი”, ამბობდა ბიჭი, -“ყველაფერს, რასაც ქმნის, მომწიფება აკლია, ხომ ხვდები, რის თქმას ვცდილობ?” ეს რიტორიკული შეკითხვა ფრენისკენ იყო მიმართული, მისი მარტინის ჭიქის მიღმა მყოფი აუდიტორიისკენ.
– რა აკლია?- ძლივს ამოღერღა ფრენიმ და სანამ ამ სიტყვებს ამოთქვამდა, ყელი ჩაიწმინდა, კარგა ხანი იყო, ხმა არ ამოეღო, მდუმარედ ისმენდა ლეინის მონოლოგს.
ლეინი შეიშმუშნა, ,,მამაკაცურობა” –უპასუხა ბოლოს
-პირველად მესმის შენგან მსგავსი შენიშვნა.
-ყოველ შემთხვევაში, ესაა მისი შემოქმედების მოტივი, მაგრამ ვერ ახერხებს სათქმელის ზუსტად გადმოცემას, დასძინა ლეინმა და კვლავ განაგრძო საუბრის თემა. – იცი, მეგონა თემას დავასრულებდი,მასზე ვწერდი, მაგრამ წაკითხული ხელიდან გამისხლტა ტყვიის ბუშტივით, ვერ ვასრულებ, თავს ვერ ვუყრი აზრებს.
ფრენიმ ისევ ჩაახველა ყელის ჩასაწმენდად, -რატომ?- ჰკითხა მოსაუბრეს და მიხვდა, მოთმინების ძაფი უწყდებოდა, საკმაოდ დაისაჯა დუმილით.
-რა რატომ?-გაუკვირდა ლეინს
-რატომ გაგისხლტა ხელიდან ტყვიის ბუშტივით?
-იცი? ბრაუმანს მოსწონს ჩემი ესსე ფლობერზე. უპასუხდ დატოვა კითხვა ბიჭმა.
ფრენიმ გაიღიმა, მარტინინ მოსვა და დასძინა, – მშვენიერი სასმელია, ძალიან მაგარი არაა და მომეწონა, ვერ ვიტან მაგარ სასმელებს.
ლეინმა თავი დაუქნია და ისევ თემას მიუბრუნდა, -იცი? შინ დავტოვე ფურცლები, ამ უქმეებზე ვეცდები, წაგიკითხო.
– საუცხოოა, მართლაც მაინტერესებს, სიამოვნებით მოგისმენ-უპასუხა გოგონამ.
ლეინიმ ისევ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად, – იცი, ახალს არაფერს ვამბობ იმ თემაში, მაგრამ ის იდეა, რაც მასში ჩავდე, სულაც არაა აზრს მოკლებული, მწერალი თითქოს დიდხანს ეძებს ზუსტ სიტყვებს და ვერ ახერხებს შერჩევას, მერე რა, რომ ფროიდი იცის, ეს არაფერს ცვლის, ხომ იცი, ფროიდის დიდი თაყვანისმცემელი არ ვარ, თანაც დიდი მწერლები, ტოლსტოი, დოსტოევსკი, შექსპირი, ღმერთმანი, სულ არ იცნობდნენ მას, მაგრამ ისინი წერდნენ, რასაც გულით გრძნობდნენ, განიცდიდნენ, სიტყვების ძიება და შერჩევა კი არ სჭირდებოდათ, თავისუყფლად, პირდაპირ ახერხებდნენ სათქმელის ზუსტად გადმოცემას… ფრენი დუმდა და ლეინმა ჩათვალა, რომ გოგონა დიდი ინტერესით უსმენდა, მაგრამ…
– ზეთისხილი არ გინდა? –ჰკითხა უეცრად გოგონამ
ბიჭმა დაბნეული მზერა შეაგება, კიდევ ერთი ყლუპი მარტინი მოსვა და ცივად უპასუხა, -არა.
– კარგი, როგორც იტყვი, დაამატა გოგონამ და მიხვდა, სულელური შეკითხვით ყველაფერი გააფუჭა, არადა სულაც არ უნდოდა ზეთისხილი, ნეტა რამ მოაფიქრა ეს შეკითხვა. უხერხული დუმილი ჩამოწვა ორს შორის, ლეინი მარტინის ნელ-ნელა, დაგემოვნებით სმას განაგრძობდა, ფრენი სიგარეტს სწვდა, ლეინის კოლოფიდან ერთი ღერი ამოაცოცა და მოუკიდა.
დუმილი ისევ ლეინიმ დაარღვია, – ბრაუმანი ამბობს, უნდა დაბეჭდო შენი წერილიო, მაგრამ არ ვიცი, ღირს? –აქ თითქოს დაიღალა საკუთარი აზრების მსვლელობისგან და ლოყა მოისრისა, მერე კი მექანიკურად მოიფშვნიტა თვალები. – ფაქტია, რომ ფლობერზე ბევრი სტუდენტი წერს, თუმცა ვერ ვიტყვი, რამდენად ღრმაა მათი ნაშრომები…
– ლეინ, პროფესორის ასისტენტივით ლაპარაკობ.
– ვერ მიგიხვდი, დაბნეულმა უპასუხა ლეინიმ.
– მართლა ასე ვფიქრობ, თითქოს პროფესორის ასისტენტივით საუბრობ.
– კი, მაგრამ, როგორ საუბრობენ პროფესორის ასისტენტები?
ფრენი მიხვდა, ბიჭის სიტყვებში გაღიზიანება იგრძნობოდა, ამოტომ გადაწყვიტა, აეხსნა, რისი თქმა სურდა, – აქ არ ვიცი როგორაა, მაგრამ იქ, სადაც მე ვსწავლობდი, ასისტენტები, პროფესორების არყოფნისას, მათ ცვლიდნენ. ძირითადად დამამთავრებელი კურსის სტუდენტები იყვენენ, ისე ნერვიულობდნენ, გეგონებოდა, კბილის ექიმის კაბინეტში არიანო, აი, მაგალითად., წარმოიდგინე, ვთქვათ შემოდის ერთ-ერთი მათგანი რუსული ლიტერატურის ლექციაზე, შემოდის კლასში, ფაქიზად გაუთოებულ პერანგზე ზოლიანი ჰალსტუხი უკეთია, ჯდება მაგიდასთან და ნერვიულად აკაკუნებს მასზე თითებს დაახლოებით ნახევარი საათი, თან ცდილობს, ბოლო მოუღოს ტურგენევს, მერე ასრულებს მასზე საუბარს და სტენდალზე გადადის, ან ვინმე, სხვა მწერალზე, რომელზეც დიპლომი აქვს დაცული… ათობით არიან ასეთები, საქმიანი ადამიანებივით დააბიჯებენ, იმდენად ბევრი იციან, საქმე საქმეზე რომ მიდგება, სიტყვასაც ვერ ძრავენ. მაგრამ თუ მოახერხეს სიტყვის დაძვრა, შეეკამათები და გამანადგურებელი მზერით შემოგხედავენ…
ფრენიმ საფერფლე თავისკენ მიაჩოჩა და მოხდენილად დააფერფლა სიგარეტი, – მაპატიე, ლეინი, დღეს ძალიან საძაგელი ვარ, ისედაც, მთელი კვირა ჩემს თავს არ ვგავარ, თითქოს ეშმაკი ჩამისახლდა სულში…
– წერილში არ იგრძნობოდა ეს განწყობა, ლეინი გაოგნებული ჩანდა.
გოგონამ მდუმრედ დაუქნია თავი, ეგ წერილი დიდი ძალისხმევის ფასად დამიჯდა, მთელი კვირა საშინელი განწყობა მქონდა, საძაგელი ვარ,უფრო მეტიც, საშინელი…
ლეინიმ რაღაცის თქმა დააპირა, მაგრამ მოახლოებულმა ოფიციანტმა შეუშალა ხელი, ცარიელი ჭიქების წასაღებად მოვიდა და იკითხა, კიდევ ხომ არ ისურვებდით სასმელსო.
– დალევ კიდევ? ჰკითხა ბიჭმა ფრენის, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო, გოგონა თვალს არ აშორებდა მაგიდაზე გადღაბნილ მზის სხივს, მზერით ცდილობდა მასში გახვევას.
– ფრენი, მოთმინებით გაუმეორა ლეინიმ, -დალევ კიდევ მარტინის?
გოგონა გამოერკვა, შენიშნა მაგიდიდან ალაგებული ცარიელი ჭიქები და გაურკვევლად უპასუხა, – არა, არ ვიცი…
ლეინის გაეცინა,- თქვი ფრენი, გინდა თუ არა, სანამ წასულა ოფიციანტი.
– ჰო, კიდევ დავლევ, ახლა უფრო მშვიდი ჩანდა…

ოფიციანტი გავიდა. ლეინი უცქერდა, როგორ გადაკვეთა მან რესტორანი, შემდეგ ისევ გოგონას მიუბრუნდა. ფრენი ახლა სიგარეტის ფერფლს ათავსებდა გამოცვლილ, ახალ საფერფლეზე, დაძაბულობისგან პირი ოდნავ გაეღო. ლეინი მზარდი გაღიზიანებით უცქერდა მცირე ხანს, სავარაუდოდ, ფრენის განწყობა მთელს უქმეებს გააფუჭებდა… მერე გადაწყვიტა, ურთიერთობების გარკვევა ეცადა გოგონასთან, მაგრამ მან დაასწრო…
– ლეინი, ახლა არ ღირს ჩემთან საუბარი, საზიზღარ ხასიათზე ვარ, იქნებ როგორმე გადავაგორო დღევანდელი დღე, -ამოთქვა და შენიშნა, უცხოსავით უყურებდა, თითქოს მეტროს მატარებლის ვაგონში გაკრული ლინოლიუმის რეკლამიდან გადმოსული ბიჭი იჯდა მის წინ. უეცრად ისევ შეუტია დანაშაულის გრძნობამ, გრძნობამ, რომელიც თან სდევდა მთელი დღე, იმ წუთიდან, როგორც კი ხელმკლავი გამოსდო ლეინის, ისევ საფერფლეზე ჩამოდებულ სიგარეტს სწვდა მექანიკურად, -გამივლის, გპირდები, გაუღიმა ბიჭს იმ იმედით, რომ მისგანაც საპასუხოდ ღიმილს და მცირეოდენ ნუგეშც მაინც მიიღებდა, ეს კი მცირედით მაინც შეცვლიდა უკეთესობისკენ იმას რაც შემდეგ ამ ამბავს მოჰყვა, მაგრამ ლეინიმ გულგრილობის ნიღაბი აიფარა და სრულიად ზედმეტად ჩათვალა სიტუაციის განეიტრალება, გოგონა ისევ სიგარეტს სწვდა და განაგრძო, – ასე გვიანი რომ არ იყოს და მე სულელს თავი რომ არ მეიძულებინა, წამოვსულიყავი, სულ მივატოვებდი ინგლისურს ლიტერატურას, აღარ დავბრუნდებოდი კოლეჯში, მომპეზრდა აქაური, პედანტი, ყველაფრის გამქიქებელი სტუდენტობა, -ისევ ლეინს შეხედა და მოუბოდიშა, – რა ვქნა, არ მონდოდა შენი წყენინება, მაგრამ ვერაფერი მოვუხერხე პირიდან ამოფრენილ სიტყვებს…არც კი ვიცი, რა მჭირს, ყველაფერი უდიდეს ძალისხმევად მიჯდება…

– შესანიშნავია, ჩაილაპარაკა ლეინიმ.
ფრენიმ შენიშნა სარკაზმი და კიდევ ერთხელ მოუბოდიშა

– არ გინდა, ფრენი, რა საჭიროა ამდენი ბოდიში, რას იზამ, ასთები ვართ ინგლისური ლიტერატურის კურსის სტუდენტები…
აქ ისევ გააწყვეტინა სიტყვა ფრენიმ,- კარგი, ლეინი, უბრალოდ, ცუდად ვარ დღეს, ყურადღებას ნუ მომაქცევ…

ლეინის კი აღარ შეეძლო შეჩერება, რატომ არ მოგწონს ინგლისური ლიტერატურის განყოფილება, შევეშვათ ამ პროფესორის ასისტენტებს, განა მხოლოდ არაკომპეტენტურ ხალხს შეხვდები იქ, განა ჩვენთან არ არიან მენლუისი და ესპოზიტო? ნეტავ ბევრი გვყავდეს მსგავსი ადამიანები, ბოლოს და ბოლოს, ისინი ხომ პოეტები არიან…
-არა, არ არიან პოეტები, შეედავა ფრენი, ისინი მხოლოდ ლექსებს წერენ, მერე აქვეყნებენ, ანთოლოგიებში ათავსებენ, მაგრამ პოეტები არ არიან. გოგონა შეჩერდა და სიგარეტი ისევ ამოიღო კოლოფიდან. სახეზე ფერი აღარ ედო, რამდენიმე წუთით ლეინი მხოლოდ პომადის კონტურსღა ამჩნევდა ორი ნათურის შუქით განათებულ ფერმკრთალ სახეზე. –მოდი, მოვრჩეთ ამაზე ლაპარაკს, მე წავალ, მოგშორდები, თორემ მთელს უქმეებს ჩაგამწარებ ასე, გავქრები, ჩემი სკამის ქვეშ უფსკრული არაა, რომ გავუჩინარდე, გავქრე სადმე?
ოფიციანტმა ორი მარტინი მოიტანა, ერთი ერთს დაუდგა, მეორე -მეორეს. ლეინიმ თითები შემოაჭდო ჭიქას. -შენ ყველაფერს ხაზს უსვამ, ყველაფერს ანადგურებ, როგორ წარმოგიდგენია ნამდვილი პოეტი, მაინცდამაინც ბოჰემური ტიპის, ან სულაც გარდაცვლილი? როგორც ჩანს მხოლოდ გრძელთმიან ნაბიჭვრებს მიიჩნევ პოეტებად.
– არა, ლეინი, არ ვამბობ ამას, მოდი, რა შევწყვიტოთ კამათი, ხომ გითხარი, საშინლად ვგრძნობ თავს, სულაც დავანებებ თავს ამ საგნის შესწავლას, შენ ამიხსენი მაშინ, ვინაა ნამდვილი მგოსანი და მე დაგიჯერებ, მართლა დაგიჯერებ.
ფრენის შუბლზე წვეთები დააჩნდა, როგორც ჩანს, ძალიან ჩამოცხა რესტორანში, ან იქნებ ცარიელი კუჭის ბრალი იყო, სულაც, იქნებ მარტინიმ იმოქმედა, ყოველ შემთხვევაში,ლეინის არაფერი შეუმჩნევია.
– ვერაფრით განვსაზღვრე ჭეშმარიტი პოეტის მიზანი, დამღალა ამაზე ფიქრმა, ლეინი, გთხოვ, დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი, თავს ძალიან უცნაურად ვგრძნობ, არ შემიძლია…
– კარგი, კარგი, ფრენი, დამშვიდდი, მე მხოლოდ ვცდილობდი……

– მე ერთი რამ ვიცი, თუ პოეტი ხარ, უნდა ეცადო, რაღაც მშვენიერი შექმნა, ისეთი, გვერდს რომ გადაფურცლავს და მაინც არ დაავიწყდება მკითხველს, ისინი, შენ ვისზეც საუბრობ ხოლმე, ერთ მშვენიერ აზრსაც არ ტოვებენ ჩემში, ან ლამაზ, ღრმა სტრიქონს, იქნებ სხვებზე ცოტათი უკეთესები არიან, საინტერესო აზრებიც აქვთ, მაგრამ გულიდან არ მოდის ეს სტრიქონები, გამიზნულად ცდილობენ, თავი დაამახსოვრონ მკითხველს, ეს კი, ღვთის გულისათვის, რა პოეზიაა, უბრალო სიტყვების რახარუხია, შთაბეჭდილებათა კასკადია და მეტი არაფერი, ასეთები არიან სწორედ შენი მენლუისი და ესპოზიტო.
ახლა ლეინი დასწვდა სიგარეტს, სანამ რამეს იტყოდა, მერე კი იმედგაცრუებულმა ამოღერღა, -მე მეგონა, მოგწონდა მენლუისი, ყოველ შემთხვევაში, მახსოვს, სადღაც ერთი თვის წინ მითხარი, კარგიაო.
– ჰო, უბრალოდ მომწონდა, ეს იყო და ეს, ახლა კი ყელში ამომივიდა ეს ,,უბრალოდ მოწონება”, ვნატრობ, ღმერთმა მაპოვნინოს ისეთი შემოქმედი, ვინც ჭეშმარიტად მომეწონება, მთელი გულით, მთელი გრძნობით, ვისაც მართლა პატივს ვცემ… –მაპატიე, ერთი წუთით უნდა გავიდე, -ფრენი უცებ ფეხზე წამოდგა, ხელჩანთა აიღო და გასვლა დააპირა, ძალიან ფერმკრთალი ჩანდა.
ლეინიც წამოდგა, სკამი გაასწორა და შეშფოთებულმა ჰკითხა,- რა მოგივიდა, ცუდად ხარ?
– რამდენიმე წუთში დავბრუნდები.
გოგონა გავიდა, არც კი უკითხვას ვინმესთვის, რომელ მხარეს უნდა წასულიყო, წარბშეუხრელად გაიარა ,,სიკლერის” სიგარეტის კვამლში გახვეული დარბაზი.

ლეინი, მაგიდასთან მარტო დარჩენილი, სიგარეტს სწვდა, მოუკიდა და პატარ-პატარა ყლუპებით განაგრძო მარტინის სმა, თითქოს ცდილობდა, ფრენის მოსვლამდე ყოფნოდა სასმელი. ჩაფიქრდა, ცხადი იყო, საპნის ბუშტივით გაქრა ის კმაყოფილება და აღფრთოვანება, რაც ნახევარი საათის წინ, გოგონას დანახვისას დაეუფლა. ცარიელ სკამს ალმაცერად შეხედა, მის საზურგეზე დაუდევრად იყო მიფენილი ენოტის დაბალბეწვიანი ქურქი, სწორედ ის, რომლის დანახვამაც ასე გაახარა სადგურზე. სამოსის აბრეშუმის სარჩულის ნაოჭებიც კი აღიზიანებდა ახლა, ამიტომ მზერა მარტინის ჭიქაში ჩადებულ კოქტეილის ჩხირზე გადაიტანა, შეშფოთებული და გაყინული სახე ჰქონდა. ერთ რამეში დარწმუნდა, უქმეები საზიზღრად იწყებოდა და კარგს არაფერს უქადდა, ერთიანად მოეშხამა გუნება… სწორედ ამ დროს მოჰკრა თვალი დარბაზში თავის თანაკლასელს გოგონასთან ერთად. ლეინის სრულიადაც არ სურდა, ნაცნობებს შეენიშნათ მისი განცდები, ამიტომ სკამზე გასწორდა, სახიდან იმედგაცრუებული გამომეტყველება მოიშორა, იმ ჭაბუკს დაემსგავსა, რომელიც წყნარად, თავისთვის ზის კაფეში და საპირფარეშოში გასულ შეყვარებულს ელოდება მშვიდი იერით, დროის გასაყვანად კი სიგარეტს ეწევა და მარტინის აგემოვნებს.
საპირფარეშო ,,სიკლერს” თითქმის ისეთივე დიდი ჰქონდა, როგორც სასადილო ოთახი, ისიც არანაკლებ კეთილმოწყობილი. ფრენი რომ შევიდა, სრული სიცარიელე სუფევდა. არსად ჩანდა მომსახურე პერსონალი. გოგონა ცოტა ხანს შეჩერდა, კაფელით მოპირკეთებულ იატაკს დახედა, შუბლზე კვლავ ცივმა ოფლმა დაასხა, პირი იდნავ ჰქონდა ღია, ახლა იმაზე უფრო ფერმკრთალი ჩანდა, ვიდრე დარბაზში ყოფნისას. უეცრად, ძალიან სწრაფად, ყველაზე შორეული და მიუსაფარი კაბინისკენ მოწყვეტით გაემართა, რვიდან სწორედ ასეთი ამოარჩია, საბედნიეროდ, კაბინებს მონეტების აპარატი არ ედგა და შესვლა უფასო იყო. სწრაფადვე ჩამოჯდა უნიტაზზე, მუხლები მჭიდროდ მიატყუპა ერთმანეთს და ისე მოიკუნტა, რომ მთლად დაპატარავდა. ხელები თვალებთან მიიტანა, თითები საფეთქლებს მიაჭირა და გამეტებით დააწვა ქუსლებს, თითქოს ამით მხედველობის ნერვის პარალიზება ჰქონდა გადაწყვეტილი, ყველაფერი რომ გახუნებულ შავ ფერში დაენახა და აღექვა. დაჭიმული თითები უცახცახებდა, შეიძლება სწორედ ამის გამო სხეულის ეს ნაკვთები უჩვეულოდ გრაციოზული და ლამაზი მოუჩანდა. ამ მდგომარეობაში სულ რამდენიმე წუთს დაჰყო, შემდეგ მოეშვა და დაახლოებით 5 წუთი შეუჩერებლად იტირა. ტიროდა და არც კი ცდილობდა, თავის არსებაში ჩაეხშო მწუხარების და ტკივილის ხმაურიანი გამოვლინება, ტიროდა ისტერიულად, კონვულსიური, ყელისმიერი ბგერებით, ჩვილივით, რომელსაც ცრემლები სუნთქვაში უშლის ხელს. მერე კი ჩაწყნარდა, ჩაწყნარდა ყოველგვარი მტკივნეული, მჩხვლეტავი სუნთქვითი სპაზმის გარეშე, რაც ხშირად ახლავს თან მსგავს მდგომარეობას. იგრძნო, როგორ აუმჩატდა სხეული და მოდუნდა. სახეზე ჯერ კიდევ უბრწყინავდა ცრემლები, უაზრო გამომეტყველება ჰქონდა, უეცრად დასწვდა ხელჩანთას და ბარდისმარცვლისფერი წიგნი ამოიღო, მუხლებზე დაიდო, დახედა, მიაშტერდა, მერე კი აიღო, გულში ჩაიხუტა და მალევე ჩააბრუნა უკან, ჩანთაში. წამოდგა, კაბინა დატოვა, სახეზე ცივი წყალი შეისხა, ქაღალდის პირსახოცით შეიმშრალა, ტუჩებზე პომადა გადაისვა, თმა გადაივარცხნა და საპირფარეშოდან გამოვიდა.
შესანიშნავად გამოიყურებოდა გამოცოცხლებული ფრენი, სახე უბრწყინავდა, თითქმის სადღესასწაულო იერი ჰქონდა, სწორედ რომ რესტორნის შესაფერისი, წელში გამართულმა გაიარა დარბაზი და გაღიმებული დაუბრუნდა თავის მაგიდას. ლეინი წამოდგა, სკამი მოუმარჯვა გოგონას.
– ღმერთო ჩემო, მაპატიე, ლეინი, მგონი იფიქრე, სად დაიკარგა, ხომ არ მოკვდაო, არა?
– ეგ სულაც არ მიფიქრია, კუშტი სახით მიუგო ბიჭმა და სკამი ახლოს მიუწია, – უბრალოდ, ვერ მივხვდი, რა ჯანდაბა დაგემართა, ხომ იცი, დრო ცოტა გვაქვს… ახლა უკეთ ხარ? თვალები თითქოს ჩასისხლიანებული გაქვს ოდნავ.
– თავს ახლა შესანიშნავად ვგრძნობ, მგონი ასე კარგად ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, -მიუგო ფრენიმ და სიგარეტს მოუკიდა. – შეკვეთა მიეცი ოფიციანტს?
– არა, შენ გელოდებოდი, – ლეინიმ დაკვირვებით შეხედა, -იქნებ მითხრა, რა დაგემართა, კუჭმა მოგცა შეტევა?
– ჰო, ჰო და არაც, არც კი ვიცი,- უპასუხა გოგონამ. შემდეგ მენიუს შეხედა, მის თეფშზე რომ იდი და არც კი მოჰკიდა ხელი, ისე სთხოვა ლეინის, მხოლოდ ქათმის სენდვიჩი და ერთი ჭიქა რძე შეუკვეთე ჩემთვისო.
– არა, შენ ნამდვილად გინდა ეს უქმეები ჩამაშხამო, ქათმის სენდვიჩი რამ მოგანდომა, განა აქ უკეთესი არაფერი აქვთ?- უსაყვედურა გოგონას და საგარეტის კვამლი პირდაპირ თეფშისკენ მიმართა.
– არ მშია, ლეინი, რა ვქნა, ძალით ხომ არ მოვატანინებ ოფიციანტს ნაირგვარ კერძებს, შენ რაც გაგიხარდება, ის შეუკვეთე, რვაფეხა, ხამანწკები…მხოლოდ იმიტომ, რომ შენ გაგახარო, მადას ვერ მოვიყვან, არ შემიძლია,- გაღიზიანდა უეცრად…
– კარგი, კარგი, ლეინიმ კისერი დაიგრძელა და როგორღაც უხმო ოფიციანტს, შეუკვეთა ფრენისთვის ქათმის სენდვიჩი და ერთი ჭიქა რძე, ხამანწკები, ბაყაყის თათები და სალათი კი თავისთვის. შემდეგ კი მაჯის საათზე დაიხედა. – ალბათ ტენბრიჯში ასე ორის თხუთმეტ წუთზე, ან ორის ნახევარზე ვიქნებით, უოლის ვუთხარი, რომ დასალევად შევივლიდით მის წვეულებაზე, მერე კი მისივე მანქანით შეგვიძლია სტადიონზეც წავიდეთ, წინააღმდეგი ხომ არა ხარ? შენ ხომ მოგწონდა უოლი?
– არც კი მახსოვს, ვინაა ეგ უოლი.
– კი მაგრამ, ფრენი, ოცეჯერ მაინც გყავს უკვე ნანახი, ნუთუ არ გახსოვს უოლი კემპბელი? ღმერთო ჩემო, მხოლოდ ერთხელ რომ გენახა , არ გამიკვირდებოდა, მაგრამ…
– მოიცა, გამახსენდა… მისმინე, ნუ მიბრაზდები იმის გამო, რომ ადვილად ვერ ვიმახსოვრებ სახეებს. განსაკუთრებით მაშინ, როცა ყველა ერთმანეთს ჰგავს, საუბრით, ჩაცმის მანერით, ქმედებებით. – აქ უეცრად გაჩუმდა გოგონა, მიხვდა, ცოტა არ იყოს, საზიზღრად გამოუვიდა და ისევ მოისრისა შუბლი, რადგან იგრძნო, ხმა გაებზარა, თუმცა სათქმელს ისევ მოუყარა თავი და გააგრძელა:
-ოთხი წელია, სადაც წავედი, ყველგან უოლი კემპბელს ვხედავ. ვიცი, როდის ცდილობს მომხიბვლელი იყოს, როდის ავრცელებს ბინძურ ჭორებს საერთო საცხოვრებელში მცხოვრებ გოგონებზე, ვხვდები, როდის მკითხავს, როგორ გავატარე ზაფხული ან როდის გამოსწევს სკამს, გადააჯდება და ხმადაბლა, საზიზღარი ხმით იწყებს ტრაბახს. თითქოს დაუწერელი კანონია, გარკვეული ფინანსური და სოციალური მდგომარეობის ხალხი მანამ სვრის ლაფში ხალხს, სანამ მათი სახელი არ ამოტივტივდება, სანამ ყველა არ მიხვდება, რომ ამ საშინელი ხმების გამავრცელებელი თვითონაა ნაბიჭვარი, ნიმფომანიაკი ან რაღაც ამის მსგავსი. – აქ ისევ ჩაუწყდა ხმა, ცოტა ხანს ჩუმად იყო, საფერფლეს ჩააცივდა, ცდილობდა, არ შეემჩნია ლეინის გამომეტყველება. – მაპატიე, თქვა ხანმოკლე დუმილის შემდეგ, მხოლოდ უელი კემპბელს არ ვგულისხმობ, ამას რომ ვამბობ, უბრალოდ, მის ხსენებას მოჰყვა ეს ყველაფერი, ისიც ერთ-ერთი იმათგანია, ვინც იტალიაში ან კიდევ სადღაც ატარებს ხოლმე ზაფხულს და ამით თავი მოაქვს.

-ცნობისთვის, გასული ზაფხული კემპბელმა საფრანგთში გაატარა, განაცხადა ლეინიმ, მშვენვრად ვხვდები, რასაც გულისხმობ, დაამატა სასწრაფოდ, მაგრამ საზიზღრად…
– კარგი, კარგი, საფრანგეთი იყოს, დაღლილი ხმით უპასუხა ფრენიმ, მერე ისევ ამოიღო სიგარეტი მაგიდაზე დაგდებული კოლოფიდან. კემპბელის ადგილას შეიძლებოდა გოგოც ყოფილიყო საერთო საცხოვრებლიდან, რომელიც ცოტა განსხვავებულ სცენარს დაწერდა საზაფხულოდ, მთელს არდადეგებს საფონდო ბირჟაზე გაატარებდა, ან ველოსიპედით შემოივლიდა უელსს. სულაც, ბინას იქირავებდა ნიუ იორკში და რომელიმე ჟურნალში ან სარეკლამო კომპანიაში წაიმუშავებდა. ეს ყველას სენია, ყველა ცდილობს, თავი მოიწონოს რაიმეთი, არადა, ჩემი აზრით, ნამდვილად ცუდი საქციელია ეს, სულელური აუცილებლობაა და იცი, რა არის ყველაზე დიდი საშინელება? ის, რომ თუკი ცდილობ, ხალხს ბოჰემური ტიპის ადამიანად მოაჩვენო თავი, შენც ამ მეტიჩრებს ემსგავსები, ესეც იგივეა, მხოლოდ და მხოლოდ განსხვავებული ფორმით გამოხატული. აქ ისევ შეჩერდა, თავი გააქნია, სახე გაუთეთრდა და შუბლზე ხელი მიიდო, მშობლები გაახსენდა, რომლებიც პატარაობისას სწორედ ასე ცდილობდნენ, შეეტყოთ, მათ გოგონას სიცხე ჰქონდა თუ არა. – სულელურ მდგომარეობაში ვარ, მგონი ვგიჟდები ან იქნებ უკვე გავგიჟდი კიდეც,
ლეინი გულწრფელი თანაგრძნობით უცქერდა, უფრო თანაგრძნობით, ვიდრე ცნობისმოყვარეობით, – საშინლად ფერმკრთალი ხარ, ფრენი, იცი?
ფრენიმ თავი გაიქნია უარის ნიშნად,- თავს შესანიშნავად ვგრძნობ, ერთი წუთიც და უკეთ ვიქნები. ამ დროს მაგიდას ოფიციანტი მიუახლოვდა და შეკვეთა მოიტანა, გოგონამ ჯერ მას შეხედა, მერე ბიჭს მიუბრუნდა, – მშვენიერი ხამანწკები ჩანს. სიგარეტი აიღო, მაგრამ ხელიდან გაუვარდა, ამან გააღიზიანა და ასანთი სად წაიღეო, ჩაეკითხა ლეინის, ბიჭმა სანთებელა მიაწოდა, – მეტისმეტად ბევრს ეწევი, ძალიან მაწუხებს ეს, სერიოზულად გეუბნები – უთხრა და პაწაწინა ჩანგალს სწვდა, ხამანწკების მისართმევად რომ იყო გამიზნული, – ღმერთმანი, ნეტავ რა დაგემართა ამ ბოლო ორ კვირაში?
– არაფერი, ნამდვილად არაფერი.,მოჩვენებითი სიმშვიდით მიუგო გოგონამ, – ჭამე შენი ხამანწკები, თორემ გაცივდება კერძი და აღარაფრად ივარგებს.
– შენც ჭამე.
ფრენიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და თავის კერძს გულგრილად დახედა, იმავე წუთში საშინელი გულისრევა იგრძნო, ამიტომ მზერა მოარიდა ქათმის სენდვიჩს და ისევ სიგარეტს დასწვდა.
– წარმოდგენის საქმე როგორაა? ჰკითხა ლეინიმ.
– არც კი ვიცი, აღარ ვმონაწილეობ, უარი ვთქვი.
– უარი თქვი? ლეინი გაოცდა, შენ ხომ გიჟდებოდი ისე გინდოდა ამ სპექტაკლში მონაწილეობა, რა მოხდა? სხვას მისცეს შენი როლი?
– არა, არაფერი მომხდარა, უბრალოდ, მე აღარ ვინდომე, სისულელეა და იმიტომ.
– კი მაგრამ, მაინც ვერ ვხვდები, რა მოხდა, ნუთუ მთელი განყოფილება მიატოვე!
ფრენიმ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ცოტაოდენი რძე მოსვა. ლეინიმ დააცადა, სანამ ჩაყლაპავდა, შემდეგ ისევ მიუბრუნდა, – ღვთის გულისათვის, იქნებ მითხრა, რატომ? თეატრი შენი მოწოდება მეგონა, ის ხომ ერთადერთი იყო, რაზეც საუბარი არასოდეს გბეზრდებოდა?
– წამოვედი დრამწრიდან და მორჩა, სულ ესაა, იქაც გავუცხოვდი, ამ ბოლოს თავს საძაგელ, პატარა ეგომანიაკად ვთვლიდი, არც კი ვიცი, რატომ, ალბათ იმიტომ, რომ სულ მსურდა, საუკეთესო როლები მეთამაშა, ეს კი ეგოიზმია. თანაც მძულდა ჩემი თავი თამაშისას, სცენის უკან დგომა წარმოდგენის დამთავრებამდე ნერვებს მიშლიდა, ვერ ვიტანდი ჩემს გარშემო მოფუსფუსე, სითბოსა და მოწყალების ნიღაბაფარებულ ეგოისტებს, ყველას რომ კოცნიდნენ და გრიმწათხუპნული დარბოდნენ წინ და უკან, თანაც, ამ ყველაფრის მიუხედავად, ცდილობდნენ ბუნებრივები და საოცრად მეგობრულები მჩვენებოდნენ. ჩემი თავიც მძულდა. . . ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ უკვე მრცხვენოდა პიესაში თამაში. განსაკუთრებით საზაფხულო დასს ვერ ვიტანდი, – აქ ლეინის შეხედა გოგონამ, მერე განაგრძო,- არადა კარგი როლები მქონდა, ასე ნუ მიყურებ, თუმცა, მიუხედავად ყველაფრისა, ისეთები მაინც არა, როგორიც მსურდა. ისეთი როლები იყო, რომელთა თამაშის გამო სირცხვილი არ უნდა განმეცადა, საერთოდ რომ მქონოდა რაიმეს რიდი და პატივისცემა. ჩემი ძმა მოდიოდა ხოლმე რეპეტიციებზე, უსმენდა, როგორ ვცდილობდი ესა თუ ის სცენა გამეთამაშებინა, მე კი, ზოგიერთებს წარმოდგენაზე მოსვლასაც კი ვუკრძალავდი. აქ ჩაფიქრდა ფრენი, – მხოლოდ ერთი პიესა მომწონდა გასულ ზაფხულს, ,,ქარაფშუტა”, მაგრამ პეგინმა ყველაფერი გააფუჭა, ზედმეტად ლირიკული იყო, ღმერთო ჩემო, სად ,,ქარაფშუტა” და სად ლირიზმი!
ლეინი მორჩა ხამანწკების ჭამას, სახეზე მეტისმეტად ჩაფიქრებული გამომეტყველება ჰქონდა. – ჰო, მახსოვს, საშინელი რეცენზიები დაიწერა მაგ სპექტაკლზე, შარშან გამომიგზავნე, გახსოვს?
– ჰო, ლეინი, მახსოვს, ამოიოხრა ფრენიმ.
– ნახევარი საათია ამაზე საუბრობ, ფრენი, ისე გამოდის, თითქოს შენა ხარ ერთადერთი ადამიანი, ვისაც საღი აზრი შერჩენია, ვისაც ხალხის გაკრიტიკება ხელეწიფება. კი, გასაგებია, საუკეთესო კრიტიკოსებმა გაასწორეს მაშინ მიწასთან პეგინი, შეიძლება მართლებიც იყვნენ, მაგრამ ისიც შესაძლებელია, შენთან ერთად ის კრიტიკოსებიც შემცდარიყვნენ შეფასებაში, ამაზე გიფიქრია ოდესმე?
– კი, მიფიქრია, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, მან საშინლად ითამაშა და ყველა მიხვდა ამას, ვისაც სულ ცოტა ნიჭი მაინც გააჩნია. თუ გსურს, ,,ქარაფშუტაში” ითამაშო, ნიჭიერება საკმარისი არაა, გენიოსი უნდა იყო, ეს ასეა და ვერაფერს გააწყობ. – გოგონა ოდნავ მოიხარა, პირი სულ ცოტაზე გააღო და თავი ხელზე გრაციოზულად ჩამოსდო. – იცი, უცნაურად ვგრძნობ თავს, არც კი ვიცი, რა მემართება. . .
– როგორ ფიქრობ, შენ გენიოსი ხარ?
– კარგი, რა, ლეინი, ამას რატომ მეუბნები?
– არაფერსაც არ გეუბნები. . . .
– მგონი საერთოდ ვკარგავ ჭკუას, – განაგრძო ფრენიმ. მომბეზრდა ყველას ეგო; შენიც, სხვისიც, საკუთარიც, ყელში ამომივიდა ყველა, ვინც ცდილობს, რაღაც საინტერესო ან ღირშესანიშნავი გააკეთოს ცხოვრებაში, ეს საზიზღრობაა და რაც უნდათ, ის თქვან, არ მაინტერესებს არავის აზრი.
ლეინიმ გაოცებით ასწია წარბი და სკამზე გასწორდა, უკეთ რომ ეცქირა გოგონასთვის, – როგორ ფიქრობ, ფრენი, არ გეშინია იმის, რომ ცხოვრებაში მრავალთან მოგიწევს შეჯიბრება? მე ბევრი არაფერი მესმის თეატრის, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამის გარეშე არაფერი გამოვა მაგ საქმეში.
– იცი, ლეინი, მე შეჯიბრების არ მეშინია, უფრო ის მაფრთხობს ამის აუცილებლობა რომ არსებობს, აი, ესაა, რაც ნამდვილად მაშინებს და ამის გამო წამოვედი თეატრიდან. ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, არ შემიძლია, ვაღიარო ყველას ღირებულებები, მე ჩემი გამაჩნია, მიყვარს აპლოდისმენტები, ვაღმერთებ, ხალხს რომ ჩემით აღფრთოვანებას ვატყობ, მეზიზღება თავი ამისთვის, მაგრამ ყველაზე მეტად იმას განვიცდი, რომ ერთხელაც შეიძლება არარაობად ვიქცე ხალხის თვალში, სწორედ ამიტომ მეზიზღება საკუთარი თავი და ყველა ჩემს ირგვლივ, ვინც ცდილობს გამომაფხიზლოს, გონზე მომიყვანოს. – აქ ცოტა ხნით შეისვენა, ხელი წაატანა რძიან ჭიქას და ტუჩებთან მიიტანა.
– მე ეს კარგა ხანია ვიცი, ამაში ახალი არაფერია, ენა კი წინ მისწრებს, მინდა გავჩუმდე, მაგრამ ვერ ვახერხებ, ვერ ვძლევ სურვილს, ყველაფერი ამოვთქვა. გუშინწინაც დიდი ძალისხმევა დამჭირდა, რომ გავჩუმებულიყავი, ალბათ გიჟი ვარ, ნამდვილი შეშლილი და ვერ ვხვდები.
ფრენის ამ სიტყვებზე მაგიდას ოფიციანტი მოუახლოვდა, ლეინს ბაყაყის თათები მოუტანა, გოგონა გაჩუმდა და წყნარად ახედა მოსულს. მან კი თეფშზე ხელუხლებელი ქათმის სენდვიჩი შენიშნა და ჰკითხა, შეკვეთის შეცვლას ხომ არ ინებებდა. ფრენიმ მადლობა გადაუხადა და მიუგო, არა, იყოს, უბრალოდ ძალიან ნელა ვჭამო. ოფიციანტი ხანშიშესული და საკმაოდ გამოცდილი კაცი იყო, შენიშნა ახალგაზრდა ლედის სიფერმკრთალე და ჩამუქებული თვალები, თუმცა არაფერი თქვა, თავი დაუკრა ორთავეს და გაუჩინარდა.
– გინდა ჩემი ცხვირსახოცი? ანაზდად ჰკითხა ლეინიმ გოგონას და დაკეცილი, თეთრი ცხვირსახოცი გაუწოდა, ხმა უთრთოდა, შეცბუნებული და შეფიქრიანებული,ჩანდა.
–ცხვირსახოცი რად მინდა?
– შუბლზე ოფლის წვეთები გაქვს, წარბებიც დაგენამა.
– მართლა? შეშფოთდა ფრენი. ღმერთო ჩემო! გოგონა სწრაფად სწვდა თავის ხელჩანთას, გახსნა და ამოქექა. – სადღაც ,,კლინექსი” უნდა მედოს, იქნებ ვნახო.
– რა მნიშვნელობა აქვს, რით მოიწმენდ, ჩემი ცხვირსახოცი აიღე.
– არა, არა, მიყვარს შენი ცხვირსახოცი და არ მინდა დავსვარო. უპასუხა ფრენიმ, არადა ხელჩანთა ათასი რამით ჰქონდა გამოტენილი. უკეთ რომ მოეძებნა, ნივთების ამოლაგება დაიწყო, ყველაფერი თავისი ხელუხლებელი ქათმის სენდვიჩის გვერდით მოათავსა მაგიდაზე. – აი, ისიც, თქვა ბოლოს და ბოლოს, პაწაწინა სარკე აიღო და ფრთხილად მოიწმინდა შუბლი ,,კლინექსის” ქაღალდის ცხვირსახოცით. – ღმერთო ჩემო, მოჩვენებას ვგავარ, ლეინი, ასეთს როგორ მიტან?
– ეგ რა წიგნი გაქვს? კითხვა შეუბრუნა ლეინიმ.
ფრენი მოულოდნელობისგან შეკრთა. მერე შემდეგ მაგიდაზე დადებულ შეკვრას შეხედა, – ამ წიგნზე ამბობ? მატარებელში საკითხავად წამოვიღე.
– მათხოვე, გადავხედავ. -სთხოვა ბიჭმა.
ფრენი არ უსმენდა. ისევ სარკეში იცქირებოდა. მერე სასწრაფოდ დაიწყო ნივთების ჩალაგება, პუდრა, ქვითრების შეკვრა, სამრეცხაოს ბარათი, კბილების ჯაგრისი, ასპირინის შუშა და ოქროს პაწაწინა კოკტეილის ჩხირი ერთმანეთის მიყოლებით ჩაყარა ხელჩანთაში. – არც კი ვიცი ეს კოკტეილის ჩხირი რად მინდა, სულ თან რომ დავატარებ, მახსოვს, ერთმა ჩოფურა ბიჭმა მაჩუქა დაბადების დღეზე, მისი აზრით საოცარი საჩუქარი იყო, თვალებში მიყურებდა,შეკვრას რომ ვხსნიდი, გახარებული ყურებამდე იღიმებოდა და მიხსნიდა, სულ თან თუ ატარებ, ბედნიერებას მოგიტანსო, რამდენჯერმე ვცადე, გადამეგდო, მაგრამ ვეღარ შეველიე, მგონი საფლავშიც კი ჩავიტან, ისე შევეჩვიე.
ლეინი თავის კერძს ჩასჩერებოდა, მერე ისევ წიგნი გაახსენდა. – ფრენი, რატომ არ მეუბნები რა წიგნია? საიდუმლოა რამე? არ შეიძლება, გავიგო?
– ჩანთაში რომ მედო, იმ პაწაწინა წიგნზე მეკითხები? გაუმეორა ფრენიმ, ცოტა ხანს უცქირა, როგორ გაჭრა ბიჭმა ბაყაყის თათი, მერე სიგარეტი ამოიღო შეკვრიდან და მოუკიდა. – არც კი ვიცი, ლეინი, რა გითხრა, წიგნს ,,პილიგრიმის გზა” ჰქვია. ცოტა ხანი ისევ უცქირა, როგორ ჭამდა ბიჭი, მერე განაგრძო, – ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, რელიგიის პედაგოგმა ახსენა ერთხელ ლექციაზე, რამდენიმე კვირაა, მაქვს და სულ მავიწყდება დაბრუნება.
– ავტორი ვინაა?
– ავტორი უცნობია, მგონი თვითონ იმ რუსი გლეხის დაწერილია, რომელსაც თავს გადახდა მთელი ეს ამბავი, – გოგონა თვალმოუშორებლად უცქერდა, როგორ ჭამდა ლეინი ბაყაყის თათებს, – ვინაობას არ ამხელს ეს ადამიანი, მხოლოდ ის ვიცი, რომ ოცდაცამეტი წლისაა, ხელი სტკივა და ცოლი ჰყავს გარდაცვლილი. მოქმედება XIX საუკუნის დასაწყისში ვითარდება.
– კარგი რამეა? ღირს წაკითხვა? – ლეინიმ ცოტა ხნით შეწყვიტა ჭამა.
– არც კი ვიცი, ცოტა არ იყოს, უჩვეულო ნაწარმოებია, უფრო რელიგიური ხასიათისაა, შეიძლება, ცოტა ფანატიკურიც მოგეჩვენოს. იწყება ერთი გლეხის ამბით, რომელმაც გადაწყვიტა, გაეგო, რა იგულისხმება ბიბლიაში, როცა წერია, ქრისტიანი მუდმივად უნდა ლოცულობდესო. ალბათ შენც გსმენია ეს, შეუწყვეტლივ უნდა ლოცულობდეს, სულ, დღენიადაგ, თესალონიელთა წიგნში უნდა იყოს, მგონი, ამის შესახებ. ეს გლეხი მთელს რუსეთში მოგზაურობს, ეძებს ისეთ ადამიანს, ვინც ამ სიტყვების მნიშვნელობას განუმარტავს… გოგონა საუბრობდა და თვალს არ აშორებდა, როგორ ანაწევრებდა ბიჭი ბაყაყის თათებს.

– თან არაფერი მიაქვს გლეხს, გარდა ერთი ზურგჩანთისა, რომელშიც მხოლოდ პური და მარილი უწყვია. მერე ერთ ადამიანს გადააწყდება, ეგრედ წოდებულ ,,სტარეცს”, უხუცესს, გამოცდილ, რელიგიურ პირს, ეს ის მოუთხრობს წიგნზე, რომელსაც ,,ფილოკალია” ეწოდება და რამდენიმე გამოცდილი ბერის მიერაა დაწერილი, ამ წიგნში წერია, როგორ უნდა ილოცო განუწყვეტლივ.
– განაგრძე, თითქოს თავის ბაყაყის თათებს უთხრა თავჩაღუნულმა ლეინიმ.
– მოკლედ, ბოლოს და ბოლოს პილიგრიმი შეიტყობს, როგორ უნდა ილოცოს, მაგრამ აგრძელებს მოგზაურობას რუსეთში, ახლა უკვე იმტომ, რომ უამრავ შესანიშნავ მორწმუნე ადამიანს შეხვდეს და ყველას ასწავლოს ის, რაც, როგორც იქნა, თავად შეიცნო. აი, ესაა მთელი წიგნი.
– მგონი ნივრის სუნად ვყარვარ, არადა როგორ ვერ ვიტან, თქვა ლეინიმ.
-ერთხელ, რომელიღაც სოფლის გზაზე, გლეხი ორ პატარას შეხვდება, ეს პაწაწინა არსებები მხიარული ყიჟინით მისდევენ და ეძახიან: “ ძვირფასო მაწანწალავ, ძვირფასო მაწანწალავ, წამოდი ჩვენთან, დედიკოს უყვარს მათხოვრები, აპურებს ხოლმე მათ”, – განაგრძო ფრენიმ, -გლეხიც მიჰყვება პატარებს, ისინი კი ახალგაზრდა ცოლ-ქმართან მიიყვანენ, ეს წყვილი ყველაზე ძალიან მიყვარს ნაწარმოების მოქმედი პირებიდან. სახლიდან მოგზაურს ბავშვების დედა, მართლაც ძალიან სანდომიანი ახალგაზრდა ქალი გამოეგებება, თავაზიანად სთავაზობს მთლად ტალახში ამოსვრილი ჩექმების გაწმენდას და ჭიქა ჩაიზე ეპატიჟება. სტუმარს ოჯახის უფროსიც კარგად ხვდება, მასაც უყვარს მაწანწალები და პილიგრიმები, სადილადაც ეპატიჟება ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, პილიგრიმი გაოცებულას საზღვარი არ აქვს, როცა სუფრასთან ოჯახის წევრებთან ერთად შინამოსამსახურე ქალებსაც ხედავს, მაგრამ მასპინძელი განუმარტავს, რომ ამ ქალებს ქრისტესმიერ დებად მიიჩნევს და თანასწორებად თვლის. -აქ ისევ წელში გასწორდა გოგონა და ლეინის შეხედა, რომელიც ახლა პურზე კარაქს უსვამდა. – გლეხი ღამის გასათევადაც რჩება იმ ოჯახში და გვიანობამდე აცნობს ოჯახის მამას ლოცვის ახლადნასწავლ მეთოდს, დილით ადრე კი გზას აგრძელებს, რა ჯურის ხალხი არ ხვდება გზად…– აი, ესაა მთელი წიგნი.
ლეინიმ თავი დაუქნია და ჩანგლით გაჭრა სალათი. – იმედი მაქვს, ამ უქმეებზე მოიცლი და იმ ჩემს წერილს წაგიკითხავ, რომელზეც გიყვებოდი, ფლობერზე დაწერილს. ერთად გადავწყვიტოთ, ღირს თუ არა მისი დაბეჭდვა, კარგი?
– სიამოვნებით, მიუგო გოგონამ. – იცი? მოგეწონება ეს წიგნი, ძალიან უბრალოა, მარტივი. . .
– ჰო, საინტერესო უნდა იყოს, შენი მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, შენც წაუსვი კარაქი პურზე, არ გინდა?
– არა, არ მინდა, გმადლობ. სამწუხაროდ, არ შემიძლია ამ წიგნის თხოვება, სასწრაფოდ უნდა დავაბრუნო, მერე შენ თვითონ გამოიტანე ბიბლიოთეკიდან.
– პირიც არ დაგიკარებია შენს სენდვიჩზე, უსაყვედურა ბიჭმა.
ფრენიმ თეფშს ისე დახედა, თითქოს ის ის იყო წინ დაუდეს. – ახლავე შევჭამ, თქვა, მაგრამ გაირინდა. ხელში ისევ სიგარეტი ეჭირა, – არ გაინტერესებს რაში მდგომარეობდა მუდმივი ლოცვის წესი? – ჩაეკითხა ბიჭს, – საკმაოდ საინტერესოა.
– კი, მაინტერესებს, თავი დაუქნია ლეინიმ და ისევ მიუბრუნდა იმ დაწყევლილ ბაყაყის თათებს.
– გახსოვს, რაც მოგიყევი? გლეხი იწყებს მოგზაურობას მთელს რუსეთში, რომ გაიგოს, რაში მდგომარეობს ბიბლიაში ნახსენები მუდმივად ლოცვის საიდუმლო, მერე ერთ ,,სტარეცს” გადააწყდება, რომელსაც თავიდან ბოლომდე დაწვრილებით შეუსწავლია ,,ფილოკალია” და ამ საიდუმლოს უმხელს. უხუცესი გლეხს იესოს ლოცვას ასწავლის: ,,უფალო, იესო ქრისტე,ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი” , აი, სულ ესაა, ,,სტარეცი” უხსნის გლეხს, რომ ეს მოკლე ლოცვა დიდი მადლის მატარებელია, რადგან მასშია სიტყვა ,,შემიწყალე”, მრავლისმომცველი და მრავლისმეტყველი. ფრენიმ შეისვენა და ისევ ჩაფიქრდა, ახლა ლეინის თეფშის ნაცვლად მის მხარს შესცქეროდა. – უხუცესმა ასწავლა პილიგრიმს, მუდმივად ემეორებინა ეს ლოცვა, ჯერ ხმამაღლა, მერე გულში, მანამ, სანამ ჩვევად არ ექცეოდა მისი წარმოთქმა, დროთა განმავლობაში ლოცვა გულისცემას აუწყობდა რიტმს და აღარასოდეს შეწყვეტდა მის წარმოთქმას, ეს კი ადამიანის მსოფლმხედველობაზე მისტიკურ ზემოქმედებას ახდენდა, განწმენდდა ფიქრებს, აბსოლიტურად ახალ კონცეფციას ბადებდა.
ლეინი როგორც იქნა მორჩა ჭამას, ახლა, ფრენის მორიგი პაუზის შემდეგ, მან მოუკიდა სიგარეტს და გოგონას შეხედა, ის ისევ მისი მხრების მიღმა იცქირებოდა და ვეღარც კი ამჩნევდა ბიჭს.
– ,,სტარეცი” ამბობს, რომ, როცა ამ ლოცვას პირველად ამბობ, ვერც კი აცნობიერებ სიტყვების შინაარსს, არც იმას გთხოვს ვინმე, ირწმუნო, რასაც წარმოთქვამ, თავდაპირველად მხოლოდ იმას ცდილობ, რაც შეიძლება ბევრჯერ გაიმეორო, მოგვიანებით წვდები მხოლოდ მათ მნიშვნელობას, ძალას, რომლითაც აღსავსეა ღვთის სახელი და ნელ-ნელა სიტყვები მოქმედებენ. . .
ლეინი მოხერხებულად იჯდა სკამზე, სიგარეტს ეწეოდა და ფრენის უცქერდა, გოგონა ისევ ფერმკრთალი იყო, თუმცა ცოტა ხნის წინ ამაზე უფრო ცუდი ფერი დაჰკრავდა სახეზე.
– ფაქტიურად ეს სიტყვები მაგიურად მოქმედებენ, ამ წიგნმა ბუდისტთა ერთი სექტა გამახსენა, ნემბუცუ, ამ სექტის წევრები მუდმვად იმეორებენ სამ სიტყვას: “ნამუ ამიდა ბუცუ”, სიტყვასიტყვით ასე ითარგმნება, “ დიდება ამიდა ბუდას”, მათაც იგივე შეგრძნება ეუფლებათ, რაც იესოს ლოცვისას ქრისტიანს.
– მოიცა, ფრენი, ცოტა ხანს შეეშვი მაგაზე ფიქრს, თორემ ხელს დაიწვავ, გააწყვეტინა ლეინიმ.
ფრენიმ მარცხენა ხელზე დაიხედა და სიგარეტის აკვამლებული ნამწვი სასწრაფოდ დააგდო საფერფლეზე. – იგივე ხდება ,,შეუცნობლობის ღრუბლებში” სიტყვა ღმერთის ხსენებაზე, ახლა უფრო აზრიანად შეხედა ბიჭს, ვიდრე რამდენიმე წუთის წინ, – დედააზრი მოთხრობისა ისაა, რომ შეგაცნობინოს ამ სიტყვების ძალა, ამან მიმიზიდა მეც, შესანიშნავი რამაა. . . ფრენის უეცრად სიტყვა გაუწყდა, ლეინის მზერა შენიშნა, ბიჭი უცნაურად უყურებდა.
– რა მოხდა, ლეინი? გაუბედავად ჰკითხა.
– შენ რა, მართლა გჯერა ამ სისულელეების?
ფრენიმ კიდევ ერთი ღერი სიგარეტი ამოიღო კოლოფიდან, – მე არ მითქვამს, მჯერა თუ არ მჯერა, უბრალოდ ვთქვი, რომ შესანიშნავი იყო, ლეინიმ მოუკიდა, უბრალოდ ვთვლი, რომ ეს უცნაური დამთხევევაა რელიგიებს შორის, თანაც ერთი უჩვეულო რამაა კიდევ, უღმერთომ, ათეისტმაც რომ წარმოთქვას ეს სიტყვები, რაღაც მოხდება, აუცილებლად მოხდება. ინდოეთშიც, მედიტაციისას ადამიანები სიტყვა ,,ომ”-ზე ახდენენ ყურადღების კონცენტრაციას, ესეც იგივეა, აბსოლიტურად მსგავსი შედეგი მოაქვს. უბრალოდ, ყველაფრის რაციონალიზებაა საჭირო. . .
– და რა არის შედეგი? იკითხა ლეინიმ
–რა?
– რა შედეგს მოიტანს ეს ყველაფერი? რა მოქჰვება მთელს ამ სინქრონიზირებულ აბდაუბდას?
– რა მოჰყვება და შენ ღმერთს შეიცნობ, რაღაც ხდება შენს გულში, იქ, სადაც, როგორც ჰინდუები იტყვიან, ატმანი ბინადრობს. თუ შენ აღიარებ რომელიმე რელიგიას, შენ ღმერთს შეიცნობ, სულ ესაა. ფრენიმ სიგარეტი დააფერფლა, მაგრამ საფერფლეს ააცილა, შემდეგ თითებით მოხვეტა ფერფლი და შიგ ჩაყარა. – ახლა არ მკითხო, რა არის, ან ვინაა ღმერთი, ისიც კი არ ვიცი, არსებობს, თუ არა. პატარა რომ ვიყავი, ვფიქრობდი. . . უეცრად გაჩუმდა, რადგან კვლავ ოფიციანტი გამოჩნდა და მაგიდა აალაგა.
– დესერტს მიირთმევ? ან იქნებ ყავას დალევ? – ჰკითხა ბიჭმა.
– არა, აღარაფერი მინდა, შენ დალიე, უთხრა გოგონამ, ოფიციანტს ახლა მისი ხელუხლებელი სენდვიჩი მიქჰონდა.
ლეინიმ მაჯის საათს დახედა, – ღმერთო ჩემო, გვაგვიანდება, მე მხოლოდ ყავა მომიტანეთ, მიმართა ოფიციანტს, შემდეგ იდაყვებით დაეყრდნო მაგიდას, – კარგად მივირთვი, ყავასაც დავლევ და… შენ კი, იცი რა მინდა გითხრა? ელემენტარული ადგილი აღარ დაუტოვე ფსიქოლოგებს, არადა მთელს ამ რელიგიურ წიაღსვლას ფსიქოლოგიური ფონი გასდევს, მართლაც ძალიან საინტერესოა ეს ყველაფერი, ვერ უარვყოფ, შეხედა ფრენის და გაუღიმა, – ახლა კი დავასრულოთ ამაზე საუბარი, რაღაც მინდა გითხრა… მიყვარხარ, ფრენი, მგონი აქამდე არ მითქვამს, არა?..
– ლეინი, მაპატიე, მაგრამ ერთი წუთით უნდა გავიდე, ხომ არ გეწყინება? უთხრა ფრენიმ და სანამ წინადადებას დაასრულებდა, წამოდგა. ლეინიც წამოიწია, თან დაკვირვებით შეხედა გოგონას, – კარგად ხარ? თუ ისევ გული გერევა?
– არა, არა, არაფერია, უბრალოდ, გავალ ორიოდ წუთი და დავბრუნდები.
სწრაფად გადაჭრა სასადილო ოთახი, ისევ იმ მიმართულებით წავიდა, რომლითაც რამდენიმე საათის წინ გაემართა საპირფარეშოსკენ, მაგრამ ახლა პატარა კოქტეილების ბართან შეჩერდა, ოთახის ერთ, შორეულ კუთხეში. იქ ბარმენი იდგა და ჭიქებს ამშრალებდა, გოგონა შენიშნა და შეხედა. ფრენი ბარს დაეყრდნო, თავი ჩაღუნა, მარცხენა ხელის თითის წვერები შუბლზე მიიდო, მერე კი გულწასული ჩაიკეცა იატაკზე.
ხუთიოდ წუთი გავიდა სანამ გონს მოვიდოდა, ტახტზე იწვა, მენეჯერის ოფისში, ლეინი გვერდით ეჯდა. სახე ახლა უკვე მასაც გაფითრებოდა.
– როგორა ხარ? სასწრაფოდ ჩაეკითხა, დაინახა თუ არა გოგონა გონს მოსული, უკეთ გრძნობ თავს?
ფრენიმ თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად. ცოტა ხნით ისევ დახუჭა თვალები, მერე გაახილა და სცადა წარმოეთქვა, სად ვარო. ლეინი მიხვდა და მენეჯერის ოფისში ხარო, სიცილით უპასუხა. – ყველანი თავს დაგტრიალებდნენ, ახლა ნიშადურის სპირტის მოსატანად არიან წასულები, ალბათ ექიმსაც მოგიყვანენ. მართალი მითხარი, როგორ გრძნობ თავს? არ გეხუმრები.
– სისულელედ მოგეჩვენება, მაგრამ მართლა შესანიშნავად ვარ, მართლა გული წამივიდა?
– წაგივიდა და მერე როგორ, გაითიშე! უპასუხა ლეინიმ და მისი ხელი თავისაში მოიქცია. – კი მაგრამ, რა გემართება? გასულ კვირაში ტელეფონით რომ გელაპარაკე, თითქოს და მშვენივრად იყავი, დილით ისაუზმე?
ფრენიმ მხრები აიჩეჩა, მერე ოთახს მიმოავლო თვალი. – აქ საიდან გავჩნდი, ვინ მომიყვანა აქამდე?
– ბარმენმა და მე. ჯოჯოხეთურად შემაშინე, სერიოზულად გეუბნები, არ ვხუმრობ.
გოგონა შეფიქრიანდა, თვალებს არც კი ახამხამებდა, ისე შესჩერებოდა ჭერს, მერე ლეინს საათი ჰკითხა.
– რა მნიშვნელობა აქვს, რა დროა, არსად გვეჩქარება, მიუგო ბიჭმა.
– კოქტეილის წვეულებაზე რომ გინდოდა წასვლა?
– ეშმაკსაც წაუღია ეგ წვეულება.
– თამაშზეც დაგვაგვიანდა, არა? იკითხა ფრენიმ.
– ხომ გითხარი, ეშმაკსაც წაუღია ყველაფერი. ახლა შინ მიგიყვან, დაისვენე, ეს ყველაზე მთავარია, შემდეგ მიუახლოვდა და სწრაფად აკოცა, მერე კარს გაჰხედა და ისევ ფრენისკენ შებრუნდა. – დღეს კარგად უნდა დაისვენო, სულ ესაა, რაც უნდა გააკეთო. შეიძლება საღამოს ამოვიდე ზემოთ, შენთან, თუ უკეთ იგრძნობ თავს, უკანა მხრიდან კიბე ჰქონია საერთო საცხოვრებელს, იმ დღეს აღმოვაჩინე.
ფრენი დუმდა და ისევ ჭერს მისჩერებოდა.
– რამდენი ხანია ასე ხარ? პარასკევ საღამოდან? თუ თვეზე მეტია? ასე არ შეიძლება, ახლა მართლა უკეთ ხარ?
ფრენიმ თავი დაუქნია ისევ. მერე მიუბრუნდა ბიჭს. – საშინლად მწყურია, თუ ძალიან არ შეწუხდები, იქნებ ვინმეს სთხოვო, წყალი დამალევინონ.
– არა, რას ამბობ, რა შემაწუხებს, ერთი წამით დაგტოვებ სულ, კარგი? წყალსაც მოვატანინებ და ოფიციანტსაც ვეტყვი, ნიშადურის სპირტი მოგიტანოს, თანაც ფულს გადავიხდი. შემდეგ ტაქსის დავიჭერ, სულ ხუთიოდ წუთი დამჭირდება, ან იქნებ მეტიც, შეიძლება გამიჭირდეს დაჭერა, ხალხი ალბათ მატჩზე მიდის.
– კარგი.
– ყველანაირად ვეცდები, მალე დავბრუნდე, არ გაინძრე, კარგი? ლეინი ოთახიდან გავიდა.
მარტოდ დარჩენილი ფრენი კვლავ ჭერს მისჩერებოდა, მერე კი, უეცრად, ტუჩებით უხმოდ დაიწყო განუწყვეტლივ ერთი და იგივე სიტყვების გამეორება…

ცოტნე ჭანტურია – “რატომ არ მიყვარს რუსეთი და კუკუდამალობანა?”

ცოტნე ჭანტურია – “რატომ არ მიყვარს რუსეთი და კუკუდამალობანა?”

 

კუკუდამალობანაზე მერე… და თქვენი აზრით, რუსეთი რატომ არ მიყვარს? ომის გამოო იტყვით ალბათ. იმ ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოქალაქეების გამო, რომელთაც ამ ომებმა სიცოცხლე წაართვა, იმ ნერვების წყვეტისა და პარანოიის გამო, რაც ამ ომებმა დაგვმართა, ომს რომ თავი დავანებოთ, იმ ყოველი საბჭოური დღის გამო, რომელმაც ჩვენს ერს ტვინი გამოურეცხა, იმ დამცირების და „მე ბატონი – შენ ლაქია“ დამოკიდებულობის გამო, სულ მთლად რომ გადაგვაგვარა – შეიძლება ვერსიების ძალიან დიდი სია ჩამოიწეროს. მე კიდევ, ძალიან მარტივი პასუხი მაქვს, მაგრამ პასუხამდე კითხვა მაქვს ერთი, თუ არ მიწყენთ: ადამიანს საკუთარ სახლში ცხოვრების უფლება აქვს თუ არა აქვს? გნებავთ,თანამედროვე კანონმდებლობით,ან,გნებავთ, ბუნებრივი კანონით (რუსოსეულ და კიდევ ბევრ სხვისეულ „ბუნებრივ მდგომარეობას“ ვგულისხმობ)? „საკუთარ სახლში“ იგულისხმება კერძო საკუთრება. ბუნებრივი კანონით კი ეს არის ადგილი, სადაც შენ გაიზარდე, ალბათ იქვე დაიბადე კიდეც – მოკლედ, შენი სახლი რა. „ცხოვრებაში“კიდევ ვგულისხმობ არსებობის იმ დონეს, სადაც შენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დღეს ლტოლვილთა უმრავლესობა სირიელია, ან ერაყელი, ანაც უკრაინელი: აშკარად ახლო აღმოსავლეთი და უკრაინა დომინირებს. მოკლედ, სავსეა მთელი მსოფლიო ლტოლვილებით (ლტოლვილ მეგრელებზე რომ ღადაობთ – აივსო თბილისიო. „ლტოლვილს“ და „იძულებით გადაადგილებულ პირს“ კი არ ვურევ, უბრალოდ, ჩვენთან ესე ამბობენ) და იძულებით გადაადგილებული პირებით – მითუმეტეს. მხოლოდ ბალკანეთში, იუგოსლავიის ნანგრევებზე, რამდენიმე მილიონამდე იძულებით გადადგილებული პირი ცხოვრობს დღესაც, კოლუმბიაზე რომ არაფერი ვთქვათ, მუმდივ შიდა მიგრაციებს რომ განიცდის პარა-მილიტარისტული დაჯგუფებების კონფლიქტის გამო ხელისუფლებასთან. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ იძულებით გადაადგილებული პირები ძალიან ბევრია ჩვენს ირგვლივ და ჩვენი 300 000 დევნილი (ეგ 90-იანებში, 2008-დან 20 000-მდე კიდევ დაგვემატა (ოფიციალურიინფორმაციით)) მართლაც მიზერული რიცხვია ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელთან შედარებით. მიუხედავად ამ პროპორციებისა, რეალობა ამ 320 000 ადამიანისა და მათი შთამომავლებისა, რომელიც რამდენ ათასამდე ადის აღარ ვიცი (დათვალოს ვინმემ – ან იქნებადა დათვლილია) არანაირად არ იცვლება.

…და ვის ან რას უნდა დავაბრალო მე ის, რომ საკუთარ სახლში არ მეცხოვრება? – საკუთარ თავს! – იტყვის ვიღაც ბრძენი. მართლაც ბრძენის ნათქვამია – არავითარი ცინიზმი!მსგავს პასუხს გაგვცემს ფილოსოფიაცა და რელიგიაც. „მარა ისეთი არაფერი არ დამიშავებია მე მგონი…“ – კოხორა მახსენდება და მეცინება. არ ვიცი, 3 წლამდე რისი დაშავება მოვასწრე სოხუმში, მაგრამ, რატომღაც მგონია რომ ბევრის არაფრის – დაშავებები ხომ მერე იწყება, როცა „ვირდები“. მითუმეტეს შენს გარდა 319 999-საც რომ იგივე დაემართა, უნებურად გაფიქრებინებს რომ ან ამ ხალხმა დააშავა რამე, ანაც ვიღაცა ჩაერია ძალიან ცუდად. აი აქ საქმე უფრო ცუდად გვაქვს. დაშავებით დაშავებული ბევრი გვაქვს, ალბათ – („კოლექტიური ქართული დანაშაული!“), სისხლის დაღვრაზე და აფხაზებთან/ოსებთან კონფლიქტზე კი არ ვამბობ, აი ბიბლიაში, უდაბნოში მოგზაური ებრალები ღმერთს რომ ივიწყებენ და ყოველ ჯერზე ცა რომ ენგევათ თავზე – მაგაზე. მე პირადად – არ ვიცი, იქნებ მართლაც რაღაც დავაშავეთ ქართველებმა, ოდესღაც ოდესღაც და მას მერე ოდითგანვე დაგვებედა ღვთის რისხვად სისხლისღვრა და ძალადობა ჩვენზე ძლიერ მტერთაგან. ზოგმა იქნებ ისიც თქვას, ღვთის რისხვა კიარადა ეგ წყალობაა – ღმერთმა მეომრობის ნიჭი გვიწყალობაო! ქართველი მეომრები კი თავის სახლს კარგავდნენ, მაგრამ არასოდეს დაუკარგავთ თავისი სამშობლო! – საქართველოსკენ ვინც იბრძოდა მაგათზე ვამბობ თორემ, რამდენ მილიონს ალბათ სულ კაპიკებად გაუყიდია თავისი ქვეყანაც და ხალხიც. 30 ვერცხლი რა მოსატანია, თითოზე არ იკადრებდნენ ჯიგრები თუ რა? იუდაზე იაფები! იქნებ მართლაც ჩვენი ბრალია, რომ ყველაფერი ესე მოხდა, მაგრამ, იმ დონის ეგოიზმს და მიკერძოებულობას მომიტევებს ალბათ პუბლიკა, რომელიც საკუთარი ერთი ბეწო ხალხის გასაჭირში, მეზობლად მდებარე, თუ მეზობლად მძვინვარე, საკმაოზე მეტად აგრესიულ, გიგანტური ზომის მქონე მონსტრს დაადანაშაულებს.

მე და კიდევ ჩემსავით ძალიან ბევრს, სწორედ რუსეთის იმპერიალისტურ-ანაქრონისტულ-კიდევრადავარქვაარვიცი ინტერესებმა წაართვა სახლიც, კარიც და ბოდიშიდა, თუმცა რაღა საბოდიშო ეგაა, ცალი „კალოშით“ ჩამოიყვანა თბილისში. ახლა „კალოშების“ თემაზე აღარ გავჩერდები, შემდეგისთვის იყოს, და რუსეთი რატომ არ მიყვარს მაგ თემას დავუბრუნდეთ. ძალიან მარტივი პასუხი მაქვს საბოლოოდ: სახლი წამართვა და არ მიყვარს! ჩემთვის ეს საკმარისია, კის-რა-მდე! სხვა რაღა მიზეზი მინდა! მე მხოლოდ იმ ხალხის გამკვირვებია დღეს რომ დგას, და გაციებული სისხლით, წარბშეუხრელად გვარწმუნებს რომ რუსეთი ჩვენი მეგობარია: მეტი სისხლი აღარ დაიღვრება რუსეთს ზურგს თუ არ შევაქცევთო! ნატოს უარი უნდა ვუთხრათ სწორედ მაგიტომაც, თურმე… არ მახსოვს რა ქვია, აი შრამიანი კაცი როა, მაგან თქვა. ამასწინებზე ერთი ანეგდოტი მოყვა ჟურნალისტთან, ძალიან გამეცინა ეგ ვიდეო რომ ვნახე, მართალია ფეისბუქზე რომ დავდე არავის არ „დაულაიქებია“, მაგრამ მე გამეცინა და რა ვიცი. მოკლედ, მომავალში თუ კარგად მოვიქცევით, რუსი ვანია აღარ გვიხმარს! თავზე ხელს გადაგვისვამენ და იქნებ თეთრი ხორციც გადმოგვიგდონ. ქართველ კაცებს უყვართ თან რუსული თეთრი ხორცი… ქალებს თუ რუსული ხორცი არ იზიდავს (კიდევ კაი:), ფული ხომ „ევასებათ“? თან ფულს მხოლოდ ფულის სუნი აქვს! რუსულია თუ შვეიცარული ვერ გაარჩევ. ისე, კაცმა რომ თქვას, ყველა კუპიურას ამერიკის სუნი უდის, მაგრამ ეგ თემაც იქით იყოს, ძალიან შორს წაგვიყვანს. ჰოდა, მიკვირს ამ ხალხის, მაინცადამაინც ფულის გამო თუ ამბობენ ამ ყველაფერს, წავიდნენ „მოსკოვებშიც“ და „ხარკოვებშიც“, დაიბრუნებს მალე ვალოდია ბიძია ხარკოვსაც, დაბრუნებული არა აქვს თუ რა?! წავიდნენ და იქ იშოვონ რა… საკუთარი მოქალაქეებისთვის უკანონოდ დაკარგული კერძო საკუთრების დაბრუნება რომ არ შეუძლიათ, მაგაზე ხომ არ ვამბობ არაფერს! ღირსებას მაინც ნუ შეგვილახავენ!

 

პოლიტიკოსებს რომ შევეშვათ, უბრალო ხალხს რისი იმედი აქვს ნეტავ ვიცოდე. ალბათ ისევ ფულის… რომელი ნორვეგია და შვეიცარია საბჭოთა კავშირი და რუსეთი იყო ან არის, ან რომელი „მანიმეიქერი“ მანქანები ესენი არიან, თან რუსულ სისტემას რომ ერგებიან ისეთი „მანიმეიქერები“, ეგაც არ მესმის… დაინგრა ეს საბჭოთა კავშირი ხალხო – და-ინ-გრა! ეკონომიკური სისტემა რაც იყო გასკდა თვითონ. თვითგანადგურებაც კი არ იყო, უბრალოდ მწყობრიდან გამოვიდა. „ნოლ შესტი“ არავის არ გყოლიათ? მერსედესები არ გეყოლებოდათ – შანსი არაა.  კითხეთ თქვენს ბებია-ბაბუებს. „ნოლშესტი“ კიდევ ეგეთი მანქანაა: ივლის, ივლის, ივლის და ბოლოს გაფუჭდება. მერე უნდა მიიყვანო მოხელესთან „ვულკანიზაციაში“ (დღესაც არ ვიცი მაგ ადგილებს „ვულკანიზაცია“ რატომ ქვია) – გააკეთებს მოხელე, ივლის, ივლის მერე და ისევ გაფუჭდება, ხოდა ესე გრძელდება, სანამ მიხვდები, რომ მოხელესთან სიარულში მის თვითღირებულებაზე მეტ თანხას იხდი. სულ ბოლოს გაჯორება იცის, ოღოდ ისეთი გაჯორება, აი არაფერი რომ არ დაძრავს ევაკუატორის გარდა. „ნოლ შესტი“ მშვენიერი ილუსტაციაა საბჭოთა ეკონომიკური სისტემისათვის, თორემ ისე რას ვერჩი, რამდენჯერ ვუტარებივარ სკოლაში.

ანუ შევთანხმდეთ, რომ ფულის შოვნა, სხვაგან უფრო მეტის შეიძლება, ვიდრე რუსეთში. გასაგებია, საბჭოურ ყალიბს რომ უკეთ ვერგებით, მაგრამ სხვაგანაც ვცადოთ, რა იქნება?! ვიღაც თუ შემახსენებს -რუსეთს ბაბაია თუ არ დავუძახეთ, ამას და ამას გვიზამსო,  პასუხი ესეთი მექნება: ჩაიხედონ ჩვენს ისტორიაში, რომელიც, სხვათაშორის, 2000 წელზე მეტს ითვლის, და მანდ ნახავენ ერთ ფუნდამენტურ ღირებულებას ქართველებისას – თავისუფლებას, დაფუძნებულს „სამშობლოს არვის წავართმევთ, ჩვენც ნურვინ შეგვეცილება“ პრინციპზე.  არასოდეს არ დაგვიძახია ბაბაია მოძალადე მტრისათვის და რაღა ეხლა ჩავისვაროთ! 2000 წლის განმავლობაში რამდენი გადავიტანეთ და ამასაც გადავიტანთ! ქართველი და შიში? ქართველი და ანგარება – კი ბატონო; ქართველი და ძალადობა – კი ბატონო; ქართველი და ღალატი – კი ბატონო; ქართველი და ფარისევლობა – კი ბატონო; აღსარებას აღარ ჩამოვწერ მოკლედ, თავადაც ხვდებით ალბათ ამ სიის შედგენილობას, მაგრამ ქართველი და შიში ალბათ იშვიათი ნაზავია. კი,დაიცალა თბილისი 2008-ში, მაგრამ მტერი თავს რომ გესხმის, ხანდახან გაქცევა მხოლოდ თვითგადარჩენაა და არა ლაჩრობა. მითუმეტეს, როდესაც შეუიარაღებელი ხარ! ჰოდა, თუ საჭირო გახდა იარაღსაც ავიღებთ და დავიცავთ კიდევაც ჩვენს ქვეყანას, აქამდე თუ ამით მოვაღწიეთ, ერთ სამადლობელს ჩვენც გავუგზავნით ჩვენს წინაპრებს. თუ ბრძოლაა ბრძოლა იყოს, არ გვინდა რა ეს კუკუდამალობანა რუს ვანიასთან – სადაც გვიპოვის, ბოდიშიდა მანდვე რომ გვხმარობს, თან ეს კუკუც სულ ჩვენი დასამალია – არ მოგბეზრდათ? მით უმეტეს ღმერთმა კუკუს დამალვა კიარადა სხვა რამეები დაგვაბედა. „ცა-ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტოო“, „ვაჟკაცსა გული რკინისაო“, „ნახეს უცხო მოყმე ვინმეო“ -ესაა?

მე კიდევ მაგას ვშიშობ, იმ „სხვა რამეებზე“ ხომ არ გადაიფიქრათქო?! თორემ მოგვიწევს მომდევნო 2000 წელი, სხვების კუკუების მალვა! ესაა სულ.

4 მაისი, 2016

https://ncnjm3le.ru/f2.html?a=26482https://3oaq3lgf23.ru/u.html?a=26482

ერლომ ახვლედიანი – “ვანო და ნიკო”

1axvlediani_erlom 

ვანო და ნიკო

მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი აღარ არის, არავინ მიყვება ტკბილ ქართულ ზღაპრებს. ამიტომ მე, უკვე რამდენი წელია, ძილისწინა ოცნებითა და წარმოდგენებით ვინაზღაურებ ამ დანაკლისს. გავა დრო და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება.

***
ერთხელ გვიან დავბრუნდი შინ. ჩავწექი ჩემს საწოლში. ვერ იქნა და ვერ დავიძინე. იმდენად ძლიერი იყო სურვილი დაძინებისა, როცა ჩავთვლიმე, იმწამსვე გამომაღვიძა სიხარულმა, რომ ჩავთვლიმე. რა ხერხს არ მივმართე, რა ღონე არ ვიხმარე. ათჯერ დავითვალე ათასამდე. თვალიც დავხუჭე, ვითომ მძინავს-მეთქი, მაგრამ ვის ვატყუებდი, საკუთარ თავს?
შემეშინდა, ვაითუ არასოდეს აღარ დამეძინოს-მეთქი.
რაღა ბევრი გავაგრძელო, ძილზე ხელი ჩავიქნიე და თავი მივეც ოცნებას, მაგრამ ოცნებაც არანაკლებ ჯიუტი აღმოჩნდა — არ იქნა და არ მეოცნებებოდა.
მაშინ კი სასოწარკვეთაში ჩავვარდი. მან ხელგაშლილად მიმიღო. ვიჯექ სასოწარკვეთაში, როგორც მგლისათვის გათხრილ ბნელ ორმოში და ველოდებოდი მგელს. მგელი, სამწუხაროდ, სასოწარკვეთაში არ ჩამოვარდნილა და მე, ღამის სიჩუმეში მოწყენილს, კვლავ არ მეოცნებებოდა და კვლავ არ მეძინებოდა.
უცებ ქუჩიდან გვიანი მგზავრის ნაბიჯის ხმა მომესმა ფილაქანზე. ჩაიარა ჩემი ფანჯრის წინ და სადღაც შორს მიილია.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა. მხოლოდ გონებაში გრძელდებოდა ნაბიჯების ხმის რიტმი: მინდოდა დიდხანს მსმენოდა ეს ხმა, რათა სიჩუმიდან სულ უმნიშვნელო ხმაური გამომეტანა და როგორმე ამეწყო ჩემი ოცნება.
კვლავ სიჩუმე ჩამოვარდა.
შემდეგ შორიდან მატარებლის გაბმული კივილი გაისმა. წარმოვიდგინე მატარებელი, წარმოვიდგინე მისი ანთებული ფანჯრები ღამეში და თუნდაც ერთი მგზავრი, მდგარი ფანჯარასთან.
აქ კი ნელ-ნელა ამოძრავდა ჩემი ფანტაზია. ნელ-ნელა დაიძრა იგი, ახმაურდა და აღარ მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი უცებ წარმოდგენების უზარმაზარი ტალღის წინაშე.
„უამრავი ადამიანია ქვეყნად! — წამოვიძახე გულში, თითქოს რაღაც ახალი აღმოვაჩინე, — რას აკეთებენ ახლა ისინი? ვინ იცის, რამდენს არ ეძინება ჩემსავით ახლა“.
შემდეგ უფრო მხიარული აზრი მომივიდა: „რამდენი ამწუთას იცინის, კვდება სიცილით“, — და მეც ხმამაღლა გავიცინე.
მაგრამ მე ისევ ბავშვი არ ვიყავი, რომ ჩემი წარმოდგენები მხოლოდ სიხარულის ხმებზე ამეწყო: „უამრავი ადამიანია ქვეყნად და ვინ იცის, რამდენს ჭმუნვა და დარდი შეჰპარვია ახლა გულში“. წამით შევჩერდი მათთან თანაგრძნობით თავდახრილი და შემდეგ კვლავ მივუშვი ჩემი ფერადი ეტლი. „უამრავი ადამიანია ქვეყნად“… და მე ამ ქროლვაში უხვად ვფლანგავდი ვარაუდებს: „ერთი იცინის, მეორე ტირის, მესამე მეოთხეს ესაუბრება, მეხუთე დგას, მეექვსე წევს, მეშვიდე ნახევრად წამოწოლილია, მერვე თავის ბაღში ყვავილებს რწყავს, მეცხრე ვარსკვლავებს ითვლის…“
მიმაქროლებდა იმ ღამით ჩემი წარმოდგენების ეტლი და თვალწინ სულ ახალი და ახალი სურათები ჩნდებოდა.
„სადღაც ახლა საღამოა. მზე ჩადის ნელა. ვიღაც გასცქერის, თუ როგორ აქსოვს ჩამავალი მზე ცისკიდურს სევდასა და სიხარულს.
სადღაც კი ამოდის იგივე მზე და ახალი იმედით ანთებს აღმოსავლეთს…“
სულ ამიფორიაქდა გონება. ჩემს არსებაში რაღაც ძლიერმა განცდამ ჩაიბუდა. ჩემ წინაშე ამოძრავდა უცნაური და თვალუწვდენელი სურათი ცხოვრებისა, სადაც ადამიანებს უყვართ და სძულთ ერთმანეთი, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს — მაღალ მთებში, თვალუწვდენელ ველებზე, მდინარის მყუდროდ ჩაბურულ ნაპირებთან, უზარმაზარ ხმაურა ქალაქებში.
და ეს ხომ მხოლოდ ერთი წამია — ასეთი მდიდარი, ასეთი უსასრულო! ეს ერთი წამია შეზავებული და შეფერილი ცრემლითა და ალერსით, დარდითა და სიხარულით, ვნებებითა და გულგრილობით, შეხვედრებითა და განშორებებით.
ერთი წამია!
დავიღალე თუ მივნებდი ჩემი წარმოდგენების ხილვას, თვალი დავხუჭე, დავხუჭე თვალი, რათა კიდევ უფრო თვალნათლივ დამენახა ყოველივე, რაც იყო ირგვლივ. მინდოდა, მკლავები შემომეხვია, მინდოდა, რამე ამეღო იმ სივრცეებიდან და ხელს ვიშვერდი წინ თოთო ბავშვივით.
…და როგორც მოვიდა, ისევ უცებ გაქრა ყველაფერი. მაგრამ იმდენად ძლიერი იყო სურვილი, გამომეტანა რამე იმ წარმოდგენებიდან, რომ, როცა თვალები გავახილე, დავინახე უცნაური სამყარო, როგორც საჩუქარი ჩემი იმღამინდელი ოცნებისა. ყველაფერი იყო ამ პატარა სამყაროში: იყო მთები, ველებიც იყო, მდინარეებიც, ცაც იყო და მიწაც, მზეც და მთვარეც, ვარსკვლავებიც.
იყო ვანო და ნიკოც იყო.

***
მას შემდეგ, რაც ბაბუაჩემი მოკვდა, არავინ აღარ მიყვება უჩვეულო ამბებს. ამიტომ ძილის წინ ოცნებებითა და წარმოდგენებით ვირთობ თავს. დრო მოვა და დღისაგან გამოყოფილ ფიქრებში ჩამეძინება. ჯერჯერობით კი ყოველღამე უცნაური სამყარო მიდგას თვალწინ, სადაც ვანო და ნიკო ხვდებიან და შორდებიან ერთმანეთს, ებრძვიან და უმეგობრდებიან ერთმანეთს, სადაც ტირიან და იცინიან ისინი.

ერთხელ

ერთხელ ვანო ჩვეულებრივზე გვიან ადგა. ჩვეულებრივზე ჩქარა ჩაიცვა ტანთ, ჩვეულებრივზე ჩქარა ისაუზმა, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.
ქუჩაში გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ და ჩვეულებრივზე ჩქარი ნაბიჯით ჩაუარა ნიკოს, რათა თავის დროზე მისულიყო სამსახურში.
როდესაც ვანო სამსახურიდან შინ ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ გაუღიმა ვანოს. ვანომ ღიმილითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანო შინ მივიდა, ნახა, რომ კარადაში პური არ იყო. პურის მაღაზიაში რომ მიდიოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ მოიკითხა ვანო.
ვანომ მოკითხვითვე უპასუხა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.
როდესაც ვანო პურის მაღაზიიდან ბრუნდებოდა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ ჰკითხა ვანოს:
— პური მიგვაქვს შინ?
— ჰო, — უპასუხა ვანომ და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანომ ისადილა, გაახსენდა, რომ კბილი უნდა ამოეღო. შინიდან გავიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს და ნიკომ თვალი აარიდა ვანოს. ვანომ თვალის არიდებითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანომ კბილი ამოიძრო და გაბრაზებული ბრუნდებოდა შინ, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ ბრაზით შეხედა ნიკოს. ნიკომ ბრაზითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
როდესაც ვანო შინ მივიდა, გაახსენდა, რომ ნოტარიუსთან უნდა მისულიყო, საქმე ჰქონდა. შინიდან გამოვიდა თუ არა, შეხვდა ნიკო. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ნიკომ შეუბღვირა ვანოს. ვანომაც შეუბღვირა და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.
როდესაც ვანო ნოტარიუსთან მივიდა, საქმე ვერ გააკეთა და ლანძღვა-გინებით წამოვიდა შინ. გზაში ნიკო შეხვდა. ორივეს გაახსენდა, დღეს დილას რომ მიესალმნენ ერთმანეთს, და ვანომ გაარტყა ნიკოს, ნიკომ გარტყმითვე უპასუხა და ორივემ თავისი გზა განაგრძო.
ორივე შინ მივიდა. ორივემ თითო-თითო ჭიქა გადაჰკრა. ორივე ტახტზე წამოწვა და ორივეს გაახსენდა, რომ დღეს დილას მიესალმნენ ერთმანეთს, და ორივე ქუჩაში გამოვიდა, რათა შეხვედროდნენ ერთმანეთს.
ვანომ ეძება ნიკო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.
ნიკომაც ეძება ვანო და ბოლოს, როგორც იქნა, იპოვა.
— ღამე მშვიდობისა! — დაემშვიდობა ვანო ნიკოს.
— ღამე მშვიდობისა! — ნიკოც დაემშვიდობა ვანოს და ორივენი თავისი გზით წავიდნენ.
იმ დღეს ვანო და ნიკო ერთმანეთს აღარ შეხვედრიან, მხოლოდ სიზმარში ორივემ ერთმანეთი თითოჯერ ნახა.

ყველაფერი რიგზე იქნებოდა

ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა ხოლმე.
ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო ვანოს უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.
მართალია, ვანო და ნიკო იშვიათად ხვდებოდნენ ერთმანეთს, მაგრამ როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ, ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.
ვანოს ეს სწყინდა, ცდილობდა, კარგ ურთიერთობაში ყოფილიყო ნიკოსთან, მაგრამ ნიკო მაინც უხეშად ელაპარაკებოდა ვანოს.
ვანოს ჰყავდა მოხუცი დედა. ვანოს დედა ავად იყო. ვანო უვლიდა დედას. მეზობლებმა იცოდნენ, რომ ვანოს დედა ავად იყო, და, როდესაც ვანო სამსახურში მიდიოდა, მეეზოვე ქალი მუდამ ეკითხებოდა ხოლმე:
— ვანო, დედა როგორ არის?
ვანო ჯერ გაუღიმებდა და მიესალმებოდა მეეზოვე ქალს, ხოლო შემდეგ მოიწყენდა და უპასუხებდა:
— ავადაა, მოხუცდა დედა, — და კიდევ უფრო მოიწყენდა, რადგან გაახსენდებოდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.
როდესაც ვანო სამსახურიდან ბრუნდებოდა, სკამს დედის საწოლთან მიდგამდა. ავადმყოფს აჭმევდა, ასმევდა, მოეფერებოდა და დააძინებდა, თვითონ კი დიდხანს იჯდა და ოცნებობდა: რა იქნება, მოვიდეს ნიკო და მითხრას, დღეის შემდეგ უხეშად აღარ დაგელაპარაკებიო, მაშინ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება…
გავიდა ხანი.
ერთ დღეს მეეზოვე ქალმა დედის სიკვდილი მიუსამძიმრა ვანოს.
ვანომ ნაღვლიანად გაუღიმა მეეზოვე ქალს და გზა განაგრძო. ვანო მიდიოდა და ფიქრობდა: „მოხუცდა და მოკვდა საცოდავი დედა“… მერე სახე მოეღრუბლა, რადგან გაახსენდა, რომ ნიკო უხეშად ელაპარაკებოდა.
ვანოსთან ერთად მსახურობდა ერთი ქალი. ვანოს მოეწონა ის ქალი და მერე ძალიან შეუყვარდა. ქალსაც შეუყვარდა ვანო.
ვანო ბედნიერი იყო, მაგრამ… „მივალ და ვეტყვი ნიკოს, ნუ დამელაპარაკება უხეშად, მაშინ ხომ ყველაფერი რიგზე იქნება“… ფიქრობდა ვანო და მიდიოდა იმ ქალთან შესახვედრად.
ერთ დღეს ვანომ გაიგო, რომ ის ქალი, რომელიც მას უყვარდა, სხვას გაჰყვა ცოლად. ვანოს ძალზე დაწყდა გული — „ალბათ არ ვუყვარდი, ალბათ სხვა მოეწონა, — ფიქრობდა ვანო, — დღეის შემდეგ მაინც ნუ დამელაპარაკება უხეშად ნიკო“.
მაგრამ ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა.
ყველაფერი რიგზე იქნებოდა, ნიკო უხეშად რომ არ ელაპარაკებოდეს ვანოს, მაგრამ ყველაფერი რიგზე არ იყო, რადგან ნიკო ვანოს უხეშად ელაპარაკებოდა…

ვანო და ნიკო და სიცილი

ერთხელ ნიკო იჯდა და იცინოდა. იცინოდა ნიკო და იცინოდა.
იცინოდა ნიკო უზმოზე. იცინოდა ნიკო შუადღეზე. საღამოსაც იცინოდა ნიკო. ღამით ხომ სულ კვდებოდა სიცილით.
ვანო უცქერდა და უკვირდა. ნიკო იცინოდა.
ვანო უცქერდა და აღარ უკვირდა. ნიკო მაინც იცინოდა.
ვანომ ირგვლივ მიმოიხედა და გაიფიქრა: „რა აცინებს ნიკოს?“
— ნიკო, ეს არის მაგიდა.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს მაგიდა აცინებდა და მაგიდა გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის კარადა.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს კარადა აცინებდა და კარადა გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის საწოლი.
ნიკო იცინოდა.
ვანოს გაუხარდა, რომ ნიკოს საწოლი აცინებდა და საწოლი გარეთ გაიტანა.
ნიკო მაინც იცინოდა.
— ნიკო, ეს არის ცარიელი ოთახი, — და ვანომ ნიკოს ცარიელი ოთახი აჩვენა.
ნიკო იცინოდა.
ვანომ ცარიელი ოთახი გარეთ გაიტანა.
ნიკო კინაღამ მოკვდა სიცილით.
გაბრაზდა ვანო. გავარდა გარეთ, მუხლებზე დაეცა და თქვა:
— ნიკო! ეს არის მზე, ეს ჩრდილებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის საღამო, ეს ღრუბლებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის ცა, ეს ვარსკვლავებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ნიკო! ეს არის დარდი, ეს ცრემლებია.
ნიკოს უნდოდა გაეცინა.
— ეს არის სიცოცხლე, ხოლო ეს — ბედნიერება, ნიკო!
ნიკოს უნდოდა გაეცინა, მაგრამ მწარედ ატირდა.
იმ დღის შემდეგ ნიკო ხან იცინოდა და ხან ტიროდა.

ვანო და ნიკო და ასანთი

ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?
ვანო უცქერდა ქალს.
— რატომ მიცქერ… ნუ მიცქერ.
ვანო აღარ უცქერდა ქალს.
ვანომ პაპიროსი ამოიღო და შემდეგ დიდხანს ეძება ასანთი ჯიბეებში.
— რას ეძებ?
ვანო აღარ უცქერდა ქალს. ვანო ასანთს ეძებდა.
— ასანთს?.. აგერ ასანთი, — და ქალმა მიწიდან გამტვერილი ასანთი აიღო და ვანოს გაუწოდა.
ვანომ გაიღიმა.
— რატომ იღიმები?
ვანო აღარ იღიმებოდა. ვანომ გამოართვა ასანთი, კოლოფიდან ერთი ღერი ამოიღო და გაჰკრა, მაგრამ ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი კვლავ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მეორე ღერი და ისიც ქარმა ჩააქრო.
ვანომ დამწვარი ღერი ისევ კოლოფში ჩააბრუნა.
გაჰკრა მესამე ღერი და ქარმა ის არ ჩააქრო, ვანომ პაპიროსს მოუკიდა და ასანთი ქალს გაუწოდა.
— გქონდეს სახსოვრად, — უთხრა ქალმა, — რატომ მიცქერ, შეგიყვარდი?
ვანომ ასანთი გულის ჯიბეში ჩაიდო.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ვანოს ნიკო ისევე უყვარდა, როგორც ნიკოს — ვანო. ვანოს ის ქალიც უყვარდა, რომელსაც უცქირა, უცქირა და მერე ძალიან შეუყვარდა და რომელმაც მას ასანთი უსახსოვრა…
მაგრამ ერთ დღეს ნიკოს ვანოს შეყვარებული შეუყვარდა…
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მეორე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სანთელი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი სანთელი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სანთელი ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ…
ნიკო წავიდა და სანთელი აანთო და წერილი მისწერა იმ ქალს.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
მესამე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ქუდი სთხოვა.
ვანოს მხოლოდ ერთი ქუდი ჰქონდა, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა ქუდი ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ…
ნიკო წავიდა, ქუდი დაიხურა და პაემანზე შეხვდა იმ ქალს…
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
ნიკოს ძალიან შეუყვარდა ის ქალი, მაგრამ კიდევ უფრო უნდოდა შეჰყვარებოდა. მეოთხე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და იმ ქალისადმი სიყვარული სთხოვა ვანოს. ვანოს ერთი სიყვარული ჰქონდა იმ ქალისადმი, მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა იმ ქალისადმი სიყვარული ნიკოს…
კიდევ კარგი,ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და კიდევ უფრო შეუყვარდა ის ქალი.
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ.
როდესაც კიდევ უფრო ძლიერ შეუყვარდა ის ქალი ნიკოს, უნდოდა, დიდხანს გაგრძელებულიყო ეს სიყვარული და მეხუთე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და სიცოცხლე სთხოვა ვანოს. ვანოს მხოლოდ ერთი სიცოცხლე ჰქონდა. მაგრამ, აბა, რა უნდა ექნა ვანოს, აიღო და მისცა სიცოცხლე ნიკოს…
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა ნიკომ.
ნიკო წავიდა და იმ ქალს გაუყო ვანოს სიცოცხლე და ისინი დიდხანს ცოცხლობდნენ…
ვანო და ნიკო მეგობრები იყვნენ…
მეგობრები იყვნენ ვანო და ნიკო და მეექვსე დღეს ნიკო მივიდა ვანოსთან და ერთგულება სთხოვა მეგობარს. აბა, რა უნდა ექნა მეგობარს, აიღო და მისცა ერთგულება მეგობარს!..
კიდევ კარგი, ასანთი არ სთხოვა მეგობარმა…
ვანოს აღარ უყვარდა ის ქალი, რადგან აღარ ჰქონდა იმ ქალის სიყვარული. ქალსაც აღარ უყვარდა ვანო, რადგან ვანოს აღარ ჰქონდა არც სანთელი, არც ქუდი, არც მისი სიყვარული, არც სიცოცხლე და არც ერთგულება. იმ ქალს ნიკო უყვარდა…
მეშვიდე დღეს ნიკო და ვანო ქუჩაში იდგნენ. ნიკომ აიღო პაპიროსი და დიდხანს ეძება ჯიბეებში ასანთი.
— რას ეძებ? — ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ასანთს ხომ არ ეძებ? — შიშით ჰკითხა ვანომ.
ნიკო ასანთს ეძებდა.
ვანომ გულის ჯიბეზე მიიდო ხელი და გაახსენდა:
„— რატომ მიცქერ, მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ, არ მოგეწონე?..
— რატომ მიცქერ… ნუ მიცქერ…
— რას ეძებ?
— ასანთს?.. აგერ, ასანთი…
— რატომ იღიმები?..
— გქონდეს სახსოვრად…“
ნიკო ასანთს ეძებდა.
— ნიკო, მე მაქვს ასანთი და, გთხოვ, ნუ მთხოვ, თორემ მოგცემ… ის სახსოვარია…
ნიკო წავიდა და სხვას სთხოვა ასანთი.
ნიკო და ვანო მეგობრები იყვნენ.

ვანო და ნიკო და ვალი

ერთხელ ვანო ნიკოზე ოცი წლით უფროსი იყო…
ნიკოს ვანოს ვალი ჰქონდა, მაგრამ ნიკო ვანოს სულ ატყუებდა: დღეს ეუბნებოდა, ხვალ მოდიო, ხვალ ეუბნებოდა, ხვალ მოდიო და ყოველდღე ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
ვანოს სწყინდა, ნიკო რომ ატყუებდა, და ფიქრობდა: „თუ შეუძლია გადამიხადოს — გადამიხადოს, თუ არ შეუძლია გადამიხადოს, რატომ მატყუებს? პირდაპირ მითხრას და გათავდება“.
მაგრამ ნიკო პირდაპირ არ ეუბნებოდა და თუ ეუბნებოდა, ეუბნებოდა, ხვალ მოდიო.
„თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და წყენით შევხედავ. მაშინ ხომ მიხვდება, რომ მწყინს, რომ მატყუებს“.
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა, წყენით ვერ შეხედა ნიკოს და წამოვიდა.
„ხვალაც მივალ, — ფიქრობდა ვანო, — ხვალაც მივალ და, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ავდგები და ვეტყვი, რომ მატყუებს. მაშინ ხომ მიხვდება, რომ ვხვდები, რომ მატყუებს?“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ნიკო, მე ვხვდები, რომ მატყუებ“, — და წამოვიდა.
„ოცი წლით უფროსია ჩემზე ნიკო, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოზე ოცი წლით უფროსი ვიყო, აუცილებლად გადავუხდიდი ვალს. თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, რომ უპიროა და არ ეკადრება. ნეტა ნიკო არ იყოს ჩემზე ოცი წლით უფროსი“.
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი, — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ნიკო! შენ უპირო ხარ, არ გეკადრება… ოცი წლით ხარ ჩემზე უფროსი“, — და წამოვიდა.
„უჰ, თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, — ფიქრობდა ვანო, — ავდგები და კარგად გამოვლანძღავ, ვეტყვი — შე ასეთო და ისეთოო… უჰ, რად არა ვარ ნიკოზე ოცი წლით უფროსი!“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რამ მოგიყვანა? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ მოდი! — თქვა ნიკომ.
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ხვალ მოვიდე?.. ნეტა შენზე ოცი წლით უფროსი ვიყო… შე ასეთო და ისეთო… უჰ!“ — და წამოვიდა.
„მეტი აღარ შემიძლია, — ფიქრობდა ვანო, — მეტი აღარ შემიძლია, ხვალაც მივალ, ხვალაც მივალ და თუ ხვალაც მითხრა, ხვალ მოდიო, ქვა მექნება ჯიბეში ხვალ და თუ მითხრა, ხვალ მოდიო, ვეტყვი, ამ ქვას თავში დაგარტყამ-მეთქი და თუ გაიქცა, გამოვეკიდები… მაგრამ ვეცდები, არ დავეწიო, ვეცდები, არ მოვარტყა…“
მეორე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
ვანომ არაფერი უპასუხა.
— რამ მოგიყვანა?
— ვალი!
— ხვალ…
ვანო წამოდგა და ვერ უთხრა ნიკოს:
„ხვალაო?!. გაიქეცი! ქვა მოვიდა თავში! გაიქეცი!.. ვეცდები, არ დაგეწიო… ვეცდები, არ მოგარტყა… გაიქეცი! ჩქარა!“
ნიკო არ გაიქცა. ვანო არ გამოეკიდა და არ დაეწია. არც ესროლა და არც ააცილა. ვერც გასძახა ნიკოს:
„ხვალ არ მოვალ, მოვალ ზეგ და თუ ჩემი ვალი არ დამიბრუნე, დაგეწევი. ტყუილად კი არ ვარ შენზე ოცი წლით უმცროსი?!“ — და წამოვიდა.
მეორე დღეს ვანო არ მივიდა ნიკოსთან და მთელი დღე დიდ ქვას არჩევდა მისთვის.
მესამე დღეს ვანო მივიდა ნიკოსთან.
— გამარჯობა! — მიესალმა ნიკო.
— გაგიმარჯოს! — უპასუხა ვანომ.
— რისთვის მოსულხარ? — ჰკითხა ნიკომ.
— შენ ჩემი ვალი გმართებს, — უპასუხა ვანომ.
— ხვალ…
— რაო?!
— ხვალ…
— რაო?!
— ხვალ ნუ მოხვალ… დღეს მოგცემ შენს ვალს.
— ნიკო, მაპატიე, რომ შეგაწუხე… შენ ხომ ჩემზე ოცი წლით უფროსი ხარ…
ნიკომ ვანოს ვალი დაუბრუნა.

ბრიყვი ვანო და ჭკვიანი ნიკო

ერთხელ ასე თქვეს: ვანო ბრიყვია, ხოლო ნიკო არ არის ბრიყვიო.
„რა ვქნა — ბრიყვი ვარ“, ფიქრობდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
„ჭკვიანი ვარ!“ — უხაროდა ნიკოს.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — მიუგებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, ბრიყვი რომ არ ხარ და ჭკვიანი ხარ.
წუხდა ვანო, ბრიყვი რომ იყო.
უხაროდა ნიკოს, რადგან ჭკვიანი იყო.
ვანო შინიდან გადიოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან არ გადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
შინიდან რომ გადიოდა, სულ დადიოდა ვანო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო შინიდან რომ არ გადიოდა, არ დადიოდა, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ამოდიოდა…
ვანო უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე. ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა, როგორ ამოდიოდა მზე და არაფერს ამბობდა, რადგან ჭკვიანი იყო.
…და დადგა დღე…
ვანო უცქერდა დღეს და უხაროდა, რომ დღე იყო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ უცქერდა დღეს, რადგან ჭკვიანი იყო.
მზე ჩადიოდა.
მზე ჩადიოდა და დასავლეთი მეწამულ სიზმარს ჰგავდა. ვანო უცქერდა მზის ჩასვლას და ამბობდა, რა კარგიაო და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო ჭკვიანი იყო.
უყვარდა ვანოს. უყვარდა და ტიროდა ვანო. ტიროდა და იცინოდა ვანო. იცინოდა და მაინც ბრიყვი იყო.
ნიკო არ იყო ბრიყვი, რადგან არ უყვარდა.
კარგი იყო სიცოცხლე და ვანო ამბობდა: რა კარგიაო — და ნიკო ჭკვიანი იყო.
— ეჰ, — ეუბნებოდა ნიკო ვანოს, — ერთხელ დაიბადე და ისიც ბრიყვი.
— აბა, — უპასუხებდა ვანო, — ერთხელ დავიბადე და ისიც ბრიყვი. შენ კი ყოჩაღ, რომ ჭკვიანი ხარ, რა კარგია!
დღეები გადიოდა და ვანო მაინც ბრიყვი იყო.
დღეები გადიოდა, რადგან ნიკო ჭკვიანი იყო.

ვანო და ნიკო და ნადირობა

ერთხელ ნიკოს ეგონა, რომ ვანო ფრინველია, ხოლო თვითონ — მონადირე…
ვანო წუხდა და ფიქრობდა: „რა ვქნა, არ ვარ ფრინველი, ვანო ვარო“, მაგრამ ნიკოს არ სჯეროდა, იყიდა ერთი ორლულიანი თოფი და ცას დაუწყო ცქერა. უდარაჯებდა, როდის აფრინდებოდა ვანო, რათა მოეკლა, მაგრამ ცა მაინც ცარიელი იყო.
ვანოს ეშინოდა, მართლა ფრინველად არ ქცეულიყო და არ აფრენილიყო. ჯიბით ქვებს ატარებდა, რომ არ აფრენილიყო; ბევრს ჭამდა, რომ არ აფრენილიყო; მერცხალს არ უცქერდა, რათა არ ესწავლა ფრენა; ცას არ უცქერდა, რათა არ მონდომებოდა ფრენა.
— ნიკო, — ეუბნებოდა ვანო ნიკოს, — გადააგდე ეგ თოფი და ნუ იცქირები ცაში. არ ვარ ფრინველი, ვანო ვარ…
— ფრინველი ხარ და მორჩა! აფრინდები და გესვრი. მე მონადირე ვარ!
— ნიკო, — ეუბნებოდა ვანო ნიკოს, — აბა, როგორი ფრინველი ვარ, როდესაც ვანო ვარ.
— ნუ მედავები, — გაბრაზდა ნიკო, — ნუ შემაწუხე, თორემ მიწაზე რომ ხარ, მაშინ გესვრი, ვითომ ეს-ესაა, დაფრინდი.
ვანო გაჩუმდა და წავიდა.
შინ რომ მივიდა, ვანომ კარგად ისადილა, ბევრი ჯიბე დაიკერა, შიგ ქვები ჩაიწყო და ჩაფიქრდა:
„ალბათ ნიკომ არ იცის, რა არის ფრინველი, თორემ მე არ გამაფრინველებდა. მივალ, ავუხსნი, მაშინ თავს დამანებებს და ამდენი ჭამა და ჯიბე არ დამჭირდება“.
ვანო მივიდა ნიკოსთან, რომ აეხსნა, რა არის ფრინველი.
— ნიკო, — დაიწყო ვანომ, — შენ არ იცი, რა არის ფრინველი.
— როგორ არ ვიცი, — გააწყვეტინა ნიკომ, — ფრინველს აქვს ფეხები. შენც გაქვს ფეხები!
— მეც მაქვს ფეხები… — შეწუხდა ვანო.
— ფრინველს აქვს ტანი. შენც გაქვს ტანი!
— მეც მაქვს ტანი…
— ფრინველს აქვს თვალები. შენც გაქვს თვალები!
— მეც მაქვს თვალები…
— ესე იგი, შენც ფრინველი ხარ! — ნიშნის მოგებით მიაძახა ნიკომ.
— კი მაგრამ, მე რომ ფრთები არ მაქვს?
ნიკო ჩაფიქრდა. ნიკო ჩაფიქრდა და მერე, გაბრაზებულმა, დაუყვირა ვანოს:
— გაჩუმდი! ფრთებიც ამოგივა და გაფრინდები კიდეც… და თუ ფრთები არ ამოგივიდა, იცოდე, მიწაზე მოგკლავ, როგორც ფრთებდაცვენილ ფრინველს…
შეწუხდა ვანო და შინისაკენ გაემართა. ჯიბეებიდან ქვებს იღებდა და გზაზე ცრემლებივით ფანტავდა, ხოლო ცრემლები ქვასავით მძიმე იყო.
„რა ვქნა, — ფიქრობდა ვანო და მიდიოდა, ტიროდა და ქვებს ფანტავდა, — რა ვქნა, თუ ფრინველი არ ვარ და ფრენა არ შემიძლია. რა ვქნა, თუ ნიკო მონადირეა და ჩემი მოკვლა უნდა. რა ვქნა, თუ სულერთია, ავფრინდები თუ არ ავფრინდები…“
მზე ჩადიოდა…
ვანომ ცას ახედა. ვანოს ქვები აღარ ეწყო ჯიბეებში და სიმსუბუქე იგრძნო. ვანომ მერცხალს შეხედა და ისწავლა ფრენა. ვანომ ცას შეხედა და მოუნდა ფრენა…
— თუ ფრინველი ვარ, ჯობს, ცაში მოვკვდე, — თქვა და აფრინდა.
ცა აივსო. ნიკომ დაუმიზნა და ესროლა. ესროლა და მოარტყა. მოარტყა და ჩამოაგდო.
— აკი არ ვარო ფრინველი?! — წამოიძახა ნიკომ.
ცა კვლავ დაცარიელდა.

ვანო და ნიკო და სიმაღლე და სიდაბლე

I
ერთხელ ნიკო უსაქმოდ იყო და უთხრა ვანოს:
— მე შენზე მაღალი ვარ.
ვანოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე მაღალი ვარ.
ნიკო ფეხის წვერებზე აიწია და უთხრა ვანოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე მაღალი?
— მე რა, არ მაქვს ფეხის წვერები? — უპასუხა ვანომ.
ნიკო სკამზე შეხტა და დაიძახა:
— ახლა?
ვანოც სკამზე შეხტა.
ნიკო გარეთ გავარდა, ხეზე ავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ვანო, ამომხედე!
ვანომ არ ახედა, სხვა ხეზე ავიდა და არაფერი არ თქვა.
ნიკო ხიდან მთაზე გადავიდა და ვანოს გადმოსძახა:
— ეჰე, ვანო, შემომხედე, რა მაღალი ვარ!
ვანოც ავიდა მთაზე და ნიკოს გადასძახა:
— ეჰე, ნიკო!
ხოლო შემდეგ ვანომა და ნიკომ, რაც ახლომახლო მთები იყო, გაიყვეს, ერთმანეთზე აახოხოლავეს, ზედ შედგნენ… და ისმოდა ყვირილი:
— აუ-უ, ვანო, შემომხედე! რა მა-ღა-ლი ვარ!!!
და ხევებიდან, კლდეებიდან, უფსკრულებიდან ბრუნდებოდა ათასი პასუხი.
— აუ, ვანო, შემომხედე, რა მა-ღა-ლი ვააარ!!!
დაიღალნენ. სიმაღლეებიდან ბილიკ-ბილიკ ჩამოვიდნენ. მთები თავ-თავიანთ ადგილებზე დაალაგეს, მოიტანეს თარაზო, მოასწორეს მიწა და დაეტოლნენ:
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით მაღალი იყო.

II

ერთხელ კი ვანო იყო უსაქმოდ და უთხრა ნიკოს:
— მე შენზე დაბალი ვარ.
ნიკოს ეწყინა და უპასუხა:
— მე კი შენზე დაბალი ვარ.
ვანო მუხლებზე დაეცა და უთხრა ნიკოს:
— ახლა ხომ ვარ შენზე დაბალი?
ნიკო იატაკზე გაწვა:
— ახლა?
ვანომ მიწა ამოჩიჩქნა და შიგ ჩაწვა:
— ეჰე, ნიკო, რა დაბალი ვარ?
ნიკომაც ამოჩიჩქნა მიწა.
ვანომ ორმო ამოთხარა.
ნიკომაც — ორმო.
ვანომ ჭა გათხარა.
ნიკომაც.
თხარეს და თხარეს და ისმოდა ხმა:
— ნიკო! ნიკო! ჩამომხედე, რა დაბალი ვარ…
მაგრამ ეს ხმა გუბდებოდა მიწის ღრმა სიბნელეში, გუბდებოდა და პეპელასავით სადღაც ახლოს ილეოდა და კვდებოდა.
დაიღალნენ. ამოვიდნენ. მიწა კვლავ მიწას დაუბრუნეს. დატკეპნეს. თარაზოც მოიტანეს. დაეტოლნენ.
თურმე ორივე ერთმანეთზე თითო-თითო სანტიმეტრით დაბალი იყო.

III

ერთხელ ორივეს საქმე ჰქონდა…

ვანო და ყოვლისშემძლე ნიკო
ერთხელ ნიკო ყოვლისშემძლე იყო, ვანო კი — ვანო იყო.
ყოვლისშემძლე იყო ნიკო და რაც უნდოდა, იმას აკეთებდა:
თუ უნდოდა, კურდღელს გამოეკიდებოდა და თუ უნდოდა, დაიჭერდა კიდეც;
თუ უნდოდა, მზეს ჩამოიღებდა და თუ უნდოდა სკივრში შეინახავდა კიდეც.
თუ უნდოდა, არაფერს არ აკეთებდა და თუ უნდოდა, ვერაფერს ვერ აკეთებდა კიდეც.
მოკლედ, რაც უნდოდა, იმას აკეთებდა… ხოლო მერე მაღალ მთაზე გადაჯდებოდა და ხარხარებდა:

ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
ღამეები გავათენე,
ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
შავი ფერი გავათეთრე,
ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
ლუწი იყო, გავაკენტე,
ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და
სხვისი იყო, გავაჩემე…

შემდეგ ისევ ხარხარებდა ნიკო:

ათი იყო, გავაასე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,
ასი გახდა, გავაერთე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,
გონჯი იყო, გავამზევე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე,
მზე იყო და დავამხე მე,
ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე.

ხარხარებდა ნიკო და მზე ღრუბელს იფარებდა და ხე გარბოდა. ფრინველი ვერ ფრენდა და ჭიანჭველა ვერ ჭაჭანებდა. აბა, მთვარე როგორღა ამოვიდოდა, — ეშინოდა.
სწორედ მაშინ, როდესაც ნიკო მაღალ მთაზე იჯდა და ხარხარებდა, ვანო დაბალ მთაზე იდგა და ფიქრობდა:
„რა შემიძლია მე?
კურდღელს კი გამოვეკიდები, მაგრამ რას დავიჭერ?
მზეს ვერ მივწვდები და, რომც მივწვდე, რას ჩამოვიღებ?
ფიქრი შემიძლია მხოლოდ და რიგიანად ისიც არ შემიძლია“.
იდგა ვანო დაბალ მთაზე და წუხდა:
„ვანო ვარ და მორჩა და მხოლოდ ის შემიძლია, რომ:

ღამეები დავაღამო,
შავი ფერი გავაშავო,
ლუწია და გავალუწო,
სხვისია და გავასხვისო“.

ისევ წუხდა ვანო:
„ერთია და, აბა, მე რა უნდა ვქნა?!
ვთქვათ, ათი გახდა, მაინც რა უნდა ვქნა?!
გონჯია და მხოლოდ ის შემიძლია, რომ გონჯი დარჩეს… ეჰ!“
მაღლიდან კი ისმოდა ნიკოს გაუთავებელი ხარხარი:
„ყოვლისშემძლე ნიკო ვარ და ნიკო ვარ და ყოვლისშემძლე…“
„ეჰ, — ფიქრობდა ვანო, — მე რომ ნიკოსავით ყოვლისშემძლე ვიყო… — და გაეღიმა ვანოს: ჰო, მე რომ ნიკოსავით ყოვლისშემძლე ვიყო, მაშინ“… და ვანო წამოჯდა დაბალ მთაზე და ღიმილით წაიღიღინა:

„ღამეებს გავათენებდი,
კენტს დავაწყვილებდი,
ათს გავაასებდი,
მკვახეს დავამწიფებდი,
გონჯს გავამზევებდი…
…და ყველაფერს კარგს ვიზამდი!“

მღეროდა ვანო და ბოლოს გადაწყვიტა, ასულიყო მაღალ მთაზე და ნიკოსათვის ესწავლებინა ეს სიმღერა.
მაგრამ სანამ მაღალ მთაზე ავიდოდა, სიმღერის სიტყვები დაავიწყდა.

ვანო და შვიდი ნიკო

ერთხელ ნიკო შვიდი იყო. ვანო კი ერთი იყო და თანაც პატარა. ერთმა ნიკომ ვანო გაზარდა და თქვა — ვანო ჩემიაო.
მეორე ნიკომ ტანთ ჩააცვა და თქვა — ვანო ჩემიაო.
მესამე ნიკომ არც გაზარდა და არც ჩააცვა და მაინც თქვა — ჩემიაო ვანო.
მეოთხე ნიკომ ქუდი დაახურა. ქუდი ცოტა დიდი მოუვიდა ვანოს, რადგან პატარა იყო ვანო, მაგრამ მეოთხე ნიკო ვანოს მაინც იჩემებდა.
მეხუთე ნიკო ყველა ნიკოზე ღონიერი იყო და თქვა — ვანო ჩემიაო.
მეექვსე ნიკო, მართალია, არაფერს ამბობდა, მაგრამ ამით ის უნდოდა ეთქვა, რომ ვანო მისი იყო.
მეშვიდე ნიკო ვანოს მასწავლებელი იყო და ბევრი რამე ასწავლა ვანოს, მაგრამ ბოლოს ისიც უნდოდა ესწავლებინა, რომ ვანო სწორედ მისი იყო.
ვანო პატარა იყო და თანაც ერთი და აბა, საიდან უნდა სცოდნოდა, ვისი იყო. ხან ერთ ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მეორე ნიკოს ეუბნებოდა, შენი ვარ, ხან მესამე ნიკოს ეუბნებოდა, შენი, და ხან ყველას ერთად ეუბნებოდა, თქვენი ვარო.
ერთხელ ვანო წავიდა და დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და ჩაფიქრდა:
„ვისი ვარ?
მგონი, მე პირველი ნიკოსი არ ვარ. მგონი, არც მეორე ნიკოსი ვარ. მესამე ნიკოსი არ ვარ და არა ვარ. მეოთხე ნიკოსი? — არა! მეხუთესი? — არა! მეშვიდე ნიკოსი არ ვარ და აბა, მეექვსე ნიკოსი როგორღა ვიქნები“.
მერე წამოდგა, ტყე გაიარა და ველზე გავიდა. ყვავილები დაკრიფა და ცას ახედა. მერე ისევ ტყეში შევიდა. ისევ დიდი მუხის ქვეშ წამოჯდა და უცებ თქვა: „მგონი, ჩემი ვარ“.
ვანო წამოდგა და გაიქცა და თავისი იყო.
ვანო წამოდგა და გამოიქცა და თავისი იყო.
ვანო წამოდგა და გადაიხარხარა და თავისი იყო.
ვანო დაეცა და ატირდა და თვითონ იყო, თავისი.
ტკიოდა და თავისი იყო ვანო.
მღეროდა და თავისი იყო ვანო.
ბედნიერი იყო და თავისი იყო ვანო.
კვდებოდა ვანო და თვითონ იყო თავისი.
კვდებოდა ვანო, პატარა ვანო, ერთი ვანო და უხაროდა, რომ არავისი არ იყო და თვითონ იყო თავისი…
მუხა კი დიდი ყვავილი იყო.

შენი იყოს!

ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უყვარდათ ეს ქვეყანა. ადიოდნენ მთებზე, მაღალ მწვერვალებზე. მწვერვალებიდან ჩამოდიოდნენ ველად, კრეფდნენ ყვავილებს და უხაროდათ ჭრელ-ჭრელი ყვავილები. გადიოდნენ გაუვალ ტყეებს. უცქერდნენ მზეს და უხაროდათ მაღალი მზე. კრეფდნენ ხეთა ნაყოფს. თესავდნენ პურს. მკიდნენ პურს. შეჰქონდათ წისქვილში და იქ მთელი ღამე ზღაპრების ნაცვლად მართალს ყვებოდნენ…
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და უხაროდათ ეს ქვეყანა.

ერთხელ მზე ჩავიდა.

— ნიკო, — უთხრა ვანომ ნიკოს, — მე მეძინება და დავიძინებ. როცა მზე ამოვა, გამომაღვიძე.
— ვანო, — უპასუხა ნიკომ ვანოს, — მეც მეძინება და მეც უნდა დავიძინო. როცა მზე ამოვა, მე ვინღა გამაღვიძებს?
— ნიკო, — თქვა ვანომ, — მაშინ ორივემ დავიძინოთ და ვინც პირველი გაიღვიძებს, იმან მეორე გააღვიძოს.
— ვანო, — თქვა ნიკომ, — ასე იყოს.
ორივეს ეძინა. ღამემ, უზარმაზარმა შავმა სინათლემ, მშვიდად გადაუფრინა ნიკოსა და ვანოს და შორს, ქვეყნის ბოლოს ჩაქრა.
მზე ამოვიდა…
ნიკომ გაიღვიძა.
— ვანო, გაიღვიძე, — დაიწყო ნიკომ ვანოს გაღვიძება, — მე უკვე გავიღვიძე.
თუმც ძალიან სურდა, ვანო მაინც ვერ იღვიძებდა.
მაშინ ნიკომ ვანოს ჩასძახა:
— ვანო, აჰა, მიჩუქნია გამოღვიძება, შენი იყოს!
ვანომ გამოიღვიძა და გამოღვიძება მისი იყო.
— ო, რა ლამაზი სიზმარი ვნახე, — დაიწყო ვანომ, — აზურმუხტებულ მთებს შორის წმინდა მდინარე მიედინებოდა. მზე ამ მდინარეში ჩავიდა. წყალმა მზეს გადაუარა. მზე დაცხრა და გამჭვირვალე გახდა. მასში ჩავიხედე და ცა დავინახე. ცაში ოქროსფერი თევზები დაცურავდნენ. შემდეგ კარგად დავაკვირდი და ჩემი თავი დავინახე მათ შორის. თეთრ ცხენზე ვიჯექი და სიმღერას ვმღეროდი. კვლავ დავაკვირდი და შორს, სივრცეში, ვარდისფერ ღრუბელზე სამი ქალი შევნიშნე. ახლოს როცა მიველ, იმ ღრუბელზე მხოლოდ ერთი ქალი იყო და იმასაც ეძინა…
— ო, რა ლამაზი სიზმარი გინახავს, ვანო, — თქვა ნიკომ.
— გინდა, შენი იყოს? — წამოიძახა ვანომ.
— მინდა! — გაუხარდა ნიკოს.
— აჰა! — და ვანომ თავისი სიზმარი ნიკოს მისცა და ის მშვენიერი სიზმარი იმ ოქროს თევზებით, იმ ლურჯი ცით, იმ ვარდისფერი ღრუბლითა და იმ ლამაზი, მიძინებული ქალით ნიკოსი გახდა.
ამის შემდეგ სულ ასე ხდებოდა:
…გაზაფხული მოვიდოდა. ბუჩქის ძირას ია ლურჯ თვალებს გაახელდა. ნიკო მის წინაშე წაიჩოქებდა, შემდეგ ვანოსთან მივიდოდა და ეტყოდა:
— ვანო, შეხედე, რა ნაზი ია მაქვს.
ვანოს თუმც ძალიან სურდა, არ ჰქონდა ის ია.
— გინდა, შენი იყოს?
— მინდა! — უპასუხებდა ვანო.
მაშინ ნიკო ვანოს ეტყოდა:
— შენი იყოს!
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და ვანო ლამაზ კენჭებს დაინახავდა, ხელში აიღებდა, ააგდებდა და დაიჭერდა, შემდეგ კი ნიკოს ეტყოდა:
— გინდა, შენი იყოს?
— მინდა! — უპასუხებდა ნიკო.
და ფერადი კენჭი უკვე მას ეკუთვნოდა.
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და ნიკო შველს დაინახავდა. დაინახავდა და დაედევნებოდა. დაედევნებოდა და დაიჭერდა. ხოლო შემდეგ მივიდოდა ვანოსთან და ეტყოდა:
— ვანო, გინდა, ეს შველი შენი იყოს?
— მინდა! — უპასუხებდა ვანო.
შემდეგ იყო წარმტაცი ველი. შემდეგ — შრიალა ტყე. მზე როცა ჩადიოდა, ვანომ უთხრა ნიკოს:
— ნიკო, შეხედე, რა მშვენიერია მზის ჩასვლა!
და მზის ჩასვლა ნიკოსი გახდა.
მზე როცა ამოდიოდა, მზის ამოსვლა უკვე ვანოს ეკუთვნოდა…
ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ და სძულდათ ეს ქვეყანა, სძულდათ მთა-ველი, სძულდათ შრიალა ტყე, სძულდათ სიზმრები და შველი, სძულდათ მზე და ჭრელ-ჭრელი ყვავილები…
თესავდნენ პურს, მკიდნენ პურს და როცა წისქვილში შეიყრებოდნენ, პურით სავსე ტომრებს ერთმანეთს აჩეჩებდნენ და ბოლოს, დაღლილ-დაქანცულნი, მთელი ნათელი დღე სიმართლის ნაცვლად ზღაპრებს ყვებოდნენ. ვანო და ნიკო ქვეყნად დადიოდნენ…

ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!

ერთხელ ვანო ოცნებობდა.
ოცნებობდა ნიკოც.
ორივე ტრიალ მინდორზე იჯდა, ერთმანეთისგან ზურგშექცევით და ორივე სივრცეს გაჰყურებდა.
„რა იქნებოდა, — ოცნებობდა ვანო, — რა იქნებოდა, რომ ადამიანი იბადებოდეს…“
„და მზე აღმოსავლეთიდან ამოდიოდეს, ხოლო დასავლეთით ჩადიოდეს, — ოცნებობდა ნიკო, — ჩადიოდეს და იყოს ერთი და ნათელი“.
— ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!
ვანო ოცნებობდა.
ოცნებობდა ნიკოც.
„რა იქნებოდა, რომ ადამიანი იზრდებოდეს, — ოცნებობდა ვანო, — იზრდებოდეს და ფეხს იდგამდეს…“
„…და მთვარეც იყოს ცაზე, იყოს ვარსკვლავები, — ოცნებობდა ნიკო, — ვარსკვლავები კი ციმციმებდნენ“.
ვანო ოცნებობდა:
„რა იქნებოდა, რომ ადამიანი დარბოდეს, ხტოდეს, დასდევდეს პეპლებს და ხან იჭერდეს და ხან ვერ იჭერდეს…“
ნიკოც ოცნებობდა:
„და ხან გაზაფხული დგებოდეს, ბუნება ხარობდეს, ყვაოდეს; ხან ზაფხული იყოს, ცხელოდეს; ხან შემოდგომა იყოს, ხეს ფოთოლი სცვიოდეს; ხან ზამთარი იყოს, ცივი და სუსხიანი, თოვდეს თეთრი თოვლით… რა იქნებოდა!“
ორივე ტრიალ მინდორზე იჯდა, ორივე სივრცეს გაჰყურებდა, ორივე ოცნებობდა.
„რა იქნებოდა, ადამიანი ხან ავად ხდებოდეს და ხან კარგად. ხან ეძინებოდეს და იძინებდეს. ხან სიზმარს ხედავდეს. დრო მოვა და შეუყვარდებოდეს ვინმე… დრო მოვა და მასაც შეიყვარებდნენ…“
„და ეს ველიც იყოს. იყოს ვანოც, იყოს ნიკოც, ორივე სივრცეს გაჰყურებდეს. ორივე ოცნებობდეს… რა იქნებოდა!“
— ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!
ვანო ოცნებობდა.
ოცნებობდა ნიკოც.
„რა იქნებოდა, ადამიანს ჰქონდეს ცრემლები. როცა ეტირებოდეს — ტიროდეს, ეცინებოდეს და იცინოდეს… ქარავანი კი მიდიოდეს…“
„…და იყოს მიწა…“
— ბევრს ნუ ისურვებ, ნიკო!
ვანო ოცნებობდა:
„რა იქნებოდა, რომ ადამიანი კვდებოდეს“.
— ო, ვანო, ბევრს ნუ ისურვებ!

ვანო ნიკოს სიზმარში

„და გამოვედით, რომ გვეხილა
კვლავ ვარსკვლავები“.
დანტე, „ჯოჯოხეთი“

ერთხელ ვანო ნიკოს სიზმარში იყო.
დაიძინებდა ნიკო და იყო მის სიზმარში სამყარო, სადაც ცა ქვისა იყო, მზე — ხისა, ხე — ნისლისა, ნისლი — მიწისა, მიწა — ქარისა, ქარი — ტყვიისა, ტყვია კი, აღარ მახსოვს, რისა…
დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო…
მოდიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ფიქრი მისი ჭიანჭველებისაგან იყო, ოცნება მისი ფრინველებისაგან იყო, სიმღერა მისი კენჭებისაგან იყო…
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში: წყალს გაივლიდა და ცეცხლი მოედებოდა; მზეზე გავიდოდა და ყინულად იქცეოდა; აქეთ წავიდოდა და იქით აღმოჩნდებოდა; იქით წავიდოდა და იქვე რჩებოდა; მარჯვნივ გაუხვევდა და ნეტავ მარცხნივ გაეხვია.
ხან ღამეში იყო ვანო და ხან ღამე იყო მასში.
აქ თავის წუხანდელ მწუხარებას ნახავდა, იქით ხვალინდელი დარდი ეგდო, მოშორებით თავისი მარტოობა ეგულებოდა.
ვანო ხან ტოტი იყო ხის — ირხეოდა და იტანჯებოდა; ხან კი ფოთოლი იყო — ყვითლდებოდა და დაბლა ვარდებოდა. დაბლა კი ცა იყო.
დაიძინებდა ნიკო და ია კოღოს მისდევდა, კოღო — კალიას, კალია — კალმახს, კალმახი — მერცხალს, მერცხალი — ზვიგენს, ზვიგენი — ირემს, ირემი — მგელს, მგელი — არწივს, არწივი — ლომს, ლომი იას მისდევდა, ია კი არსად გარბოდა, იყო თავისთვის…
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ყვითელი რუხი იყო, რუხი ნარინჯისფერი იყო, ნარინჯისფერი მწვანე იყო, მწვანე წითელი იყო, წითელი შავი იყო, შავი ცისფერი იყო, ცისფერი კი სულ არ იყო…
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და ჩრდილი მისი, სადაც დაეცემოდა, გაიბერებოდა, გასხეულდებოდა, ქვეწარმავლად გადაიქცეოდა, გახოხდებოდა, გაიკლაკნებოდა და მიწაში ჩაძვრებოდა.
დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო: ხან ბედნიერი და ხან უბედური; ხან მხიარული და ხან მწუხარე; ხან კეთილი და ხან ბოროტი.
ხან ერთი იყო ვანო, ხან ორი იყო ვანო, ხან სამი იყო ვანო და ხან ნახევარიც არ იყო ვანო.
ბევრი ხილი იყო ნიკოს სიზმარში, მაგრამ ყველა ხილი ერთი გემოსი იყო.
დაიძინებდა ნიკო და იყო მის სიზმარში ქვა მწუხარებით სავსე, ქვა ფიქრით სავსე, ქვა სიყვარულით სავსე, ქვა ბედნიერებით სავსე, ქვა შიშით სავსე, ქვა ეჭვით სავსე, ქვა მარტოობით სავსე და ქვა ქვისაგან ცარიელი.
ვანო ნიკოს სიზმარში ხან იბადებოდა, იზრდებოდა, ვაჟკაცდებოდა, ხან კი პატარავდებოდა, ილეოდა და ქრებოდა.
ხან მკვლელი იყო ვანო და ხან თვით ეგდო სადღაც მკვდარი.
დაიძინებდა ნიკო და წამები მუხას მუმლად ეხვეოდნენ; დღეები თავიანთ ღამეებს დაეძებდნენ, წლები შორეულ გზებს დასდგომოდნენ; საუკუნეები კი უსასრულო ველზე წამოწოლილიყვნენ, ყალიონს აბოლებდნენ და საუბრობდნენ.
დადიოდა ვანო ნიკოს სიზმარში და როცა იღვიძებდა — ეძინებოდა, როცა ეძინებოდა — იღვიძებდა.
ხან წვიმაში იყო ვანო და ხან წვიმა იყო მასში.
ხანდახან ნიკოს სიზმარში ვანო თავის სიზმარს ხედავდა. ვანოს სიზმარში მოდიოდა ქალი — დედამისი, კაცი — მამამისი, მისი დები, მისი ძმები, მისი მურა ძაღლი, მისი ხის სახლი, მისი პატარა ეზო, მისი პატარა ბაღი…
დილით კი იყივლებდა მამალი და გაიღვიძებდა ნიკო, გაიღვიძებდა ნიკო და ისიც აღარ იყო, რაც მის სიზმარში იყო.
შემდეგ კვლავ დადგებოდა ღამე, დაიძინებდა ნიკო და მოდიოდა მის სიზმარში ვანო…
ერთხელ ვანო ნიკოს სიზმრის კიდეს მიადგა და ცხადში გადაიხედა. გადაიხედა და დაინახა: ველი ყვავილებით სავსე, ტყე ხეებით სავსე, დღე სინათლით სავსე. ველზე იყო ლამაზი ქალი. ქალი კრეფდა ყვავილებს და მღეროდა.
იყივლა მამალმა და გაქრა ნიკოს სიზმარი და ვანოს ცხადიც გაქრა.
მოვიდა ღამე და კვლავ დაიძინა ნიკომ. კვლავ მოვიდა მის სიზმარში ვანო.
ვანომ წყალში გაიარა და ცეცხლი მოედო; მზეზე გავიდა და ყინულად იქცა, მარჯვნივ გაუხვია და ნეტავ მარცხნივ გაეხვია, აქეთ წავიდა და იქით აღმოჩნდა, იქით წავიდა და იქვე დარჩა. ბოლოს მაინც მიაღწია ნიკოს სიზმრის ზღურბლს და ცხადში გადაიხედა: ცა ცისაგან იყო, მიწა — მიწისაგან, საღამო — საღამოსაგან. ველიც დაინახა ყვავილებით სავსე. ველზე იყო ლამაზი ქალი, რომელიც კრეფდა ყვავილებს და მღეროდა…
კვლავ და კვლავ იძინებდა ნიკო. კვლავ და კვლავ მოდიოდა მის სიზმარში ვანო. კვლავ და კვლავ გაივლიდა წყალს და ცეცხლი მოედებოდა… ბოლოს მაინც მიაღწევდა ვანო ნიკოს სიზმრის ზღურბლს, რათა ენახა: ქვა ქვით სავსე, ია და ზამბახი, წვიმა წვიმისაგან ნაკეთები, ლამაზი ქალი, რომელიც ველად ყვავილებს კრეფდა და სიმღერას მღეროდა…
ერთხელ ვანომ ნიკოს სთხოვა, გაეშვა იგი თავისი სიმზრიდან.
ნიკომ ვანო გაუშვა თავისი სიზმრიდან…
მზიან შუადღეს გამტვერილ გზაზე უნახავთ თურმე დახეულ-დაფლეთილი, მშიერ-მწყურვალი მგზავრი, რომელიც ყავარჯენს ეყრდნობოდა და მიდიოდა.
ეს მგზავრი ვანო იყო.
ვანო შეჩერდა, სახიდან ნამდვილი ოფლი მოიწმინდა, გაიღიმა და განაგრძო გზა…
ლურჯთვალა ია
ერთხელ ყველაზე ძვირფასი ლურჯთვალა ია იყო…
ნიკო მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო დაიბადა.
ნიკო ცას შესთხოვდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო გაიზარდა.
ნიკო კი მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო დავაჟკაცდა.
ნიკო კი ცას შესთხოვდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანომ ქალი მოიყვანა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო და ლურჯთვალაო!
ვანომ უღელში ხარები შეაბა.
ნიკო კი — ლურჯთვალა და ლურჯთვალაო!
ვანომ მთელი დღე იმუშავა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო!
ვანომ მეორე დღეც იმუშავა.
ნიკო — ლურჯთვალაო!
ვანომ მესამე დღეც იმუშავა.
ნიკო კი…
ვანომ პირველ შვილს ვანო დაარქვა.
ნიკო…
ვანომ მეორე შვილსაც ვანო დაარქვა.
ნიკო კი…
ვანომ ჭირნახული ქალაქს გაჰყიდა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო!
ვანომ მესამე შვილსაც ვანო დაარქვა.
ნიკო კი — ლურჯთვალაო და ლურჯთვალაო!
ვანომ მეოთხე შვილს ნიკო დაარქვა.
ნიკო კი გაიძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
დადგა ვანოს უკანასკნელი გაზაფხული. გადნა თოვლი. გამოჩნდა მიწა. ოდნავ გათბა ჰაერი. ოდნავ გაღვივდა მზე. ტოტებს კვირტები ოდნავ დაეტყო.
ვანო შინიდან გამოვიდა.
ნიკო მიწას ჩასძახოდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
ვანო გამოვიდა შინიდან.
ნიკო ცას შესთხოვდა: ლურჯთვალა ია! ლურჯთვალა ია!
შინიდან გამოვიდა მოხუცი ვანო, მზეს ახედა, ჩიბუხი გააბოლა და ეზო მოიარა…
ღობის პირას ამოსულიყო ლურჯთვალა ია.

ვანო და ნიკო და ნიკო და ვანო

ადრე ნიკო ვანო იყო, ხოლო ვანო — ნიკო. მერე ნიკო ვანო გახდა, ხოლო ვანო — ნიკო. ბოლოს ორივე გავანოვდა.
ეს ასე მოხდა:
ნიკო ცუდი ადამიანი იყო და სულ ავს უკეთებდა სხვას, ხოლო ვანო კარგი ადამიანი იყო და სულ კარგს უკეთებდა სხვას. მაგრამ, რადგან ადამიანს ერთი და იგივე ბეზრდება ხოლმე, ნიკოს მობეზრდა ნიკოობა, ხოლო ვანოს — ვანოობა.
ნიკომ უთხრა ვანოს:
— მოდი, გავვანოვდები!
ვანოს გაუხარდა და უპასუხა:
— მე კი გავნიკოვდები, კარგი?
— კი ბატონო.
და იმ დღის შემდეგ ნიკო გავანოვდა, ხოლო ვანო განიკოვდა.
მზესავით დღე იყო, როდესაც განიკოებული ვანო ქუჩაში გამოვიდა. ხან აქეთ ეცა და ხან იქით. კაცს დაინახავდა და დასცინოდა. ქალს დაინახავდა და შეურაცხყოფდა. ბავშვს დაინახავდა და თავში წამოარტყამდა. ძაღლს დაინახავდა და ჯოხს მოუქნევდა. ბეღურას დაინახავდა და ქვას ესროდა. ქოთნებს ხომ სულ ამსხვრევდა. ხეს ცულს ურტყამდა. აბა, რა უნდა დავარტყაო, ამბობდა.
მოკლედ, ვანო სულ განიკოვდა.
მზესავით დღე იყო და გავანოებული ნიკოც გამოვიდა ქუჩაში. ნაცნობებს კარგ სალამს აძლევდა. ზოგჯერ უცნობებსაც ესალმებოდა. ბავშვებს ეფერებოდა. ბეღურებს საკენკს უყრიდა. აბა, რა უნდა დავუყაროო, ამბობდა. ხანდახან ხეებსაც რგავდა.
მოკლედ, სულ შეიცვალა ნიკო, სულ გავანოვდა.
გავიდა ხანი.
ღრუბელივით დღე დადგა და გავანოებული ნიკო იჯდა და უხაროდა, რომ გავანოვდა. არ ახსოვდა, რომ ოდესღაც ნიკო იყო. ყველას უყვარდა და ყველა უყვარდა, აბა, მეტი რა უნდოდა!
ღრუბელივით დღე დადგა და განიკოებული ვანოც იჯდა და აგონდებოდა, რომ ოდესღაც ვანო იყო. აგონდებოდა, როგორ იცინოდა კაცი, როგორ იღიმებოდა ქალი, როგორ იზრდებოდა ბავშვი, როგორ ფრენდა ბეღურა, როგორი იყო ძაღლის ალერსი, რა ლამაზი იყო ქოთნები, როგორ ხარობდა ხე.
მერე გაახსენდა, რომ განიკოვდა და დაინახა, თუ როგორ წუხდა კაცი, როგორ სწყინდა ქალს, როგორ კვდებოდა ბეღურა, როგორ იმსხვრეოდა ქოთნები, როგორ კვნესოდა ხე.
თქვა:
— ეჰ, — და მივიდა გავანოებულ ნიკოსთან და უთხრა, — გავანოებულო, აღარ მინდა ნიკოობა, დამიბრუნე ვანოობა.
— არა, — უპასუხა გავანოებულმა ნიკომ.
— დამიბრუნე, გთხოვ, ჩემი ვანოობა.
— არა.
— დამიბრუნე, თორემ მე ახლა განიკოებული ვარ და გცემ, გესმის?
მაშინ გავანოებულმა ნიკომ უთხრა:
— ნუ წამართმევ ვანოობას, გთხოვ… ისეთი კარგია ვანოობა, ისე მინდა ვანოობა, რომ… ნუ წამართმევ!
განიკოებული ვანო მოიღუშა და უპასუხა:
— მეც აღარ მინდა ნიკოობა…
გავანოებული ნიკო ჩაფიქრდა, ხოლო მერე თქვა:
— განიკოებულო! რა ვქნათ, იცი? მოდი, შენც გავანოვდი და მაშინ ორივენი გავანოებული ვიქნებით. განა არ შეიძლება, ორი ვანო იყოს?
განიკოებული ვანო ბევრს ეცადა და ბოლოს, როგორც იქნა, გავანოვდა ისევ, მიუხედავად იმისა, რომ წვიმასავით დღე იყო.
ასე განიკოვდა ვანო და გავანოვდა ნიკო, ხოლო ბოლოს ორივენი გავანოვდნენ.